„რუსთავი 2“-მა აჩვენა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი, რომელიც დარბაზიდან გააგდეს“

„რუსთავი 2“-მა აჩვენა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი, რომელიც დარბაზიდან გააგდეს“

თუ დადასტურდა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების მხრიდან აქციის ხელშეწყობა, სადაც არასრულწლოვნებს აკრძალული ვიდეომასალა აჩვენეს, განათლების სამინისტრო მკაცრ რეაგირებას მოახდენს. ფოთში, ზუგდიდსა და ხობში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ყოფილი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ აჩვენეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი ირწმუნება, რომ ფილმის ჩვენება სპეციალურად მოზარდებისთვის მოეწყო. მათივე ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი ხელისუფლება და განათლების სამინისტრო.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს განათლების სამინისტრო. მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპქეტირება. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა. სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან.

„სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სკოლების მოსწავლეების ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე დასწრებას არ მიესალმება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ესმის მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამომწვევად მოქმედებენ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება დამშვიდდება.

„როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენების ორგანიზატორი ა-ო „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. რაც შეეხება, სკოლის მოსწავლეებს, for.ge-სთან საუბრისას გია სალუქვაძე აცხადებს, რომ დარბაზში სკოლის მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. მისი თქმით, მას აქვს ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ზუგდიდსა და ფოთში ორგანიზებულ ჩვენებებზე ბავშვები არ იმყოფებოდნენ.

ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმის ჩვენება სწორედ 21 მარტს დაგეგმილი აქციის წინ, რა გიშლიდათ ხელს, რომ ფილმი დეკემბერში, იანვარში, ან თუნდაც თებერალში გეჩვენებინათ?

- იანვარში, როდესაც ჩვენ ვიყავით ბრიუსელში დავაანონსეთ, რომ ფილმის ინგლისური ვერსიის ქართულად მომზადების შემდეგ წარვუდგენდით საქართველოს მოსახლეობას. ეს ფილმი ნაჩვენები იყო ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით, გარდა ამისა დევს ინტერნეტშიც. მოვუწოდებ ყველას, ნახონ ეს ფილმი. ეს ფილმი გაკეთდა სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ სხვადასხვა დროს გაშვებული სიუჟეტებით. ორგანიზატორები ვართ ჩვენ, ყოფილი პოლიტპატიმრები.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები?

- დარბაზში მე სკოლის მოწაფეები არ მინახავს, გარეთ რა პროვოკაცია იყო, ამას ვერ გეტყვით. ფოთსა და ზუგდიდში შიგნით, დარბაზში არცერთი კამერა არ იღებდა. ჩვენ დავდებთ ამ კადრებს, სადაც ასახულია, რომ იქ ბავშვების ნასახი არ ჩანს. 1 500 კაცი იყო მოსული და თუ ვინმე იქ მოვიდა, ეს ჩვენს ღონისძიებასთან არავითარ კავშირში არაა.

ზოგადად, დაანონსებული იყო და ყველამ იცოდა, რომ მოხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება. ეს კადრები მედიასივრცეში წლების განმავლობაში ტრიალებდა და ეს ფილმი ამითაა გაკეთებული, ახალი მასში არაფერია. ასევე გამოყენებულია ციხის კადრებიც. ბავშვმა რა თქმა უნდა, ამას არ უნდა უყუროს, მაგრამ ტელევიზიით რომ გადის, არ უყურებენ? ინტერნეტით არ უყურებენ? ავკრძალოთ ინტერნეტი?

რატომ მოხდა ისე, რომ ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ არასრულწლოვანი ბავშვები? „რუსთავი 2“-თან საუბრისას ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ მიიყვანეს ფილის საჩვენებლად....

