საზღვარზე თებერვალში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საზღვარზე თებერვალში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2014 წლის მაისის სტატისტიკასთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნებულია. კლების ტენდენციაზე მეტყველებს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, თებერვალში საზღვარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მოხდა 2015 წლის მარტში ქალაქ ვენაში გაერო-ს ნარკოტიკულ ნივთიერებათა კომისიის (CND) 58-ე სესიაზე განხილული საკითხების ანალიზი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით. CND-ის სესიას ესწრებოდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მდივანი და შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე. გაერო-ს ნარკოტიკულ ნივთიერებათა კომისიის სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე, რამდენიმე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესაძლო შეტანაზე გაერო-ს საერთაშორისო კონვენციების სიებში, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელთა გაერო-ს საერთაშორისო კონვენციებში შეტანაზეც მიმდინარეობს დისკუსია, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ 2014 წლის კანონით საქართველოში უკვე კონტროლს არის დაქვემდებარებული.