„ცნობილი ვალერი ზუმბაძე თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მრჩევლად აიყვანა“

„ცნობილი ვალერი ზუმბაძე თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მრჩევლად აიყვანა“

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბრისას სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, „ჯაშუში“ ფოტოგრაფებისა და „ენვერის“ საქმის ყოფილი გამომძიებელი, ვალერი ზუბმაძე თავდაცვის სამინისტროში დააბრუნეს და მინდია ჯანელიძის მრჩევლად დაინიშნა. გარდა ამისა, პოლიტოლოგი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე არსებობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის დასკვა, სადაც დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბარი და, რომელსაც ხელისუფლება მალავს.

რატომ ვერ ელევა თავდაცვის მინისტრი „ჯაშუში ფოტოგრაფებისა“ და „ენვერის“ საქმის ყოფილ გამომძიებელს, რა სტატუსით დაბრუნდა თავდაცვის უწყებაში შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის მაშინდელი უფროსი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ სკანდალურ ცვლილებაზე და რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში სუს-ს? ამ საკითხებთან დაკავშირებირთ for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ბატობო სოსო, თქვენ ამბობთ, რომ ვალერი ზუმბაძე ისევ დაბრუნდა თავდაცვის უწყებაში. რატომ ვერ ელევა მას თავდაცვის მინისტრი?

- დიახ, ცნობილი ვალერი ზუმბაძე, კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მრჩევლად აიყვანა. როდესაც მინისტრი სხვას ვერავის ვერ პოულობს, გარდა ისევ სახელგატეხილი თანამშრომლისა, ეს უკვე არის დანაშაული. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან წასული ადამიანი, სულ რამდენიმე დღეში, უკვე, მინისტრის მრჩევლის ნიღბით აღმოჩნდა ისევ ამ სამინისტროში.

რა ფუნქცია აკისრია ვალერი ზუმბაძეს?

- არსებობს ინფორმაცია, რომ ბატონი ზუმბაძე დაკავებულია დოკუმანეტაციის გაყალბებით თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ. ბატონ ზუმბაძეს საქმის გაყალბების უდიდესი გამოცდილება გააჩნია, მან არა ერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე გამოაცხო. ადამიანს რაც ეხერხება, რისი გამოცდილებაც აქვს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე იკავებს შესაბამის თანამდებობას. ასეთი გამოცდილება მას ნადვილად გააჩნია და ამას ადასტურებენ ზუმბაძის მიერ გაუბედურებული ადამიანები, რომელთა საქმეს ჯიუტად არ გაასაჯაროვებს სწორედ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.

ვერაფერი ბრალი ვერ დასდეს იმ დაკავებულ ხუთეულს, რომლებიც ქართული ჯარის მტრებად გამოცხადდნენ. ამიტომ, რასაკვირველია, ახლა სჭირდებათ მათ წინააღმდეგ დოკუმენტაციის გაყალბება.

გამოძიებაში არსებული საქმეზე პროკურატურის თხოვნით ჩაერთო აუდიტის სამსახური, პარალელურად, უკვე, ზუმბაძის ჩართვა ადასტურებს, რომ რეალურად ამ ადამიანების წინააღმდეგ დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულება არ არსებობს?

- მოგეხსენებათ, რომ ასეთი მაღალი ინტერესების მქონე თემები უყურადღებოდ არ რჩება დიპლომატიურ კორპუსს. დაინტერესდით, ხომ არ არსებობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის დასკვმა ამ თემაზე? იქნებ მოიძიოთ და გამოაქვეყნოთ. აი, მაშინ მარტივად გავარჩევთ თეთრს და შავს. ჩემთვის სანდო წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და მისი გასაჯაროვება არ შედის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მახსენებს ტრაქტორების საქმეს. სამწუხაროდ, ტყუპისცალი ქმედებების მოწმენი ვართ.

ბატონო სოსო, ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ საკადრო ცვლილებაზე? მოგეხსენებათ, რომ ვალერი ზუმბაძე პოლიტპატიმრების მიერ მხილებულია უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში...

- რასაკვირველია, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს არის დასტური ფაქტისა, რომ ისინი შეუფერებელ თანამდებობაზე იმყოფებიან. დიდი ალბათობით, ზუმბაძის მეთაურობით პირველი აპრილისთვის გამომცხვარი იქნება საბრალდებო დასკვნა, მაგრამ, თუ მაისაიას შემთხვევაში დახურულ საქმეში ფიგურირებს ფრაზა, რომ მაისაია იყო „აბვერის“ ჯაშუში, დიდი ალბათობით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს წარედგინებათ ბრალი, რომ ისინი ჯაშუშობდნენ მეფის რუსეთის სასარგებლოდ. ხელისუფლების უმაღლეს დონეზე საკუთარ ოცნებად უკვე პრიორიტეტულია არა რაიმე სახელმწიფოებრივი საკითხის გადაწყვეტა, არამედ ირაკლი ალასანიას მიჯირყვნა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ქვეყანას სუსი მართავს. ერთია, როდესაც ამას ამბობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ სად ჩანს, რომ სუსი ერევა გადაწყვეტილების მიღებაში?

- რჩება შთაბეჭდილება, რომ შსს თავის სუს-ებიანად კვლავ არის სახელმწიფოს ხერხემალი. ის, რაც მიუღებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, ცხადია, მით უმეტეს მიუღებელია დღევანდელ ვითარებაში. რატომ უნდა იყოს პოლიცია ისეთი სახელმწიფოს ხერხემალი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უკვე გააჩნია ევროპული სტანდარტების დემოკრატია ქვეყანაში, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ მგონია, ვინმეში კმაყოფილებას იწვევდეს ასეთი ვითარება. ვიდრე ძალოვანი სტრუქტურა არის სახელმწიფოს ხერხემალი, ვერანაირ დემოკრატიულ წინსვლაზე საუბარი დამაჯერებელი ვერ იქნება საზოგადოებისთვის. კარგი იქნებოდა ხერხემალი ყოფილიყო განათლების და კულტურის სამინისტრო.

სპეცსამსახურების მხრიდან თვითმმართველობების საქმიანობაში ჩართულობაზე საუბრობენ რესპუბლიკელებიც. თუკი სპეცსამსახურების მხრიდან ხდება მათი კომპეტენციის და კანონს მიღმა საკითხებში ჩარევა და ამაზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ არის, ჩნდება კითხვა, რატომ არ დასვეს პარლამენტში ეს საკითხი?

- როგორც ჩანს, სახელისუფლებო სავარძლიდან ქვეყანა მუდმივად ვარდისფერ ფერებში ჩანს. ვიდრე ის სტრუქტურაა შენარჩუნებული, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო „ოცნებამ“ ნაციონალებისგან, ძალიან მარტივია, რომ უსამართლობის ანკესზე წამოეგოს ეს სისტემა. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ეს არის დეპოლიტიზირებული სტრუქტურა, სწორედ პოლიტიკური დაკვეთების აღმსრულებელი სტრუქტურა გახლავთ დღეს ეს ორგანიზაცია. ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ერთ ნაბიჯს არ გადადგამს არც სუსი და არც შსს-ს სხვა რომელიმე სტუქტურა.