დიტო გელოვანი: 1-რთხელ საქართველოში

დიტო გელოვანი: 1-რთხელ საქართველოში

იყო და არა იყო რა, იყო ერთი რწყილი და მელია. დაძმობილდნენ და მიდიან. წინ წყალი შემოხვდათ. მელიამ ხორბლის ტომარა ზურგზე შემოიგდო, გადაფრინდა და ფონს გავიდა. მიდის და ერთ ოჯახში დაუღამდა. დაუღამდა და დაუძახა: „ოჯახიანო, სტუმარი არ გინდათო?“ „როგორ არა, მელია, მობრძანდი, მობრძანდი, სტუმარი ღვთისა არისო“. შეიყვანეს მელია, მიართვეს საჭმელი და დააძინეს. ყველამ რომ დაიძინა, მელია ჩუმად გამოვიდა გარეთ, საქათმეში პური შეიტანა და ქათმებს გაუშალა, თვითონ ისევ შეიპარა სახლში და დაიძინა. ადგნენ მეორე დილით, მოიკითხეს პური, ნახეს, ქათმებს უყრია. მელიამ კი ერთი მამალი დაიჩემა: „თუ ამას მომცემთ, მომცემთ, თუ არადა აქედან აგყრითო“...

(„მელია“ - ქართული ხალხური ზღაპარი)

მოკლედ, მელია სახლში არ უნდა შეუშვა, თან თუ ზურგზე რწყილი აზის და წყალზე ფრენა შეუძლია. საერთოდ, მელია არსად შესაშვები არ არის, მაგრამ ყველაფერი ხდება და თუ მაინც მოახერხა მელიამ და საქათმეში მოხვდა, მერე კარები უნდა დაუკეტო და საქათმიდან აღარ უნდა გამოუშვა.

შეტყობინების შეტანის მიზნით გასულ კვირაში მელიამ მერიაში შეაღწია. ჩემი მეგობარი სააგენტო დუმილს ამჯობინებს, ეჯდა თუ არა მელიას ზურგზე რწყილი, რაც შეეხება დანარჩენს, ანუ მიზნებს და ამოცანებს, უფლებებს და მოვალეობებს, მთისას და ბარისას, აქეთურს და იქითურს, ამის შესახებ, ყველაფერი მითხრა და აგერ, მე თქვენ გეუბნებით:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ 21 მარტი აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება შეიტანა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს. "ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, უუნარობა და უამრავი სხვა მანკირება ამ ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონის მიზეზია. ძალიან სიმბოლურია, როცა კანონის თანახმად, აი, ამ სამაგალითოდ უუნარო და კორუმპირებული თანამდებობის პირებს ეცნობათ აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რადგანაც ხელისუფლებას დღემდე ვერ გაუგია, რატომ არის საზოგადოება უკმაყოფილო და აღშფოთებული", - განაცხადა მელიამ“.

ოოო, მელანო, კიდევ ეწევი პაპიროსსა კი არა... ოოო, მელია, კიდევ მიირთმევ დიდი კოვზით?

აწი ვეღარ გადაეჩვევიან, ვერც ეგენი და ვერც მათი თანამესუფრე სააგენტოები. აბა, სად ჩემი მეგობარი სააგენტო და სად მათი თანამესუფრე! აი, ზუსტად ახლა, ამ წუთებში, მათმა თანამესუფრე „პირველმა რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ჯერ ერთი, ქართველი კაცი ყოველთვის ებრძოდა მტერს და დუშმანს და ამდენად არც ნაცმოძრაობის ოფისის დარბევა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მთავარი აქ არის მეორე, ხოლო ეს მეორე არის სათაური, რომელიც ნაც-კვერცხუჯრედებს ნიუსისთვის დაურქმევიათ - „6-ი დაშავებული. „ქართული ოცნების“ წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს“.

