ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორისგან შემდგარი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ კითხვები უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას მოთხოვენ.
მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, დეპარტამენტი იქნება სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. მთავარი პროკურორი ირწმუნება, რომ პროკურატურაში გაწეული მუშაობის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შემოტანილი განცხადებების შესწავლა და სისტემატიზაცია უკვე დასრულდა და დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი დეპარტამენტისთვის. მიუხედავად ამ განცხადებისა, პროკურატურიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება, რომელ საქმეზე დაიწყო მუშაობა ახალმა დეპარტამენტმა. არაოფიციალურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ დეპარტამენტს ფუნქციობა ჯერ არც დაუწყია.
ყოფილი მთავარი პროკურორი გია მეფარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უწყების მთავარი დეფექტი, ეს არის გაუმჭვირვალეობის პროცესი.
- 22 ათაზე მეტი საქმეა შესული პროკურატურაში, ყველა ეს საქმე შესწავლილი და გაანალიზებულია? ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ საჩივრები და განცხადებები, რომელიც შესულია პროკურატურაში, იქნება დაჯგუფებული და პროკურატურა შეისწავლის რამდენად კანონირად იყო შეძენილი ქონება, ხოლო მისი ჩამორთმევის კანონიერების საკითხი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესწავლილიო. ეს აშკარად არის სამოქალაქო კანონმდებლობაში ჩაუხედაობა - არავის არ ევალება საკუთარი ქონების წარმომავლობის დადასტურება, გარდა საჯარო მოსამსახურისა. პროკურატურა საერთო ზედამხედველობის ფუნქციას იღებს, თუ რა ხდება? მაშინ, ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, ვინ არის კოორდინატორი, რა უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და როგორი არის მისი სამართლებლივი სტატუსი?
- აბსოლუტურად გაუგებარია რა ფუნქციას ატარებს კოორდინატორი, თუ ეს ახალი საპროცესო ფიგურაა, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - საპროცესო კანონმდებლობა ასეთ ფიგურას არ იცნობს. კანონი პროკურატურის შესახებ გასაზღვრავს პერსონალიებს და ერთ-ერთი გახლავთ „მრჩეველი“. როგორც ჩანს, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ადამიანი, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს დაზარალებულებთან და საგამოძიებო ორგანოებთან, უნდა იყოს კონკრეტული ფიგურა და შექმნეს „კოორდინატორი“, ანუ იგივე მრჩეველი. თუმცა, ეს არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად გაუგებარი, ლოგიკური წინააღმდეგობებით აღსავსე. საქმე ისაა, რომ მრჩეველი არ შეიძლება იყოს საპროცესო უფლებამოსილების მქონე კონკრეტული პირი და ეს წერია კანონში.
თუ კონკრეტული პიროვნება ურთიერთობებს არეგულირებს დაზარალებულთან და პროკურატურის ორგანოებთან, მაშინ დგება საკითხი, რა საჭირო იყო სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნა? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნაადრევად, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არაფერ დადებითს ჩვენს ხალხს არ მისცემს.
რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებებს, რომლის უდიდესი ნაწილი გადაფორმებულია მეორე-მესამე პირზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა განისაზღვროს რამდენად კეთილსინდისიერია ის მეორე და მესამე პირი?
- მეტიც, დოკუმენტაცია გატანილია ოფშორულ ზონებში, რომლის ხელმისაწვდომობის საშუალება ქართველ სამართალდამცავებს, პარაქტიკულად, არ აქვთ. რაც ყველაზე მთავარია, კეთილსინდისიერი მყიდველის შემთხვევაში, დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიტომაც, არჩევნების დასრულების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა დამდგარიყო ეს საკითხი დღის წესრიგში. ორ წელიწადზე მეტი გავიდა და არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, ეს საკითხი ძალიან გამწვავდა. პირდაპირ გეტყვით, თუ ამ ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხი ვერ გადაწყვიტა, ეს იქნება მისი სერიოზული ხარვეზი, რაზეც ქართველი ამომრჩეველი პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე მოითხოვს.
რაც შეეხება სპეციალიზებული სტრუქტურის შექმნას, ჯერჯერობით, არ მომზადებულა საკანონმდებლო ცვლილებები, შესაბამისად, უცნობია, რა ბედია ეწევა უკვე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე საუბარი საერთოდ არ არის, რაც ძალიან დაამძიმებს მდგომარეობას. თუ სასწრაფოდ კორექტირება არ იქნება გაკეთებული, ეს იდეა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩაიხშობა.
მინდა შევახსენო პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით შემოსული განცხადება უკვე დანაშაულის გამოძიების დაწყების საფუძველია. ამხელა ზღვა მასალას გაუძლებს კი 10 კაციანი ჯგუფი? ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი. რა ბედი ელის იმ განაჩენებს, რომლებიც უკვე, კანონიერ ძალაშია შესული? ახლა დგება საკითხი, რომელ საქმეებზე გავრცელდება მათი იურისდიქცია. ეს სტრუქტურა წინასწარ განწირულია დამარცხებისთვის, რაც არ მინდა მოხდეს. მეშინია, რომ ჩვენ მივდივართ იმედგაცრუებისკენ.
თქვენ ამბობთ, რომ ეს არის წინასწარ განწირული იდეა. რას სთავაზობდით თქვენ?
- ჩვენ ვთავაზობდით არა ასეთ ფსევდო სტუქტურის შექმნას, არამედ სპეციალიზირებულ პროკურატურას, რომელსაც მოუწევდა ორი მიმართულებით მუშაობა - კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საჩივრების მომზადება და მეორე - გამოძიების ჩატარება ქონების უკანონოდ წართმევის საქმეზე. ერთიც და მეორეც უნდა ყოფილიყო ერთი სამართლებლივი პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურის ხელში, ანუ სპეციალიზირებული პროკურატურის ხელში. სპეციალიზირებული დეპარტმანეტი და სპეციალიზირებული პროკურატურა ერთი და იგივე არ არის.
ამ დრომდე პასუხი არაა გაცემული მთავარ კითხვაზე - რა ელის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს? ამას პროკურატურის სპეციალიზირებული დეპარტამენტი ვერ მიხედავს, იმიტომ, რომ საკამათო განაჩენია. თუ უნდოდათ ამ საკითხის გადაწყვეტა, მაშინ ცვლილებები უნდა შეეტანათ სისხლის სამართლის კოდექსში იმიტომ, რომ ქონებების უდიდესი ნაწილი ჩამორთმეულია განაჩენებით. უმეტესობა საპროცესო შეთანხმებებით არის გაკეთებული, ამაზე იფიქრა ვინმემ?
სასამართლო განაჩენს სპეციალიზირებული პროკურატურის დეპარტამენტი ვერ შეცვლის?
- სასამართლო განაჩენს პროკურატურა ვერ შეცვლის. როგორც მხარემ რომ გაასაჩივროს, ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურა და ეს უნდა ყოფილიყო საპროცესო კანონმდებლობაში გადაწყვეტილი, რაც არაა გაკეთებული. ვხედავ, რომ შევედით ჩიხში. დღეს თუ ხვალ ამ საკითხზე პასუხის გაცემა მოუწევს მათ, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.