გვენეტაძე ბედნიერია, ტურავა კი, სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს

გვენეტაძე ბედნიერია, ტურავა კი, სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს

ხანგძლივი კონსულტაციების, კამათისა და მსჯელობის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის პოსტი მერაბ ტურავამ დაიკავა.

საკანონმდებლო ორგანო ნინო გვენეტაძის შემთხვევაში ერთი თვე მსჯელობდა, ხოლო ტურავასთან დაკავშირებით, მხარეებს გადაწყვეტილების მიღებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდათ. დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. გვენეტაძემ 88 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, ტურავამ კი 84 კანონმდებელის ნდობა დაიმსახურა. პარლამენტის წევრებმა გვენეტაძე ღია კენჭისყრით აირჩიეს, ხოლო ტურავა ფარული ფორმით.

სანამ, ნინო გვენეტაძემ პლენარულ სხდომაზე მოსამართლის მანტია მოისხა და ფიცი დადო, მანამდე, მან for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის ისტორიულია, რადგან სამართლიანობისთვის მისი და მისი მეგობრების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. გვენეტაძის თქმით, ის დღეს ძალიან ბედნიერია.

„ჩემი მთავარი ამოცანაა, სასამართლო რეფორმის გაგრძელება და ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, რაც როგორც ჩემს, ასევე სასამართლო კორპუსის დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რათა ადამიანებს სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა დაუბრუნდეთ. სამართლიანობის კუთხით, ძალიან ბედნიერი ვარ და მაღალ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მე და ჩემმა კოლეგებმა სამართლიანობისთვის ვიბრძოლეთ და ეს დღეს ჩემთვის ნამდვილად ისტორიულია“, - განაცხადა გვეტენაძემ, რომლის მსგავსად, სამართლიანობის აღდგენაზე აპელირებდა მერაბ ტურავა.

როგორც for.ge-ს ტურავამ განუცხადა, ათწლიანი შუალედის შემდეგ, მან და გვენეტაძემ სამართლიანობის აღდგენას მიაღწიეს. ტურავას მოსაზრებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სიმართლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

„ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის უფლებებიც დაირღვა, თავისი უფლებების აღდგენისთვის უნდა იბრძოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა ვერ იზეიმებს. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენა ერთ-ორ დღეში ვერ ხერხდება, მაგრამ როგორც ჩვენს შემთხევაში მოხდა, ამ ბრძოლას აზრი აქვს“, - განაცხადა ტურავამ.

ტურავას განცხადებით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის რანგში იმ იდეის განხორციელებას შეეცდება, რომ საქართველოში ისეთი სისტემა შემოიღონ, რომელიც საერთო სასამართლოების თვალსაზრისით, არაერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

„განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოქალაქეები უნდა მიმართავდნენ არა პირდაპირ სტრასბურგს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც სასამართლოთა განაჩენების კონტროლის ფუნქციას უნდა ახდენდეს. ამით სტრასბურგში შესულ საჩივართა რაოდენობა შემცირდება და ეს მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა მისცემს, რომ საქართველოში დროის მოკლე ვადებში სამართალი იპოვონ“, - განაცხადა ტურავამ, რომელსაც გვენეტაძესთან ერთად, უმცირესობა მკაცრად აკრიტიკებს და ნაციონალების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა დეპუტატების ხმები მხოლოდ იმიტომ მოიპოვეს, რომ უმრავლესობის წევრებს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ტურავასა და გვენეტაძის მიმართ დეპუტატთა დიდი ნაწილი წინააღმდეგი გამოდიოდა, რადგან ისინი შემჩნეულნი იყვნენ არაპატიოსანი გადაწყვეტილებების მიღებაში. მაჭავარიანის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მათ ივანიშვილმა დაურეკა.

