„ის მოთხოვნები, რასაც ივანიშვილი მოსახლეობას უყენებს, არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ და ვერც ექნებათ“

„ის მოთხოვნები, რასაც ივანიშვილი მოსახლეობას უყენებს, არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ და ვერც ექნებათ“

ბიძინა ივანიშვილი განცხადებით, საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა, რაც აქამდე გარეთ, სამეგობროში წყდებოდა. ყოფილი პრემიერის თქმით, მოსახლეობა თუ ვერ გაიგებს და ვერ შეაფასებს სწორად რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისგანვე არჩეული მთავრობისგან, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ.

„მხედველობაში მაქვს ის, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში ჩვენ, საუბედუროდ, სხვისგან ვერ მოვახერხეთ გვესწავლა, როგორ უნდა გვემართა საკუთარი ქვეყანა, გამოცდილება არ გვქონდა და ყველა ტიპის უბედურება საკუთარ თავზე გადავიტანეთ - სამოქალაქო ომი ვიწვნიეთ, შემდგომ დანგრეული ქვეყანა და მასობრივი კორუფცია და მესამე მთავრობას თუ გავიხსენებთ, ყველაზე დიდი უბედურება, ორივე ერთად გაერთიანებული - მოძალადე ხელისუფლება მივიღეთ და მე ანალიზს არ ვაპირებ დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ რას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებას საზოგადოების ერთგავრ გაფრილებად აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. თუმცა, ასე არ ფიქრობს ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით ივანიშვილი ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობდა.

„ასე არ ვფიქრობ. მე მაინც მომეჩვენა, რომ ივანიშვილი საუბობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. მუქარა და დემოკრატიული განვითარების შეზღუდვა, სიმართლე გითხრათ არ დამინახავს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ასეთი განცხადება და გაფრთხილება, როგორც წესი, საზოგადოებაზე და მოსახლეობაზე არ მოქმედებს. მისივე თქმით, იმ ფონზე როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერთა რაოდენობა კლებულობს, ბუნებრივია, რამდენი გაფრთხილებაც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, ეს მოსახლეობის განწყობას ვერ შეცვლის.

„მესმის, რომ ამომრჩეველი გარკვეული უნდა იყოს ვის და როგორ აძლევს ხმას, მაგრამ ის მოთხოვნები, რასაც ივანიშვილი თავის გამოსვლაში მოსახლეობას უყენებს, არც ერთ ქვეყანაში მოსახლეობის მიმართ არ აქვთ და ვერც ექნებათ. მოსახლეობის გაფრთხილების ნაცვლად, საჭიროა ხელისუფლებამ პროცესები სწორი მიმართულებით წაიყვანოს. იმუშაოს ისე, რომ მოსახლეობაში მხარდამჭერები გაზარდოს.

ივანიშვილის განცხადებით, მისი დაპირება რომ სამი წლის თავზე უკეთესი ცხოვრება იქნებოდა, თურმე დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობდა. მე არ მგონია, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია ყვავის და დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ. არაფერი არ შეცვლილა. რეალურად ჩვენ იმ სისტემაში ვცხოვრობთ, რა სისტემაში ვცხოვრობდით სააკაშვილის და მისი რეჟიმის, მანამდე შევარდნაძის და მისი რეჟიმის დროს. 

გეთანხმებით, რომ დღეს პრესა თავისუფალია, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს ლაპარაკის თავისუფლებაა და არა პრესის, ეს კი სხვადასხვა რამეა. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ რაღაცა ნაბიჯით წინ მიდის ქვეყანა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

გადაცემა 20/30-ში საუბრისას ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და არჩევნებსაც არ დაელოდოს“.

ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ თუ ხელისუფლება რეალურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ამ სიტუაციიდან ერთადერთი და სწორი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფელებამ, არ გააჩნია არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური რესურსი იმისა, რომ რეალაურად განახორციელოს რეფორმები. თუ ნორმალურად წაიყვანეს პროცესი, ამ შემოდგომამდე, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა შეინარჩუნოს. თუ ეს პროცესი 2016 წლამდე გაგრძელდა, შეიძლება მივიღოთ პროცესი, როდესაც არც „ქართულ ოცნებას“ და არც დანარჩენ ორგანიზაციას, მოსახლეობაში მხარდაჭერა არ ექნება“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებამ შეიძლება უარი თქვას საერთოდ პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობაზე და გვერდზე გადგეს.

„რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ქვეყანაში არ იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა. დაახლოებით თანაბარი რეიტინგის პარტიები მოხვდებიან ხელისუფლებაში, რაც შექმნის იმის პირობას, რომ ბრძოლა ძალაუფლების ხელში აღებისთვის დაიწყება ქუჩიდან, რაც შექმნის დესტაბილიზაციის მაღალ ფაქტორს. ეს ხიფათი ელის საქართველოს, მათ შორის - „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის არჩევნებამდე და ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.