- ბექა ყარალაშვილი, რომელმაც ტელევიზიას კომენტარი როგორც არასრულწლოვანმა მისცა, მისმა თანმხლებმა პირმა იცნო. მერე ვნახეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათები კობა ხაბაზთან და „თავისუფალი ზონის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ეს ყმაწვილი ფოთის თეატრში ერთ-ერთმა ქალბატონმა იცნო, „თავისუფალი ზონის“ წევრიაო და გააგდო იქიდან. ინტერვიუ სადღაც სხვაგან აქვთ ჩაწერილი და არა ფოთის თეატრთან. „რუსთავი 2“-მა ვერ აჩვენა ვერც ერთი კადრი, რომელიც ადასტურებდა დარბაზში ბავშვების ყოფნას. დარბაზის კადრები ჩვენ გვაქვს და ამას გავასაჯაროვებთ. როგორც უკვე გითხარით, „რუსთავი 2“-მა აჩვენა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი, რომელიც დარბაზიდან გააგდეს.

სიუჟეტში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ფოთში მოსწავლეები ქალაქის განვითარების თემასთან დაკავშირებით დაიბარეს და აღმოჩნდნენ ფილმის ჩვენებაზე. ორგანიზატორებს სკოლის პედაგოგებთან ან რესურსცენტრის წარმომადგენელთან გქონდათ კომუნიკაცია, რომ დასწრებოდნენ ფილმის ჩვენებას?

- არავითარი კავშირი არ გვქონდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კადრები, რომელიც თავმოყრილია ამ ფილმში, ეს არის სხვადასხვა დროს ტელევიზიით გაშუქებული და ამის კოლაჟია. მე ვიყავი დარბაზში. დარბაზის გარეთ ვინ რას იღებდა, ვის რა პროვოკაცია ამოძრავებდა, რომ ბავშვები გადეღო, არ ვიცი. ისეთ კითხვა პასუხის გაცემა, რაც ბუნებაში არ იყო, თავისთავად არასწორია. ჩვენ გადაღებულ გვაქვს დარბაზის კადრები და იქ ბავშვები არ არიან. დარბაზის გარეთ ვინ საიდან და როგორ მოიყვანეს, ამის შესახებ არ ვიცი.

ბატონი გია, თქვენ ამბობთ, რომ დარბაზში არასრულწლოვნები არ იყვნენ. თუმცა, იგივერუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობთ, რომ დარბაზში არასრულწლოვნების მიყვანაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებთ. ამ შინაარსის კომენტარირუსთავი 2“-თვის არ მიგიციათ?

- არა ბატონო. ჩემი კომენტარი არ გაუშვეს. გაუშვეს ის ნაწილი სადაც ვამბობ, რომ ადრესატი მე არ ვარ და რატომ მეკითხებით-თქო. მაგრამ, შემდგომში პაატა იაკობაშვილმა ისე აჩვენა, რომ სალუქვაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებსო. „რუსთავი 2“-მა თავიდან ბოლომდე გაუშვას რასაც ვამბობ და არა დამონტაჟებული კადრები. დარბაზში ბავშვები არ იყვნენ და მით უმეტეს მოყვანილი. „რუსთავი“-ის ჟურნალისტი მეუბნებოდა, რომ სულ მოსულია 500 ადამიანი და აქიდან 450 ბავშვიაო. ჩვენ, რომ დავდებთ კადრებს, აი მაშინ რას იტყვის „რუსთავი 2“? არ აინტერესებდათ დარბაზში ვინ იყვნენ და რას ამბობდნენ. გარეთ დასდევდნენ ადამიანებს.

ცილისმწამებლური კომპანიისთვის აპირებთრუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას?

- „რუსთავი 2“-ის დამახინჯებული რეპორტაჟები ნაკლებად მაინტერესებს და ეს არც საზოგადოებას არ აინტერესებს. მე მაინტერესებს მომავალი. 4 შვილის მამა ვარ, მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა არასოდეს არ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, როგორიც იყო სააკაშვილის რეჟიმი. ეს არის აგონიაში ჩავარდნილი ხალხის ქმედებები, რომელიც ნაკლებად მაინტერესებს.