არა, ძმაო, ესენი მართლა კვერცხუჯრედები არიან და უკვე შემიძლია 21 მარტის სათაურები ვიწინასწარმეტყველო: „21-თ მარტს დიდი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება“, „3-ი საათისთვის ვარდების მოედანზე 35-ი 1000-ი ადამიანია შეკრებილი“, „პარლამენტის შენობისკენ  150-ი 1000-ი ადამიანი დაიძრა“, „სიტყვით უკვე 7-ი ლიდერი გამოვიდა და თითომ 15-ი წუთი ილაპარაკა“, „ნაციონალური მოძრაობა 2016-ი წლის არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს“...

ოეეეე, თქვე კეთილმოტყუებულებო, აბა თქვით 6-ი... აბა თქვით 7-ი... აბა თქვით 8-ა.

ყვავი დაგა9-ათ!

16-ი საათი და 20-ი წუთია და ყველაფერი გენიალურადაა. 17-ტ საათსა და 30-თ წუთზე დაბადების დღეზე უნდა ვიყო აქვე, დიღმის მასივში. ოტია იოსელიანის შვილთაშვილი 12-ი წლის ხდება და რა თქმა უნდა ხვდებით, რომ სუფრასთან აუცილებლად მიმოვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ისე როგორ იქნება, რომ 1-ი-2-ი ნაცი და ამდენივე ქოცი შესაბამისი ზმნებით არ მოვიკითხოთ.

ორი ზმნა ერთ წინადადებაში - „არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ზაქარია ქუცნაშვილიც ითხოვს“. ორი ზმნა და „ც“-სგან გამოწვეული ინტრიგა. კიდევ ვინ ითხოვს არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას? ეჰ, ვინ აღარ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დიმიტრი ხუნდაძესთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან.

„საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. მის მიერ დაანონსებული განცხადების დეტალების დაკონკრეტებისგან ქუცნაშვილი თავს იკავებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სრულად იზიარებს და უჭერს მხარს დიმიტრი ხუნდაძის მოთხოვნას, არმაზ ახვლედიანის მიერ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით. 
ქუცნაშვილის შეფასებით, ის რაც ახვლედიანმა განაცხადა, დეპუტატისადმი მუქარაა.
დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს“ - ეს მხოლოდ ნაწყვეტია, დანარჩენი კი სრულად ასახავს კონფლიქტის ანატომიას.

ამ კონფლიქტის შესახებ არ ვილაპარაკებ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების საშუალება მხოლოდ ერთია - ვიღაცამ (გასაგებია ვინც) ზაქროს ყურში უნდა ჩააწვეთოს, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში ადგილი გარანტირებული აქვს. მერე ზაქრო გადააწვეთებს ზვიადს და დიმიტრის. ამის შემდეგ ნანა ყეენიშვილი მოინდომებს ჯანდაცვის მინისტრობას, ხოლო გოგი ქავთარაძეს კულტურის მინისტრობაზე გაუჩნდება პრეტენზია. მათაც უნდა ჩააწვეთონ თითო იმედისმომცემი რამ და ა.შ. ყველანი დაწყნარდებიან. ისიც ხომ გახსოვთ, როგორც იყო - მთელი 10-ი წელი არმაზ ახვლედიანი იყო წყნარად, შემდეგ ჩატარდა 1-ი ოქტომბრის  არჩევნები, 3-მიოდე თვე კიდევ მოიცადა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო - ტელევიზიიდან ტელევიზიაში, რედაქციიდან რედაქციაში... იმდენი ირბინა, სანამ მმართველი პარტიის პოლიტიკურ თუ რაღაცნაირ მდივნად არ დანიშნეს.

