რიჩარდ ნორლანდს სამწლიანი ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. საქართველოში აშშ-ის მომავალ, მერვე ელჩად იან კელის კანდიდატურაა წარდგენილი. იგი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა. იან კელი ამ დრომდე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. ის იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთო-ში, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ მის შემცვლელად თეთრმა სახლმა გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა.
თავის დროზე, როდესაც ელჩად წარდგენილმა რიჩარდ ნორლანდმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში ნაციონალების მიერ „მოსწორებული სათამაშო მოედნის“ გამო (სადაც პოლიტიკური ოპოზიციისთვის ადგილი არ იყო დარჩენილი), მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რიჩარდ ნორლანდის ნათქვამს პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნორლანდის სიტყვები ახდა, ნაციონალები ხელისუფლებიდან წავიდნენ და, ზოგადად, რიჩარდ ნორლანდმა ამერიკული დიპლომატიის სათქმელი გამოხატა.
როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და რა ღირებულება აქვს ამერიკისთვის საქართველოს, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
- ქართული დიპლომატიისა და ქართული სახელმწიფოსთვის ცუდია, რომ ხელისუფლებაში შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ შეერთებულ შტატებთან კონტაქტები დიპლომატიურ დონეზე მინიმიზირებულია. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ თითქოს სტრატეგიული ქარტიაც მოქმედებს და მეგობრული ურთიერთობებიც გვაქვს ამერიკასთან. აქ ნატოს არ ვგულისხმობ, ნატოს განცხადებები და სასწავლო ცენტრი სულ სხვა არის. უბრალოდ, ამერიკასთან ურთიერთობები ძალიან ცუდ დონეზეა. ცხადია, გაუვიდა ვადა რიჩარდ ნორლანდს და ახალ ელჩს ნიშნავენ. ზოგადად, ამერიკელები ვადებს ძალზე მკაცრად იცავენ, ისევე, როგორც - რუსები. ეს საქართველოშია, რომ ვადას კიდევ ექვსი თვით, ან ერთი წლით ახანგრძლივებენ და გამონაკლისს უშვებენ. გამოვრიცხავ, რომ ვაშინგტონი რიჩარდ ნორლანდით უკმაყოფილო იყოს. ვინც არ უნდა დაინიშნოს ელჩად საქართველოში, ის გაატარებს იმ კურსს, რასაც ქმნის თეთრი სახლი. ეს ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და ამას მაკ-კეინი არ განსაზღვრავს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქართულ-ამერიკული კონტაქტები კრიზისში შევიდეს, ეს ასე არ არის, მაგრამ ისეთი თბილი ურთიერთობა, როგორც იყო შევარდნაძის მოღვაწეობის პირველ პერიოდში, შემდეგ - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ოღონდ, 2008 წლის ომამდე, აღარ არის. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დაღმავალი ხაზით მიდის და ასეთი სვლა არ შეჩერებულა „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგაც. მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ „დამსახურება“ არ უნდა იყოს ის, რომ ეჭვით დაუწყო ვაშინგტონმა ყურება „ოცნებას“. ამას დაერთო ისიც, რომ ბრიუსელში ივანიშვილის პირველივე ვიზიტი წარუმატებელი იყო, შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და ვერ შედგა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში. პრემიერობის დროს, როგორც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ნულანდი რამდენჯერმე სთავაზობდა მას ჩასვლას, მაგრამ ივანიშვილი თავს იკავებდა და თვლიდა, რომ ეს არ იყო მთავარი. მართალია, მთავარი იქ ჩასვლა არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი კი უდავოდ იყო. მით უმეტეს ახლა, როდესაც შტატებმა ვერ მოიცალა საქართველოსთვის, დღეს ობამას მთავარი პრობლემა არც საქართველოა და, თუ გაინტერესებთ, არც უკრაინა, მისთვის მთავარი პრობლემა ირანთან ხელშეკრულება და ისრაელთან ურთიერთობაა, რომელიც კრიზისამდეა მისული.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩასვლა ვაშინგტონში, სენატში გამოსვლა ისე, რომ ობამა საქმის კურსშიც არ ჩააყენა სენატის უმრავლესობამ, ამერიკის ისტორიაში უჩვეულო მოვლენაა. თანაც, მარტში უნდა გადაწყდეს, ირანთან დაიდება თუ არა ხელშეკრულება. თუ ეს ხელშეკრულება ჩავარდა, მაშინ ეს ობამას საგარეო პოლიტიკისთვის ფატალური კრახი იქნება. ამერიკელთა შიდა განწყობილებისა და ებრაელ ამომრჩეველთა პოზიციების გათვალისწინებით, ისრაელი და ირანი ამერიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე უკრაინა. თუ ეს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა, მაშინ უკვე ახალ წინააღმდეგობებს აწყდება ობამა, რადგან ისრაელი და ებრაული ლობი ამერიკაში „დემოკრატების“ წინააღმდეგ სერიოზულ მოქმედებას დაიწყებს. არადა, ცხვირწინ უკვე არჩევნებია ამერიკაში. ამიტომ დღეს ვაშინგტონისთვის პრიორიტეტი არ არის საქართველოსთან ურთიერთობა.
