„ნურავინ იფიქრებს, რომ ჭამას შევწყვეტთ“ - წავიდნენ თუ არა უგულავას პროცესიდან რესტორანში „ნაციონალები“?

„ნურავინ იფიქრებს, რომ ჭამას შევწყვეტთ“ - წავიდნენ თუ არა უგულავას პროცესიდან რესტორანში „ნაციონალები“?

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. უგულავას ადვოკატები დღევანდელ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატ ბექა ბასილიას განცხადებით, უგულავასთვის პატიმრობის ხელახლა შეეფარდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ხელყოფაა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, პირის პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანს  უგულავას პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადება, პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში მოუხდა. პროცესს უგულავას გულშემატკივრები არ დასწრებიან, დაესწრნენ მხოლოდ ადვოკატები, პროკურორები და ჟურნალისტები. გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე განმარტა, რომ მომავალში სასამართლო პროცესებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. სწორედ, თბილისის ყოფილი მერის ამ განცხადების შემდეგ დატოვეს დარბაზი მისმა მხარდამჭერებმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილი განცხადებით, არსებული სასამართლოს პირობებში სიმართლის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან უგულავას ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

„ეს არის წინასწარ დადგმული ცირკი. დღეს მივიღეთ სასამართლო, რომელსაც არ აქვს არანაირი პრინციპები და ისინი მართლაც არიან ივანიშვილის ჩმორები. ჩვენ ამ სასამართლოებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ცხადია, ასე სიმართლის დადგენა ვერ მოხდება, მაგრამ მალე დადგება ის დრო, როდესაც ამ სასამართლოზე და ივანიშვილზე არ იქნება დამოკიდებული – ციხეში იჯდება თუ გარეთ გამოვა გიგი უგულავა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირმა ნადირაშვილმა პროცესის დატოვების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით კი, მოსამართლის გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სასამართლო დარბაზში იმიტომ ვერ მოისმინეს, რომ საამისოდ დრო არ ეყოთ. რადგან  უგულავას საგულშემატკივროდ სასამართლოში მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს მარნეულში, ერთ-ერთი თანაგუნდელის, აზერ სულეიმანოვის საკუთრებაში არსებულ რესტორანში გაშლილი სუფრა ელოდებოდათ - ირმა ნადირაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად. ინფორმაციის გადასამოწმებლად for.ge-მ იუბილარ დეპუტატთან დაკავშირება სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე,  დეპუტატის განცხადებით, ამგვარ ინფორმაციებს კონკრეტული პირები მათ წინააღმდეგ შეგნებულად ავრცელებენ, რაელურად, კი  გიგი უგულავას მხარდამჭერებმა დარბაზი მისივე  განცხადების გამო დატოვეს.

„სამწუხაროდ, გიგი რომ წავიდა, მერე უკვე ორგანიზებულად ჩვენ, მისმა მეგობრებმაც, დავტოვეთ პროცესი. 15 წუთში გიგის განცხადებას დავდებ ჩემს „ფეისბუკის“ გვერდზე და გაიგებთ, რატომ დავტოვეთ სასამართლო. თქვენც ხომ იცით, რატომ ვრცელდება ასეთი განცხადება. ცხოვრება გრძელდება, არ ვაპირებთ ყურების ჩამოყრას და ძაძების ჩაცმას. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჭამას შევწყვეტთ. პირიქით, ვაპირებთ ბრძოლას სამართლიანობისათვის“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გიორგი ბარამიძე.