პოლიტიკა ბინძური რამ არისო... ნაგავსაყრელის ტერიტორიაც ბინძურია, მაგრამ ერთი გენახათ, როგორი წკრიალა და ხასხასა იყო, სანამ იქ ნაგვის დაყრას დაიწყებდნენ. ვინ იცის, ექვემდებარება თუ არა გადამუშავებას ის ნაგავი, რაც ქართულ პოლიტიკაში დაიყარა, რითაც გაივსო პარლამენტი და საკრებულო... ნაგავში გადაგდებული მარგალიტის სადღეგრძელო დაგვილევია 25-ი-30-ი წლის წინ და ვინ იცის, რამდენს შეუსვამს ასლანისტ-შევარდნაძისტებით გამოტენილი თბილისის საკრებულოს ერთი წევრის - მიხეილ სააკაშვილის - სადღეგრძელო... მაგრამ სანამ ნაგავი ბოლომდე არ გაიხრწნება, სუნი თითოოროლას თუ აწუხებს ხოლმე.

„დედაქალაქის მერს,  დავით ნარმანიას მიმდინარე კვირის განმავლობაში სავარაუდოდ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დავიბარებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.  "არის შეკითხვები რა ხდება დედაქალაქში, რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა, რა ხდება მერიაში, სადაც ძალიან ბევრი საკადრო გადაადგილებაა. ამ კითხვებზე განმარტებები ვერ მივიღეთ. გვაინტერესებს კორუფციის ფაქტები, რამდენად აკონტროლებს სიტუაციას მერიაში დავით ნარმანია, რამდენად აქვს მას მტკიცედ ხელთ მართვის სადავეები და ხომ არ გაექცა ეს მართვის სადავეები. ეს შეკითხვები გვაქვს“ - რაც დრო გავა, შეკითხვაც მეტი იქნება, მთავარი კი არის პასუხი“.

„რამდენად აკონტროლებს სიტუაციას მერიაში დავით ნარმანია“ - ეს მართლაც საინტერესოა, მაგრამ არც ის არის უინტერესო, რამდენად აკონტროლებდა სოროსის ფონდს თავად ალეკო ელისაშვილი? ოოო, ამ თემაზე რაღაც-რაღაცეები ნამდვილად მაქვს მოსაყოლი და დანარჩენ კითხვებსაც მაშინ დავსვამ, როცა მოვყვები. ჯერ ხომ ნაგავი ბოლომდე არ გახრწნილა.

ბუნებრივი იქნებოდა, სიბინძურეზე, ნაგავზე და ხრწნაზე აჭარის უზენაეს საბჭოში განვითარებული მოვლენები გამეხსენებინა, სადაც კვერცხებმა კვერცხებს კვერცხები დაუშინეს, მაგრამ ჯობს მხოლოდ სათაურებით და ნიუს-ნაგლეჯებით დავკმაყოფილდე.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, მედეა ვასაძისა და ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით, დეპუტატ სვეტლანა კუდბაზე ზეწოლა ხორციელდება. მათი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატ სვეტლანა კუდბას სახლში იმყოფებოდა და მასზე აწარმოებდა ზეწოლას, რათა იგი უმაღლესი საბჭოს ხვალინდელ სესიაზე მივიდეს“ - ჯერ იყო ეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის "საიდუმლო ვიზიტი" სვეტლანა კუდბასთან 5 საათი გაგრძელდა. როგორც ჟურნალისტებს ბერიძემ განუცხადა, მან დეპუტატი მოინახულა, რადგან ჰიპერტონიული პრობლემა აქვს და მის ჩაძინებას დაელოდა. ავთანდილ ბერიძე კუდბაზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს“.

საკითხავი ის არის, როგორ ელოდა ბერიძე კუდბას ჩაძინებას - ქოლგით, უქოლგოდ თუ კისერზე წურბლებით?

შემდეგ მოდის შინაარსით ბინძურზე ბინძური სათაური - „ნაციონალურმა მოძრაობამ მედეა ვასაძის კანდიდატურა დააყენა“, რის შემდეგაც ვიგებთ, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მედეა ვასაძე რიგგარეშე სხდომაზე მეორე კენჭისყრის შედეგადაც ვერ აირჩიეს. მეორე კენჭისყრაზე დეპუტატ მედეა ვასაძის კანდიდატურა განიხილებოდა. 13 რეგისტრირებული დეპუტატიდან მას მხოლოდ სამმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 5 იყო, 2 ბიულეტენი ბათილად ცნეს, ხოლო სამს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რეგლამენტის თანახმად, მესამე კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურას, ჯემალ ფუტკარაძეს და მედეა ვასაძეს ერთად ეყრება კენჭი“.

