ფერეიდნელი ქართველების მიერ აღმართული „ქართული ანბანის“ ძეგლი დაჩეხილი და გადაგდებულია

ფერეიდნელი ქართველების მიერ აღმართული „ქართული ანბანის“ ძეგლი დაჩეხილი და გადაგდებულია

სპარსულად ფერეიდუნშაჰრი, ანუ ქართულად მარტყოფი - ქალაქი ირანში, ისფაჰანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამ ქალაქის მთავარ მოედანზე ფერეიდნელი ქართველების მიერ დადგმული „ქართული ანბანის“ ძეგლი უკვე აღებულია.

მოვლენები ფერეიდნის ქართველებით დასახლებულ ნაწილში დრამატულად ვითარდებოდა. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში, ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოიდანზე „ქართული ანბანის“ ძეგლი დადგეს.

ტომარაძის განმარტებით, ირანელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ეჭვობდნენ, რომ ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევდა. ძეგლის დაცვის მოთხოვნით, ზვიად ტომარაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავდა, ყველაფერი გაეკეთებინათ ფერეიდნელი ქართველების დასაცავად.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი იტყობინებოდა, რომ მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, მთელი ქალაქი ფეხზე იდგა და ფერეიდნელი ქართველები საკუთარი ქართველობის დასაცავად მზად იყვნენ.

„ქართული ანბანის“ ძეგლის აღმართვას ხომ არ მოჰყვება ფერეიდნელ ქართველებზე ანგარიშსწორება ირანის ხელისუფლების მხრიდან? რატომ განიზრახეს ქართველებმა ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმა? ხომ არ იყო ეს პროვოკაცია, თუ ყველაფერი ისევ და ისევ ქართული სისხლის ყივილს უნდა დავუკავშიროთ?

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ფუტკარაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ირანში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველების მთავარი დასახლებაა მარტყოფი, ანუ ფერეიდუნშაჰრი, სადაც ძალიან ბევრი, 15 ათასამდე ფერეიდნელი ქართველი სახლობს. მთლიანობაში, ფერეიდანში 200 სოფელია, მაგრამ აქედან მხოლოდ შვიდია ქართული სოფელი და სწორედ ამ შვიდ დასახლებას შორის ყველაზე მრავალრიცხოვნად ითვლება მარტყოფი.

ასე რომ, ფერეიდუნშაჰრის მერიის ქართველმა თანამშრომლებმა ალაჰის ძეგლის აღმართვა მოისურვეს, ოღონდ - ქართული ასოებით. ძეგლი 15-მეტრის სიმაღლის ლითონის კონსტრუქცია იყო, სადაც დაფიქსირებული იყო მათი ღმერთის სახელი, რა თქმა უნდა, ქართული ასოებით.

„აქ კოდირებული იყო მათი ახლანდელი რწმენა, ისლამის მიხედვით მათი ღმერთი და ეს ყველაფერი ქართული ასოებით გამოხატეს, რაც მათი გენეტიკური სიმბოლოს გამოვლინება იყო. სახელისუფლო სტრუქტურების ერთი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, გუშინ ღამე ამ ძეგლის აღმართვა მაინც შეძლეს, თუმცა სულ რაღაც ორ საათში ეს ძეგლი ბახტიარების ჯგუფმა დაშალა. შესაძლოა, ეს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით ან სტიმულირებით მოხდა. ამას ფერეიდანში დემონსტრაცია მოჰყვა, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო „ალაჰი ერთია“, „დედაენას გაუმარჯოს“, „სულიერო ლიდერო, დაგვეხმარე“... ასე მიმართავდნენ ფერეიდნელი ქართველები ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს, ვინაიდან ძეგლზე სიტყვა ალაჰი ეწერა იქ და სწორედ ეს ალაჰისწარწერიანი ძეგლი დაჩეხეს და გადააგდეს.