„ხელისუფლების მხრიდან მოდაშია საუბარი იმაზე, რა მემკვიდრეობა მივიღეთო. როგორც ჩანს, მოდაშია შევარდნაძის მემკვიდრეობის სასამართლოში დაბრუნება, რომელიც კორუმპირებული იყო. ეს ადამიანები დამოუკიდებლები არ იქნებიან, თუმცა, მათი გაყვანისთვის ბევრი იბრძოლეს. გუშინ, ზოგიერთმა კოლეგამ სევდიანი სახით გვითხრა, რომ „იმან“ დაურეკა. ზევით ავიხედეთ, გვეგონა, რომ ეს გზავნილი ზეციდან იყო, მაგრამ ეს სოლოლაკისკენ მიმართული თითი იყო. თუკი „იმან“ დარეკა, მაშინ ეს პიროვნებები დამოუკიდებლები როგორ იქნებიან?“, - განაცხადა მაჭავარიანმა, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი სერგო რატიანი.

როგორც for.ge-ს რატიანმა განუცხადა, ნინო გვენეტაძე დამოუკიდებელი არ იქნება, რადგან ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება. დეპუტატის შეფასებით, ნინო გვენეტაძის რეპუტაცია ცალსახა შეფასების საგანია, რადგან ის იყო არა უბრალოდ შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლოს ჩინოვნიკი, არამედ იმ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და დამცველი.

„ეს ადამიანი რევანშისტურ განცხადებებს აკეთებდა. გარდა ამისა, ის პოლიტპატიმრების სიაზე მომუშავე კომისიის წევრი იყო და მისი მიკერძოვებულობა ჩანს. მან მაშინ, მმართველი ძალის დავალება შეასრულა. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მარტში სამართლიანობის აღდგენა დაიწყებაო. როგორც ჩანს, ის სასამართლოზე სრულ კონტროლის განხორციელებას გულისხმობდა“, - განაცხადა რატიანმა, რომლისგან განსხვავებითაც, ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“, განსხვავებით ტურავასგან.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიიცონერი დეპუტატი ნინო გოგუაძე გვენეტაძეს წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პრეზიდენტისა და მათ იმედს გაამართლებს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გვენეტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობის დამცველი იქნება.

„მინდა, რომ მან სასამართლო სისტემა ხელისუფლების ყველა შტოსგან დაიცვას. გვენეტაძეს ვუსურვებ, რომ ის ისეთი მებრძოლი იყოს, როგორიც მთელი თავის ცხოვრების მანძილზე იყო“, - განაცხადა გოგუაძემ, რომლის განსხვავებით, რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს როგორც გვენეტაძეს, ასევე ტურავას.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, ნინო გვენეტაძე დამოუკიდებელი იქნება, რომელიც სასამართლო სისტემას განავითარებს.

„ოპონენტები რას ამბობენ, გვენეტაძე ვისზე იქნება დამოკიდებული? ნინო გვენეტაძე დამოუკიდებელი იყო ყველა ხელისუფლების დროს როგორც მოსამართლე და როგორც პიროვნება. ის არც ერთ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა. იმედია, ოპონენტები იმას არ ამბობენ, რომ გვენეტაძე იმ პარტიის მიერ იქნება კონტროლირებადი, რომლის წევრიც იყო ოთხი წელი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომელიც არასერიოზულს უწოდებს პოლიტიკურ კულუარებში არსებულ ინფორმაციას, თითქოს, რესპუბლიკელებმა „ქართულ ოცნებას“ ტურავას მხარდაჭერის სანაცვლოდ, გვენეტაძისთვის ნდობის გამოცხადება მოსთხოვეს.

რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილის პოზიციას, დეპუტატმა კენჭისყრისას თავი შეიკავა და ნინო გვენეტაძეს ნდობა არ გამოუცხადა.

for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მას გვენეტაძის მიმართ კონკრეტული კითხვები ჰქონდა, რომელიც არსად არ გამქრალა.

„მე ჩემი პრინციპების და ქვეყნის პრესტიჟის გაურისკავობის ერთგული ვრჩები“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

კანონმდებელი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ გვენეტაძესთან მიმართებაში დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.

„ამ ფაქტს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ეს შეგიძლიათ, სხვებს ჰკითხოთ, მაგრამ მე თქვენს მასალას გამოვეხმაურები, სადაც ლევან ბერძენიშვილმა არაკორექტული და შანტაჟის შემცველი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ თუკი მიუღებელია, ყოფილი რესპუბლიკელის კანდიდატურა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, მაშინ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე რესპუბლიკელიაო“, - დასძენს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაზე კონსტანტინე კუბლაშვილს ჩაანაცვლებს და მას საქმიანობისთვის წინ 10 წელი აქვს.