ელიტური შეთქმულება კრემლში; ებოლას მომაკვდინებელი ვირუსი; თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ სამხედრო გადატრიალების მოწყობა და კრემლის ლიდერის დატყვევება; პუტინის გარდაცვალება; ვაჟის დაბადება; იშემიური ინსულტი; პლასტიკური ოპერაცია’ ე.წ. „დამაშნიე ზაგატოვკი“-სთვის მზადება; ღრმა სინანული და ჩადენილი ცოდვების მოძღვრის წინაშე მონანიება, - მოკლედ, პუტინის 11-დღიანმა გაუჩინარებამ მსოფლიო საინფორმაციო სივრცე მოიცვა და რუსეთის დაკარგული ლიდერის შესახებ არაერთ ვერსიას დაუდო საფუძველი.
თუმცა, „როგორც რუსეთში იტყვიან, - ვერ მოესწრებიან“,- სწორედ ასეთი შეფასება მისცა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეჯ ატამბაევმა პუტინის მისამართით გავრცელებულ ყველა ჭორს.
11 დღის შემდეგ სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე პირველად სწორედ ყირგიზ კოლეგასთან ორი საათით დაგვიანებული შეხვედრისას გამოჩნდა და ჟურნალისტებმაც პუტინის ბოლოდროინდელი თავგადასავლის შესახებ სწორედ ალმაზბეკ ატამბაევისგან მოისმინეს: „პუტინმა ავტომობილით გამასეირნა (კონსტანტინეს სასახლე დაათვალიერებინა სტუმარს), თავად იჯდა საჭესთან, რუსეთის პრეზიდენტი არა მარტო დადის, არამედ სტუმრებსაც იღებს და მანქანითაც ასეირნებს მათ. ეს ისე, ჭორების ჩასახშობად, ვერ მოესწრებიან“... - პუტინის სათქმელი გამოსცრა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
იმის მიუხედავად, რომ პუტინი უვნებლად დაბრუნდა, მაინც ჩნდება კითხვები, სად იმყოფებოდა იგი 5 მარტის შემდეგ, რატომ ვრცელდებოდა რუსულ მედიაში 8 მარტთან დაკავშირებული ფოტოები, სადაც პუტინი რუს მანდილოსნებთან იყო აღბეჭდილი, მაშინ, როცა ეს ფოტოები კარგა ხნით ადრე იყო გადაღებული?!
ამ ვითარებაში საინტერესო მაინც ასტანაში გადადებული ვიზიტია, სადაც განხილვის მთავარი თემა ევრაზიული კავშირი უნდა ყოფილიყო. პუტინისთვის ეს იმდენად ღირებული საკითხია, რომ ვიზიტის გადასადებად ან მართლაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა უნდა შეჰქმნოდა, ან მის შეფერხებას მხოლოდ შიდა პრობლემები შეძლებდა. ამდენად, ხომ არ იყო ამბოხების მცდელობა კრემლში?!
ეჭვები იმანაც გაამძაფრა, რომ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად პუტინის ერთ-ერთი საიმედო დასაყრდენი, მისი დაცვის ყოფილი უფროსი გენერალი ზოლოტოვიც გაუჩინარდა. „პუტინის ჩრდილი მოკლეს“, - ამ სათაურით ვრცელდებოდა ინფორმაცია გენერალ ზოლოტოვთან დაკავშირებით, რაც სამხედრო გადატრიალების ვარაუდს ამძაფრებდა.
რატომ გაუჩინარდა პუტინი?! ამ საკითხთან დაკავშირებით თავისებული მოსაზრება აქვს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ პუტინის დამალვით სურდათ, აჟიოტაჟი გამოეწვიათ საზოგადოებაში, რათა როგორმე გადაეფარათ ნემცოვის მკვლელობის თემა და პრესის ყურადღება გადაეტანათ სხვა რამეზე.
„პუტინი დაიკარგაო და აღარავის აინტერესებდა ნემცოვის მკვლელობა. ძირითადი იყო ის, რომ ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა, აშკარად გამოჩნდა შეთითხნილი არგუმენტები, ამიტომ პუტინი დაემალა ამ სიტუაციას. ამავე დროს, შეიძლება, ნემცოვის მკვლელობა მართლაც შეუთანხმებელი ქმედებების ჯაჭვი იყო და ამან გამოიწვია შიდა დაპირისპირებები კრემლში. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს მკვლელობა პუტინთან კიდეც იყო შეთანხმებული, ოღონდ, არ იყო შეთანხმებული სხვა გავლენიან ფრთასთან. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირებები“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ პუტინს არ სჩვევია ასეთი გაპარვები, თუმცა არც პოლიტკოვსკაიას და არც სხვების მკვლელობის დროს ასეთი უცნაური გამოძიება არ ჩატარებულა. ნემცოვის საქმის გამოძიებამ კი ღიად გამოაჩინა რუსეთის ხელისუფლების დაინტერესება არასწორი გამოძიებით, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო, როგორც თავად ნემცოვის მკვლელობა, რომელიც, როგორც ჩანს, დაუფიქრებლად მოხდა.
მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები კრემლში, ეს კახა გოგოლაშვილისთვის უცნობია.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ კრემლში მიმდინარეობს სასახლის პოლიტიკური გადატრიალება, ან ასეთი გადატრიალება უკვე მოხდა. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიებს, თითქოს რუსეთის პრეზიდენტი ავად იყო, მაისაიას შეფასებით, ეს პრიმიტიული პოლიტტექნოლოგიური კომბინაციაა, რათა შენიღბულიყო ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ ვერტიკალში.
„პუტინის გაუჩინარების მთავარი იდეაა, რომ, როგორც ჩანს, კრემლში სასახლის გადატრიალების მოდელი განვითარდა. რუსეთის პოლიტიკური სისტემა აწყობილია კლანებსა და დაჯგუფებებს შორის ურთიერთობაზე. ეს მოდელი ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა, პრეზიდენტ ელცინის მეორე ვადით არჩევის პერიოდში. ეს არის ღერძი, რომლის ირგვლივაც რუსეთი იმართება, როგორც ავტორიტარული სახელმწიფო. ამ პოლიტიკური ვერტიკალის სათავეში დგას პუტინი. როგორც ჩანს, ორ ვერტიკალს შორის მოხდა დაპირისპირება. სასახლის გადატრიალების დაახლოებით ასეთივე მოდელი 1982 წელსაც განვითარდა საბჭოთა კავშირში. მაშინაც იყო სრული სიჩუმე და მაშინ გაუჩინარდა ბრეჟნევი.
„გავიხსენოთ 1982 წლის ნოემბრის ამბები, როცა მაშინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობაში ასევე განხორციელდა სასახლის ტიპის პოლიტიკური გადატრიალება, რომლის შედეგადაც ჩეკისტურმა კლანმა (ანდროპოვ-უსტინოვ-გრომიკო-ჩებრიკოვი) დაამარცხა ე.წ. დნეპროპეტროვსკის კლანი (შჩოლოკოვი-ცვიგუნი-მედუნოვი). ასეთივე სცენარით ვითარდებოდა სიტუაცია ე.წ. გკჩპ-ს 1991 წლის აგვისტოს სამხედრო პუტჩის დროსაც – სრული გაურკვევლობა, ინფორმაციული არხების დახშობა, მცდარი ინფორმაციების გაშვება და სამხედრო ტექნიკის ერთეულების გადაადგილება მოსკოვის მიდამოებში. ახლაც იგივე მოხდა მოსკოვში, სამხედრო ვერტმფრენების გახშირებული ფრენა, განსაკუთრებული სადაზვერვო პოლკის მობილიზაცია და მათი განთავსება კრემლის მიდამოებში, სრული საბრძოლო მზადყოფნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების უცაბედ გათავისუფლებათა სერია. ბორის ნემცოვის მკვლელობა კატალიზატორი იყო და ამან გამოიწვია კლანებს შორის დაპირისპირება. არ გამოვრიცხავ, სწორედ ნემცოვის მკვლელობა იყო ერთგვარი მსხვერპლთშეწირვა, რათა დაწყებულიყო ფორმალური ომი კლანებს შორის. ამასთან, ჩნდება კითხვები, მოკლეს თუ გარდაიცვალა პუტინის პირადი დაცვის უფროსი, შინაგანი ჯარების სარდალი გენერალი ზოლოტოვი?! არა მგონია, პუტინს მონანიება დაეწყო. პუტინმა უკვე გადალახა ზღვარი და ახლა დასავლეთთან რაიმე კომპრომისზე წასვლა დაგვიანებული იქნება. პირიქით, პუტინი, როგორც ჩანს, დაიწყებს წმენდას პოლიტიკურ ელიტაში და შეუდგება ცალკეული ადამიანებისგან გათავისუფლებას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამასთან, მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, სასახლის შიგნით მომხდარი გადატრიალება პუტინის ერთპიროვნული უფლებების კიდევ უფრო გამკაცრებას და ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებას გამოიწვევს.