ლევან ჩაჩუა თავისუფალია - პროკურატურა ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

ლევან ჩაჩუა თავისუფალია - პროკურატურა ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი, ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ როგორც მტკიცებულება არ გაიზიარა ზურაბ ჟვანიას საქმეში „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ვიდეომასალა. როგორც მოსამართლემ განაჩენის განმარტებისას განაცხადა, ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, წარმომავლობასთან ერთად, სხვა საკითხებიც დაუდგენელია.

„სასამართლო არ იაზიარებს „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც საქმეში იდო. არ ვიცით, რას წარმოადგენს, ვინ არის „ჰაკიმ ფაშა“. ასევე ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით აიტვირთა ეს ვიდეო მასალა ინტერნეტში. ლევან ჩაჩუას ბრალეულობას ასევე არ ადასტურებს საქმეში წარმოადგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, სხვა ვიდეომასალებიც. ბრალის კვალიფიკაცია არასწორად იყო შერჩული“, - აღნიშნა დავით მგელიაშვილმა.

სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, ლევან ჩაჩუა ერთი წლის წინ დააკავეს. თითქმის 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ ის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიების ინფორმაციით, ჩაჩუამ სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებზე არსებული დაზიანებები სრულყოფილად არ აღწერა.

დღევანდელ განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა ორივე მხარეს. ლევან ჩაჩუას დაცვის მხარე ელოდებოდა, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. საქმის პროკურორი რევაზ ნადოი დარწმუნებული იყო, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა, რადგან „ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო“.

პროკურატურა ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. რევაზ ნადიოს თქმით, „ბუნებაში არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას“. საქმის პროკურორის ამბობს, რომ არსებობს სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები, სადაც ბევრი მეტი გამოცდილების მოსამართლე საქმიანობს, სადაც ბრალდების მხარე შეეცდება მათი პოზიციის მართებულება დაამტკიცოს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. 
მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს რაც წარვადგინეთ სასამართლოში. მას რომ ოებიქტურად შეემოწმებინა მტკიცებულებები, დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში.

მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულთა, მოწმეთა, ნეიროქირურგების, ექსპერტების ჩვენებები, ასევე საექსპერტო კვლევები და ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები. მან არ გაიზირია ამავე საქმეზე მეტი გამოცდილების და მეტი კვალიფიციურობის მქონე მოსამართლეთა მოსაზრებები“, - განაცხადა ნადოიმ.

რაც შეეხება მოსამართლის განმარტებას, რომლის მიხედვით დაუშვებელ მტკიცებულებლად ცნო „ჰაკიმ ფაშას“ სახელით წარმოდგენილი ვიდეომასალა, ნადოის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა შუაში იყო ხაზის გასმა „ჰაკიმ ფაშასთან“ დაკავშირებით.

„მოსამართლემ ხაზი გაუსვა „ჰაკიმ ფაშას“. ეს ვიდეომასალა არც გამოგვიყენებია როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეომასალას დავეყრდენით“, - განაცხადა რევაზ ნადოიმ

ლევან ჩაჩუას ადვოკატის გიორგი ფანცულაია განცხადებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩაჩუას რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. თავად ლევან ჩაჩუა ამბობს, რომ მართალი იყო და შესაბამისად, სასამართლოსგან ამ გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

„რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. მე არაფერი დამიშავებია, დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემთან მიმართებაში სამართალი აღდგა და ჩივილს არ ვაპირებ“, - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ყოფილი პრემიერის ძმა. გოგლა ჟვანია ამბობს, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც სასამართლოშია, წნეხისგან და ვალდებულებებისგან გათავისუფლება უჭირს. როგორც ჟვანია ამბობს, პროკურატურის მოთხოვნა, მისთვის დამაჯერებელი იყო, თუმცა სასამართლომ არც ვიდეოს არსებობა გაითვალისწინა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ექსპრემიერსა და რაულ უსუპოვს დაზიანებები აღენიშნება და საქმეზე არც ექსპერტი გაამტყუნა.

„ვიდეო, რომელიც სასამართლოში ოფიციალურად იყო წარდგენილი არა „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული მასალაა, არამედ შსს-ში მომზადებული ფილმია, სადაც ჩანს, რომ ლევან ჩაჩუა ექსპერტიზას მნიშვნელოვან მომენტებში არ ესწრება. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც სასამართლოშია ჯერჯერობით უჭირს იმ წნეხისგან და ვალდებულებებისგან განთავისუფლება, რომელიც მათ, ყოფილ ხელისუფლებასთან ჰქონდათ. ჩემთვის ჩაჩუას საქმე პრინციპული არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი ძმის საქმის გამოძიება და საქმის დასრულება. აქედან გამომდინარე, ჩაჩუას განაჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია“, - ამბობს გოგლა ჟვანია.