ქართულმა დიპლომატიამ ვერ მოახერხა ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ქცეულიყო ნომერ პირველ თუ არა, ერთ-ერთ წამყვან პარტნიორად მაინც. ჩემთვის ძალზე უსიამოვნოა ის, რომ ამერიკას დღეს სამხედრო სფეროში ყაზახეთთან უფრო აქტიური თანამშრომლობა აქვს, რომელიც, ამავდროულად, ოდკბ-ს („ორგანიზაცია დოგოვორა კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი“) წევრიცაა, ევრაზიის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა და დსთ-ის წევრადაც გვევლინება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე ცუდია, მაგრამ ამას უნდა „ვუმადლოდეთ“ ქართულ დიპლომატიას, რომელსაც სტრატეგიული კურსი არ გააჩნია, გარდა ერთი, აწ უკვე გახუნებული ლოზუნგის - „ჩვენ- ნატოში“. დღემდე რით დაგვამახსოვრა ამერიკისგან მოვლენილმა მეშვიდე ელჩმა- რიჩარდ ნორლანდმა თავი? ცნობილია, რომ ის ცხელ ზონებში მოღვაწეობდა, ავღანეთში, კერძოდ, ქაბულშია ნამუშევარი, ასევე, გორბაჩოვის პერიოდში მუშაობდა მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში, ასევე, მუშაობდა პენტაგონში საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე. ბევრს მოეწონა ის ფაქტი, რომ ორხელისუფლებიანობის დროს, ამერიკულ სამხედრო ხომალდ Bulkeley-ის ბორტზე ივანიშვილის გვერდით მდგომი რიჩარდ ნორლანდი, ივანიშვილთან ერთად, ღიმილით ისმენდა სააკაშვილის ნათქვამს, რომელიც, ფაქტობრივად, „აცინებდა“ დამსწრე საზოგადოებას და ივანიშვილს მიმართავდა: „მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს, თქვენ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე!“ ამის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა მიუთითა სააკაშვილს, რომ სწორედ ის იყო პასუხისმგებელი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გაკეთდა შეფასებები, რომ რიჩარდ ნორლანდმაც ჩაიღიმა ივანიშვილის მხარდასაჭერად. ზოგადად, რიჩარდ ნორლანდს ბევრი უმადლის, რომ მან ნაციონალების არჩევნები არ „გააპრავა“.
- საერთოდ, ელჩებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ ისინი არიან მხოლოდ ელჩები და არა - საქართველოს კურატორები. ნორლანდიც თავისუფლად გამოთქვამდა აზრს რომელიმე მინისტრის დანიშვნაზე, აქ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, მიტინგებზეც დადიოდა. შემზარა, როდესაც არჩევნების შემდეგ ზუგდიდში გამართულ მიტინგზე, როცა ალასანია საპროტესტო აქციებს აწყობდა ზუგდიდში, ნორლანდი ალასანიას გვერდით დავინახე. ეს ალბათ, გინესის რეკორდების წიგნში შევა. ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ქვეყანაში რომელიმე ძალის გვერდზე იდგეს ან საპროტესტო მიტინგში მონაწილეობდეს. ამით მან საქართველოს დაანახა, რომ ალასანია ამერიკის კაცია.