ჩემი ინფორმაციით, ფერეიდუნშაჰრში დღეს ჩასულია ირანის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რათა მომხდარს გართულება არ მოჰყვეს, ვინაიდან ქალაქში ცხოვრობენ როგორც ქართველები, ასევე, ბახტიარები. შექმნილი დაძაბულობა ცუდია, ალბათ, აჯობებდა, ფერეიდნელ ქართველებს შესაბამისი სამსახურებიდან აეღოთ ნებართვა, ან კიდევ, ძეგლი თუ დაიდგმებოდა, მერე არავის მოეხსნა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ახლა მთავარია, ამას გართულება არ მოჰყვეს. იმედი მაქვს, ირანის ხელისუფლება და ირანის ყველა ლიდერი, ამ სიტუაციას ისე დაალაგებს, რომ არც ქართველების ღირსება შეილახება და არც ვინმეს რელიგიური უფლება. ასევე, აუცილებელია, დაბალანსებული გამოხმაურება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რათა სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩავერიოთ, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი დიასპორაც დავიცვათ“, - აცხადებს ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც პარალელურად საქართველოს დიასპორის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრიცაა.

ამასთან, ტარიელ ფუტკარაძე არ ფიქრობს, რომ რელიგიური გრძნობის გამოვლენისა და სისხლის ყივილისთვის ქართველებს ვინმე დასჯის, მით უმეტეს, უფრო მეტი ქართული წარწერებია ფერეიდუნშაჰრის ქუჩებში, ვიდრე საქართველოს ზოგიერთ ქართულ ქალაქში. მისი აზრით, ძეგლის აღმართვა არ იყო პროვოკაცია და ეს ემოციური გადაწყვეტილება, ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენა იყო. თუმცა, იმის გამო, რომ ფერეიდანში მოვლენები შეიძლება მძიმედ განვითარდეს, ფერეიდნელმა ქართველებმა დღეს დაგეგმილი ახალი დემონსტრაცია გააუქმეს.

„კერძო სწავლების სახით, ფერეიდანში ქართულის სწავლა ყველას შეუძლია. ფერეიდანში არის ქართულენოვანი წარწერები და, თუ რომელიმე სხვა ენას, სპარსულის გარდა, ხელშეწყობა აქვს ირანში, ეს ქართული ენაა“, - აცხადებს ტარიელ ფუტკარაძე.

ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ ირანში „ქართული ანბანის“ ძეგლის აღმართვა ან პროვოკაცია იყო, ან ქართველების სისხლის ყივილი. თუმცა, თუკი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამან შეიძლება, დაძაბოს ურთიერთობა იქაურ ქართველებსა და ირანელებს შორის.

„არ ვიცი, რამდენად იყო საჭირო ამ ძეგლის აღმართვა და ვის ინტერესებში შედიოდა. ჩემი აზრით, ქართველებს ძეგლის დადგმა უნდა შეეთანხმებინათ ირანის ხელისუფლებასთან და უნდა გაეთვალათ, რომ ასე უნებართვოდ ძეგლის დადგმას არავინ დაუშვებდა. სიტუაციაში გაურკვეველი პიროვნებები მონაწილეობდნენ. არ ვფლობ ინფორმაციას, მოხდა თუ არა ძეგლის აღებისას დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, სახელმძღვანელოებით და სხვადასხვა აქციით დავეხმაროთ ფერეიდნელ ქართველებს. შესაძლებელია, ირანელებთან დალაპარაკებაც, რომ ფერეიდნელებს მშობლიურ ენაზე სწავლება შეეძლოთ. თუ ამის მერეც შეიქმნება პრობლემები, ეს უკვე განსჯის საგანი იქნება. ბევრმა გამოთქვა სურვილი, დაეხმაროს ფერეიდნელ ქართველებს, მათ შორის, კომპანია „იბერია ბიზნესჯგუფმა“, ასევე, საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძეც დაგვპირდა, რომ საკრებულოში იმსჯელებენ, თუ რა ფორმით დაეხმარებიან ფერეიდნელებს. საქმეში ჩაერთვება განათლების სამინისტროც“, - აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.