პერიოდულად საქართველოში ნაციონალების ლუსტრირებას ითხოვენ. „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ლუსტრაციის კანონი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებისათვის მაღალი თანამდებობების დაკავების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ასევე, ეს კანონპროექტი შეეხება სხვადასხვა დროინდელი სპეცსამსახურების ოპერატიულ დამუშავებაში მყოფ პირებს, რათა მათ ოდესმე არ დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობა ან ჟურნალისტის პოზიცია.
„ეს არის აუცილებელი იმიტომ, რომ 80-90% პოლიტიკურ, არასამთავრობო და მედია სპექტრში არიან სპეცსამსახურების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები“, – მიიჩნევს კახა კუკავა.
ნაციონალების ლუსტრირებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოგადად, ლუსტრაციის თემა საქართველოსთვის ყოველთვის აქილევსის ქუსლი იყო. თითქმის 15 წელია, ეს საკითხი საზოგადოების განსჯის საგნად ქცეულა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კვლავაც არ მიუღიათ. ნაწილობრივ, ეს გასაგებიცაა, რადგან საბჭოთა პერიოდის ლუსტრაციის პროცესი საქართველოდან გატანილ საარქივო დოკუმენტებს უკავშირდება, რის გარეშეც ლუსტრაცია გართულდება, ხელოვნურად დოკუმენტების შექმნა კი დაუშვებელია.
თავის დროზე, ნაციონალებმა ლუსტრაციის შესახებ კანონი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მიიღეს და ის უფრო კუდიანებზე ნადირობისთვის სჭირდებოდათ. იმ პერიოდში ნაციონალები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ლუსტრაციის ჯერიც დადგებოდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კანონის ამოქმედებას კახა კუკავა, კობა დავითაშვილი და სხვები აქტიურად მოითხოვნენ. კობა დავითაშვილი არ მალავდა, რომ პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გახურებული კოაბიტაციური ურთიერთობის გამო ლუსტრაციის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ,,ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა. არადა, გაუპატიურებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მოქალაქეების დაშანტაჟებაში მხილებულ პარტიის წევრებს მაღალი თანამდებობის დაკავება უნდა აკრძალვოდათ.
რამდენად რეალისტურია ნაციონალების ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დღევანდელ პირობებში?
ამის შესახებ კომენტირებისგან ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თავი შეიკავა და For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ლუსტრაციის კანონპროექტის გაცნობის გარეშე ამ თემაზე ვერაფერს იტყოდა, თანაც, სხდომა ჰქონდა ჩასატარებელი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ, ზოგადად, ლუსტრაციის კანონს ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს, თუკი ის ობიექტური იქნება, მეტ პრობლემას არ წარმოქმნის და უსამართლოდ ვინმეს დევნის საბაბი არ გახდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, გიგი წერეთელი საბჭოთა პერიოდის ლუსტრაციას გულისხმობს და არა - ნაციონალთა ლუსტრირებას, რაც მისთვის საერთოდ გაუგებარი ცნებაა.
„ლოგიკურია, ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში სპეციალურ სამსახურებთან შეხება ჰქონდა და ამ მიმართულებით მუშაობდა, არ შეიძლება, ეკავოს პოლიტიკური თანამდებობა. ეს შეიძლება ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი გახდეს. რაც შეეხება ნაციონალების ლუსტრირებას, ნამდვილად არ მინდა ამაზე ღრმა პოლემიკა, მაგრამ ამას აბსოლუტურად არასწორად მივიჩნევ. ნაციონალი იქნება თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, დღესაც სჩადის დანაშაულს და ხვალაც ჩაიდენს. პარტიის წევრობა არ არის არანაირი პრევენცია, რომ დანაშაული არ ჩაიდინონ. შეიძლება, ვიღაცამ კაცი მოკლას, ან კორუფციაში ჩაეფლოს. ნაცმოძრაობას, როგორც პარტიას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აქვს არჩევნებზე აღებული. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის მეოთხედმა დაგვიჭირა მხარი. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ნაცმოძრაობის მხრიდან, მათ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ასევე, დანაშაულს სჩადიოდნენ სხვა პარტიის წევრებიც“, - აცხადებს გიგი წერეთელი.