საერთოდ, ამერიკული დიპლომატია მკვეთრად განსხვავდება ევროპული დიპლომატიისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ამერიკას თავისი არსებობის მანძილზე დიდი დიპლომატი არ ჰყოლია, კისინჯერის გარდა. ამერიკელები ძალიან გვანან დიპლომატიაში რუსებს, პრინციპით - „ძალა არის, ტვინი არ არის საჭირო“. ამერიკა რომ გამოჩნდა მსოფლიოში, უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ თეოდორ რუზველტის დიდი ხელკეტის, დიდი ბერკეტის პოლიტიკით, დასჭირდა და, მექსიკაში შევარდა ჯარით, დასჭირდა კალიფორნია და დაიპყრო კალიფორნია, დასჭირდა ტეხასი, დაიპყრო ტეხასი, არავითარი დიპლომატია, მთავარია შიშველი ძალა, რეალპოლიტიკა. ნორლანდი ამ მხრივ ამერიკელების ყველაზე ტიპური წარმომადგენელი იყო. მე მხოლოდ ერთი ნორმალური ელჩი მახსოვს, ეს იყო კენეტ იალოვიჩი, რომელიც პროფესიით მეცნიერია და გაცილებით უფრო ცივილიზებული მეთოდებით მოქმედებდა და დღესაც სეროზულად მოღვაწეობს ამერიკაში, როგორც ექსპერტი.
სანამ ელჩად დანიშნავდნენ და, სანამ მხოლოდ წარდგენილი იყო მისი კანდიდატურა, უკვე ჩანდა, რომ რიჩარდ ნორლანდი კარგად ერკვეოდა საქართველოს საქმეებში. ის საუბრობდა „მოსწორებულ სათამაშო მოედანზე“ , სადაც სააკაშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპოზიციას არათაბარ წინასაარჩევნო გარემოს სთავაზობდა. დღეს, როცა გვესმის ანტიდასავლური განწყობის შესახებ, რა წილი აქვთ ამ საქმეში ელჩებს? თუ ეს საზოგადოებაში დაგროვილი ემოციის გამოხატულებაა, რომლებიც დასავლეთისგან უფრო მეტს ელოდნენ?
- ელჩები აქ არაფერ შუაშია. ეს უკვე ევროპის წინააღმდეგაა. ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის ძირითადად ევროპაა გადაულახავი ბარიერი. ამერიკელებს თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ და ამ ცოდვას ვერ ავკიდებ. რაც შეეხება სააკაშვილს, მან საგრძნობლად გააღიზიანა ამერიკელები აგვისტოს ომით. ჯერ არ გახსნილა ამერიკის არქივები იმდენად სრულად და ზუსტად არ ვიცით კონდოლიზა რაისის საუბრის დეტალები. უბრალოდ, ზოგადად ვიცით, რომ კონდოლიზა რაისი დაბეჯითებით ცდილობდა, დაერწმუნებინა სააკაშვილი, რომ ამერიკა ვერ დაეხმარებოდა მას და ვერ ჩაერეოდა ომში, მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი ვერავინ დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი უთუოდ ჩაერეოდა ომში. ამაში დანაშაული მიუძღვის გენერალურ შტაბს, თავდაცვის მინისტრს, სამხედრო თუ საგარეო დაზვერვას (ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით), რომლებიც სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი ცხინვალის სასარგებლოდ ომში არ ჩაერეოდა, თორემ სააკაშვილს რომ სცოდნოდა, რუსეთთან მოუწევდა ომი, დაიწყებდა ამ ომს? ამერიკელები მაშინ ძალზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან პუტინმა დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ამერიკის მეგობრობის ფასი ნულია. ამერიკელებს შეუძლიათ, ფული მოგცენ, დახმარება გაგიწიონ, მაგრამ, თუ ვინმე თავს დაგესხა, ამერიკა თითს-თითზე არ დააკარებს შენს დასაცავად. ვაშინგტონმა ამაში სააკაშვილი დაადანაშაულა. ადვილია, ამერიკამ თქვას, სააკაშვილს უნდა მოეთმინაო, როცა ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, ეს ადვილი მოსათმენი იყო?