თუ გავიხსენებთ, რომ მანამდე იყო ლოდინი და ჩაძინება, რომ იყო ზეწოლა და რომ ყველაფერი კვერცხებით დასრულდა, განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება ბოლო ნიუსში ამოკითხული ეს სიტყვები: „ჯემალ ფუტკარაძეს და მედეა ვასაძეს ერთად ეყრება კენჭი“.

რას არ წაიკითხავ, რას არ გაიგებ კაცი... მართლაც 1-თ რამედ ღირს ქართული პოლიტიკური ბატალიებისთვის თვალის მიდევნება.

აი, თუნდაც, ის ამბავი, პარლამენტში კვირიკაშვილს და ხადურს რომ მოუსმინეს. ჩემმა ღრმადგანსწავლულმა და განათლებულმა მეგობარმა სააგენტომ ასეთი სათაური მიუძღვნა: „ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოსმენის საკითხმა ორ საპარლამენტო კომიტეტს შორის ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია“. აღარ გადავამოწმებ, ისედაც ცხადია, რომ „პირველი რადიოს“ სათაური ასეთი იქნებოდა: „...2-რ საპარლამენტო კომიტეტს შ-2-ის 1-თგვარი გაუგებრობა გამოიწვია“.

კვერცხები არა, მაგრამ სასაცილო სიტყვა-ფრაზები აქაც ისროლეს: „ნადირაშვილს უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაჩუმებისკენ მოუწოდა და მას რეპლიკით - "ბებია გიჭყავით" მიმართა. ნიშნიანიძეს კორექტულობისკენ პავლე კუბლაშვილმა მოუწოდა, ხათუნა გოგორიშვილმა კი დამაწყნარებლის დალევა ურჩია“.

„ბებია გიჭყავით...“ - დიდი ხანია აღარავის უთქვამს, არ გამიგია და, მართლაც, რას არ გაიგებ, ისევე როგორც ამას - „ინტერპარტიული“. თუმცა, ამ ბოლო დროს ეს სიტყვა ხშირად გვესმის და არც გასული კვირა იყო გამონაკლისი: „დღეს კამპანია "შეცვალე უსამართლო საარჩევნო სისტემა" დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" კამპანიის მონაწილეებმა აცნობეს, დღეს სასტუმრო "რედისონში" მემორანდუმს მოეწერა ხელი. მას ხელს აწერენ ქვეყანაში მოქმედი ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაციები, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“.

ამ ბოლო 2-რ-3-მ კვირას თუ არ ჩავთვლით, ეს სიტყვა ბოლოს ზუსტად 16-ი წლის წინ გავიგე და ახლა უნდა გავიხსენო.

9-ა აპრილის 10-თ წლისთავთან დაკავშირებით სტატია მქონდა დასაწერი. შემოვიარე ეროვნული მოძრაობის ლიდერები - ნათაძე, ბათიაშვილი და სხვები და ირაკლი წერეთელს პარტიის ოფისში მივადექი. ორნი ბურას თამაშობდნენ, ორიც უცქერდა. იქით არის, იმ ოთახშიო - მიმასწავლეს. ვაჟა ადამიამ შემასწრო. საკმაო დრო გავიდა, წერეთლის ოთახიდან სულ ასეთი რამეები ისმოდა (ხმამაღლა, თითქმის ყვირილით ლაპარაკობდნენ): „მანჩესტერის დედაც... გაუმარჯოს ბარსელონას... ვინა, ზიდანი? ზიდანი სად იყო... აი, მარადონა... ბექჰემის მასხარა...“ წერეთლის თანაშემწეს (კროსვორდს ავსებდა. კომში, ანუ? სამი ასო) ვუთხარი, შევალ-მეთქი. არაო - მითხრა - ინტერპარტიული შეხვედრა მიმდინარეობსო.