ამასთან, აბსურდად მიიჩნევს კითხვას საკუთარი პარტიის მორალური პასუხისმგებლობის შესახებ, რის შესახებაც გოკა გაბაშვილმაც აღიარა, რომ მათ დროს „ციხეებში სისტემური დანაშაული ხდებოდა“.
„რას ჰქვია, ციხეებში სისტემური დანაშაული ხდებოდა?! პარტია კი არ აკეთებდა ამას. ვინც ამას აკეთებდა, ის ადამიანები უნდა დაისაჯონ. გოკა გაბაშვილმა ისიც თქვა, რომ ბედუკაძე, რომელიც ამ ყველაფრის შემოქმედი იყო, გმირად არის აღიარებული დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ვინმე თუ ღიზიანდება იმით, რომ პარლამენტშიც არ უნდა იყვნენ ნაცმოძრაობის წევრები, მათ შევახსენებ, რომ ნაცმოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნისას ბევრი კარგი გააკეთა, ნულიდან ააშენა ქვეყანა. ამიტომ არა მგონია, სწორი იყოს კითხვა, ნაცმოძრაობა რატომ არის მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში?!“
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ტერმინი „ლუსტრაცია“ კანონის ენაზე გარკვეული ზღუდეების დაწესებას გულისხმობს კომუნისტურ პარტიასა და კომუნისტური რეჟიმის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის. ამდენად, სამართლებრივი გაგებით, ცოტა გაუგებარია, რამდენად შეიძლება ლუსტრაცია დაერქვას დღევანდელობას, ანუ დამოუკიდებლობის შემდგომ არსებულ ურთიერთობებს.
„თუკი სპეცსამსახურის რომელიმე თანამშრომელი არღვევს კანონს, ამისთვის უკვე არსებობს რეგულაციები, თანამდებობრივი და სხვა დანაშაულის სახით. დამატებითი ლუსტრაციის კანონმდებლობის შექმნა საჭირო არ არის. თავისთავად, ჩვენი კანონმდებლობა ფარულ თანამშრომლობას სპეცსამსახურებთან, ან ოპერატიული უფლებით აღჭურვილ დაწესებულებთან არ კრძალავს. მეტიც, ოპერატიულ-სამძებრო კანონმდებლობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ თუ უშიშროების შესახებ კანონით, პირდაპირაა მითითებული ფარული თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. რაც შეეხება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, ესეც სისხლის სამართლით დასჯადია და ჯაშუშობის მუხლით რეგულირდება. ასე რომ, კონსტიტუციის მიხედვით, ყოფილი თუ ამჟამინდელი პოლიტიკური პარტიის წევრობა კანონით რაიმე შეზღუდვის დაწესებისთვის საფუძველი ვერ გახდება.
ლუსტრაციას ჰქონდა კანონისმიერი საფუძველი, რადგან ეს საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს და კომუნისტურ პარტიას შეეხებოდა. ამის გამო წესდებოდა გარკვეული შეზღუდვა არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. აქ კი ამასთან საქმე არ გვაქვს. მეტსაც გეტყვით, შესაძლებელია, ამით საფუძველი მიეცეს მსჯელობას, რომ ეს არის დისკრიმინაციის პირდაპირი გამოვლინება კანონის დონეზე. ამ ყველაფრის პოლიტიკური საკითხი მესმის, მაგრამ პოლიტიკური საკითხები აქ უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე -სამართლებრივი“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და განმარტავს, რომ რა მოხდება ხვალ და რას შეცვლის მომავალში კანონმდებელი, ამის შესახებ არავინ უწყის.