ელჩების კანდიდატურები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ თავის დროზე, მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცივი, სხვა მკაცრი რუსი მეფისნაცვლებისგან განსხვავებით, ქართველებს თეატრსაც უხსნიდა და ოპერასაც. ზოგადად, თბილისისთვის პირველი ძეგლი მადლიერმა ქართველებმა სიცოცხლეშივე დაუდგეს რუს ვორონცოვს. როგორც ჩანს, რბილი დიპლომატია გავლენას ახდენს ქართველებზე. რუსეთი ამით აპრავებდა თავის პოლიტიკას მაშინ და ასე ხავერდოვნად იპყრობდა საქართველოს. „ვარდებიან ხელისუფლებასაც“ ახსოვს ხავერდოვანი პერიოდი, როცა აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ. სერბეთშიც სწორედ მისი ელჩობისას მოეწყო იქაური „რევოლუცია“. იმ პერიოდში პროფესორი გურამ შარაძე მას ამხელდა, რომ რიჩარდ მაილსი უხეშად ერეოდა საქართველოს საქმეებში. აღარაფერს ვამბობ ამერიკის ელჩ ჯონ ტეფტის შესახებ, რომელიც სააკაშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს უპრეტენზიოდ „იბარებდა“. ამ პერსონებმაც ხომ არ განაპირობა თანდათანობით ნიჰილისტური დამოკიდებულების გაჩენა დასავლური ღირებულებებისადმი?
- რაშია, იცით საქმე? უბრალოდ, გეოგრაფიულადაც ევროპა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე ამერიკა. ფასეულობებით, ღირებულებებით ჩემთვის ევროპული ღირებულებები უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკული. ნუ დავივიწყებთ, ამერიკელებს როგორი ისტორია აქვთ. დღესაც კი ფერგუსონში რასიზმის გამოვლინებაა, ლამის ქალაქის პოლიცია დაშალონ რასიზმის გამო. ელემენტარულად, ზესახელმწიფოებრივი ფსიქოლოგია არსებობს, ისევე, როგორც არსებობს ოლიგარქის ფსიქოლოგია. ამაზე დასავლეთში წიგნები იწერება და დისერტაციებს იცავენ. როგორ ფიქრობთ, ამერიკული საზოგადოების რამდენ პროცენტს აღელვებს, რომ საწყალ ქართველებს თურმე ლარი გაუუფასურდათ, პენსიები იმ ოდენობით არ აქვთ, სამსახური არ აქვთ? ჩვენგან განსხვავებით, ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა ზრუნავს ისრაელზე. ისრაელში პატარა კრიზისი კი არა, შეკელი (ისრაელის ვალუტა) რომ ორი პუნქტით დაბლა იწევს, მთელი ამერიკის ხაზინა ყალყზე დგას, როგორ დავეხმაროთო. მთავარი ისაა, რომ საქართველოს არ აღმოაჩნდა სახელმწიფოებრივი აზროვნების ისტორიული რესურსი.
მოდით, გულახდილად ვთქვათ, რამდენ წელს დაითვლით საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ბედი წყდებოდა თბილისში?! ძალიან ცოტას, საქართველოს ბედი წყდებოდა სტამბულში, თეირანში, პეტერბურგში და მერე უკვე მოსკოვში. ამიტომაც არის ის დეფიციტი, რაც დაემართა ბისმარკის შემდგომ გერმანიას. ნუ გვიკვირს, რომ დიპლომატიური სკოლა არ გვაქვს და ფანჯიკიძის თუ ბერუჩაშვილისნაირი საგარეო საქმეთა მინისტრები გვყავს, ნუ გვიკვირს, რომ მერი გვყავს ისეთი, რომელიც რომ გაიყვანო თბილისის რომელიმე უბანში, მანქანამ თუ არ მიაკითხა, სახლამდეც ვერ მიაგნებს გზას. არ იცის ქალაქის ქუჩები და დაიკარგება. ამიტომაც უცხოელები, მით უმეტეს, ამერიკის ელჩები იქცევიან ჩვენთან ისე, როგორც მე-19 საუკუნეში - გვატემალაში...
ანუ საქართველოსთვის ელჩები არასწორად არის შერჩეული, რადგან ამერიკის ძირითადი ინტერესის, არეალის ქვეყანა არ ვართ?
