„თუ ზუმბაძის თანამშრომლობა არაფორმალურ ხასიათს ატარებს, საერთოდ დაუშვებელია“

„თუ ზუმბაძის თანამშრომლობა არაფორმალურ ხასიათს ატარებს, საერთოდ დაუშვებელია“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 5 მაღალჩინოსანის საქმეზე, აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურისგან დასკვნა მიიღეს. არაოფიციალური ინფორმაციით, წერილი მთავრობის ადმინისტრაციამ ნამდვილად მიიღო. მეტიც, წერილის ასლი, სადაც დაკავებულების უდანაშაულობაზეა საუბარი ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადასცეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ კონკრეტულ წერილზე ყოფილი პრემიერის პასუხი ასეთი იყო - „მე არ ვარ პროკურორი“.

გარდა ამისა, დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, აშშ-ს  საელჩოს იურიდიულ მრჩეველს შეხვდა, რომელიც დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს.

რა ახალი მტკიცებულება მიიღო 18 მარტს და ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა აშშ-ს  სალჩოში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

ბატონო სოსო, გავრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარელი ზუმბაძე თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. არსებობს ინფორმაცია, რომ ბატონი ზუმბაძე დაკავებულია დოკუმანეტაციის გაყალბებით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე 6 თვეა დაკავებულნი არიან. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ბატონ ზუმბაძესთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მოგეხსენებათ, რომ საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა. ამ საქმეში თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულად არის ცნობილი. რა კუთხით თანამშრომლობს ბატონი ზუბმაძე პროკურატურასთან, ეს საქმეში არ ჩანს. თუ ზუმბაძის თანამშრომლობა არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ან თანამშრომლობს აუდიტის სამსახურთან, რომელიც გარკვეულ შემოწმებას ატარებს თავდაცვის სამინისტროში, ესეც დაუშვებლად მიმაჩნია. საერთოდ გაუხმაურებლობა იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში დანიშნულია რაღაცა თანამდებობაზე, ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს. ეს საკითხი გარკვევას საჭიროებს.

რა მოლოდინი გაქვთ 1 აპრილს ჩანიშნული სასამართლო პროცესიდან, პროკურატურა შეძლებს ბრალდების მტკიცებულებით გამყარებას?

- ბრალდების მხარისგან 18 მარტს დამატებითი მტკიცებულება მივიღეთ. გავეცანით ამ მტკიცებულებას და შემიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დღემდე მოპოვებული აქვს ბრალდების მხარეს, არ ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ბრალეულობას. ღმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან უდანაშაულონი და მათ მიმართ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

და რა არის ეს ახალი მტკიცებულება?

- იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს გაუხმაურებლობის შესახებ საქმეზე ხელი მოწერილი, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. მე შემიძლია მხოლოდ ზოგადი კომენტარი გავაკეთო, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება დაკავებულთა ბრალეულობა. მოვა იმის დროც, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უფრო მკაფიოდ შევაფასოთ ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია დაცვისა და ბრალდების მხარეს.

რაც შეეხება წერილს, რომელიც აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურისგან მიიღო ხელისუფლებამ, ამ წერილის შინაარსის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

- შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მე შევხვდი აშშ-ს  საელჩოს იურიდიულ მრჩეველს. შეხვედრა მისი თხოვნით შედგა. დეტალურად ავუხსენი საქმის გარემოებები ისე, რომ ცხადია, არ შევსულვარ საქმის დეტალებში, რომელთა გახმაურება არ შეიძლება. დეტალურად გაეცნო ამ საქმის და ბრალდების სამართლებრივ მხარეს. იმედი მაქვს, რომ დეტალურად შეისწავლიდა ამ საქმეს და აცნობებდა, როგორც აშშ-ს  საელჩოს ხელმძღვანელობას, ასევე, აშშ-ს  ხელისუფლებას.