1-თი იმ მემორანდუმში ჩამახედა, რედისონში რომ მოეწერა ხელი!

ესაა ცხოვრება? მოგწონთ ასეთი ცხოვრება? აი, თოფაძეს არ მოწონს, რომ საქართველოს გეზი არის ნატო, მაგრამ ჩვენც ხომ არ მოგვწონს თოფაძის ლუდი, რომელზეც, როგორც ამბობენ, ერთმა ჩეხმა სტუმარს, მას შემდეგ, რაც „ყაზბეგი“ დალია, უთქვამს, მე მგონი, ეს ლუდი ერთხელ უკვე დალია ვიღაცამო.

ერთხელ წაკითხულს კიდევ წაგაკითხებთ: „პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი - დაუმძიმდათ“.

აი, თქვენ კი დაგიზუსტდათ და დაგიმძიმდათ არმაგედონის ზანგის - ესაა ჩემი კომენტარი.

„პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ამ დროისთვის გათავისუფლებულია“ - იუწყებოდა ჩვენი ძმა, სააგენტო.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი გაათავისუფლეს და ეს ლოგიკურია. დაერქმია თავისი პარტიისთვის „ფულიანი საქართველო“ და ჩაუკუჭავდნენ ჯიბეში ფულს - ა შენ, კუკა, თუმანი და მეტი აღარ გაიხადოო, მაგრამ დღევანდელი თუმანი თუმანია? დღევანდელი ქალი ქალია? დღევანდელი ღრუბელი ღრუბელია?

გახსოვთ, რა ლამაზი ღრუბლები იყო ჩვენ ბავშვობაში? რა კარგი იყო ბავშვობა, როგორ გვასწავლიდნენ, მადლი ქენი, ქვაზე დადე და ნუ დაუწყებ ლოდინს, რომ წინ დაგხვდებაო. მადლი იმის მადლია, რომ ჩუმად უნდა აკეთოო...

„საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია XVIII საუკუნის უნიკალურ ხელნაწერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შესწირავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ეკა ბესელია ცენტრს XVIII საუკუნის ხელნაწერს საჩუქრად ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში დღეს გადასცემს. მათივე ინფორმაციით, ხელნაწერი შემომწირველმა, ეკა ბესელიამ კერძო პირისგან შეიძინა. 14 მარტიდან კი, აღნიშნული წიგნი ცენტრის საცავებში სხვა უნიკალურ კოლექციასთან ერთად დაიდებს ბინას“ - ეს ანონსი სიკეთის ჩუმად კეთებაზე გამახსენდა.

მოკლედ, წავედი. მომავალ ორშაბათამდე. 21-ი მარტი მნიშვნელოვანი დღეა. აუცილებლად წავალ... კოტე მახარაშვილის დაბადების დღეზე, და შევეცდები თვალში არ მომხვდნენ ისინი, რომელთათვისაც ზოგს ბებიის ჭყავილი ემეტება, ზოგს კი დედის წიოკი და მამის მშიერი მძვინვარება.

მ. ე. ნ. (მელიას ერქვა ნიკანორი) ...მელიამ აიკიდა გუდა და მიდის, მიდის და მიიმღერის: „პური გავცვალე მამალზე, მამალი - ცხვარზე, ცხვარი - ხარზე, ხარი - პატარძალზე, ბანი, პატარძალო, ი-ი-ი-ი-!“ უცებ ძაღლი დაიღრენს. „ეს რაღაც ცუდ ხმაზე იძახის ბანს, თუ არ ვნახე, არ იქნებაო. მელიამ გუდას პირი მოხსნა. მოხსნა და ამოვარდა ძაღლი. ეცა ამ შენს მელიასა და გაგლიჯა და გამოგლიჯა. პატარძლი თავის სახლში მივიდა, ძაღლი კი პტრონს ჩაბარდა.

(„მელია“ - ქართული ხალხური ზღაპარი)