- რასაკვირველია, ცნობილ ელჩს, ცნობილ დიპლომატს დღეს საქართველოში არცერთი სახელმწიფო არ გამოგზავნის. გაგზავნიან ევროპის ქვეყნებში. ამერიკა, პირველ რიგში, ისრაელში გაგზავნის ან ევროკავშირში მიავლენს. საქართველოში კი რა საჭიროა? აქ მოდის ელჩი, მისცემენ ორ გვერდზე დაწერილ ინსტრუქციას და ეს არის. სენატში ამტკიცებდნენ ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის ელჩს, ვიღაცამ ჰკითხა ამ ელჩს, რომ მიდიხარ, დედაქალაქი რომელიაო? ელჩმა არ იცოდა დედაქალაქის დასახელება. მერე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, ეგ არაფერია, რომ ჩავა, ხომ გაიგებსო. ამ დონეზე არ არის საქართველო, მაგრამ არც პრიორიტეტი არ არის.
ისრაელი ახსენეთ და ამერიკის ადმინისტრაციაში ებრაელების ყოფნითაც ხომ არ აიხსნება მათდამი ინტერესი?
- მაგალითად, დღეს ამერიკის ადმინისტრაცია გაცოფებულია ნეთანიაჰუზე, რადგან მთელ თამაშს უფუჭებს ობამას. ირანთან ხელშეკრულება თუ ჩაიშალა, ეს იქნება დარტყმა, რომლისგანაც არა მარტო ობამა, „დემოკრატიული პარტიაც“ ვერ გამოვა. რატომაა, ფრანსუა ოლანდი გამოდის და ლამის მუხლებზე დაუჩოქოს, ისე სთხოვს ებრაელებს, არ წახვიდეთ საფრანგეთიდანო, რადგან მას შემდეგ, რაც არაბებმა დაიწყეს ებრაელების ხოცვა საფრანგეთში, ებრაელები მიდიან. წარმოიდგენთ, რომ რომელიმე ქვეყანა ეხვეწებოდეს ქართველებს, არ წახვიდეთო. პირიქით, ჯანდაბამდეც გზა გქონიათო, იტყვიან, აგერ, ციხეები გაივსო ქართველებით. რასაკვირველია, აქ ებრაული ფული და ბრწყინვალედ ორგანიზებული ლობისტური მუშაობა ჭრის. ასზე მეტი სიონისტური ორგანიზაციაა ამერიკაში და ერთი გაბედოს რომელიმე პოლიტიკოსმა და ისრაელის წინააღმდეგ სიტყვა თქვას, პირველსავე არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს.
ცხადია, დიდ სახელმწიფოებს არ სურთ საკუთარი თავის გაწირვა თუნდაც თავიანთი მცირე მოკავშირეების ინტერესების სასარგებლოდ, თუმცა საინტერესოა, რას ითხოვს ქართველი ხალხი ახალ-ახალი დიპლომატებისგან, რომლებიც მოვლენილნი არიან საქართველოში? ხომ არ გვსურს, რომ მათ მოვლენებს უბრალოდ, ზუსტი სახელი დაარქვან? ხომ არ სურთ ქართველებს უფრო ხისტი შეფასებები და არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალის წარდგენისას, აშშ თურმე შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის დევნის დაწყებით?
- ქართველი ხალხის უმრავლესობა დღეს ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე, ხვალ რა შეჭამოს. ადამიანს 4-5 შვილი ჰყავს და, ცხადია, ბავშვს ვერ აუხსნი, რომ კრიზისია და ამ კრიზისში ჩვენი მინისტრი კი არა, თურმე საზღვარგარეთია დამნაშავე. თანაც, ისეა მოწყობილი ეს ცხოვრება, რომ სადილის დრო ყოვედღე მოდის. ჯერ კიდევ აფრიკელებმა იცოდნენ, რომ მშიერი ადამიანი არ არის მოაზროვნე პიროვნება. ადამიანს რომ შია, მასში იღვიძებს ყველაზე ქვეცნობიერი ინსტიქტები. ამიტომ ქართველების უმეტესობას არც აინტერესებს, ვინ იქნება საქრთველოში ელჩად.