შორენა, ნანუკა, მაკა და... სხვები

შორენა, ნანუკა, მაკა და... სხვები

დღეს კვირაა და მორიგი სახალისო მოგონებები უნდა შემოგთავაზოთ. ნება მომეცით წერილში „ტრადიცია“ დავარღვიო და დღევანდელი „ისტორიების“ მთავარ  თემად ამჟამინდელ ქართულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ქალბატონების უვხოური ვოიაჟების დროს თავსგადამხდარი თავგადასავლები ავიღო.

„სუსტი სქესის“ ეს წარმომადგენლები „პროფილისა“ და „ნანუკას შოუს“ ხშირი, უფრო ზუსტად კი თითქმის მუდმივი სტუმრები არიან. რასაკვირველია ქართველმა ტელემაყურებელმა მათი პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცის. ამის მიუხედავად დარწმუნებული ვარ რომ ქვემოთ მოყვანილი „შემთხვევების“ შესახებ პირველად გაიგებს.

ნანუკასა და მაიას კი დავამშვიდებ რომ ჩემი სახით ახალი კონკურენტი ნამდვილად არ გამოუჩნდათ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ და თავიანთი „შოუ გადაცემების“ კეთება კვლავ გააგრძელონ. „პროფილისა“ და „ნანუკას შოუს“ სახის „ექსპერიმენტის“ ჩატარება ჩემთვის ალბათ პირველი და უკანასკნელი მცდელობა იქნება.

ჩვენი პირველი რესპონდენტი უბადლო შორენა ბეგაშვილი იქნება. „შოკას“ საკუთარი თავის შესახებ არაერთ გადაცემაში უსაუბრია, მაგრამ ნიკოლას ქეიჯის შესახებ ალბათ ჯერ არ ულაპარაკია.

„კიევში ვიყავი სარეკლამო რგოლის გადაღებაზე. ვიფიქრე, წავალ, მაღაზიებს მოვივლი-მეთქი. ბევრი ვიარე და აღმოჩნდა, რომ გზას ვეღარ ვიკვლევ უკან. რუსული კი ვიცი, მაგრამ მისამართი არ მახსოვდა, სადაც დაბინავებული ვიყავით.

უცბად გამახსენდა, რომ ფოტოაპარატში მქონდა გადაღებული იმ ქუჩის ხედი – ფანჯრიდან გადავიღე ნიკოლას ქეიჯის დიდი პლაკატი, რომელიც იმ სახლის წინ იყო გამოფენილი. „დავაძრე“ აპარატი და გამვლელ-გამოვლელს ვეკითხებოდი, ეს სად არის გაკრული-მეთქი. ზოგს გიჟი ვეგონე, რა გინდა, რა პლაკატი, რის ქეიჯიო. ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა მითხრა, სადაც უნდა წავსულიყავი. ვშაყირობ ხოლმე, ნიკოლას ქეიჯი რომ არა, ხომ დავიკარგებოდი ამხელა კიევში-მეთქი“.

მომღერალ მაკა ზამბახიძეს ერთხელ ქალაქ სტამბულის აეროპორტში დიდი „უსიამოვნება“ შეემთხვა.

„ყაზახეთში მიგვიწვიეს კონცერტების ჩასატარებლად. ასეთი რეისი გვქონდა: ჯერ უნდა ჩავსულიყავით სტამბულში, მერე ასტანაში და ბოლოს – ალმა-ათაში. სტამბულში რომ ჩავედით, დრო გვქონდა, ვიფიქრეთ, ცოტა მოვწესრიგდეთ, დავისვენოთო და სასტუმროში დავბინავდით.

აეროპორტში რომ დავბრუნდით, სად არის ჩვენი თვითმფრინავი?! თურმე, რეისი შეცვლილა და გაფრენილი დაგვხვდა. უნდა გენახათ ჩვენი რეაქცია. კონცერტია და, ხომ ვერ აუხსნი ხალხს – იცი, დავისვენეთ და ამიტომ გამოგვასწრო თვითმფრინავმაო. მოკლედ, აეროპორტის შენობის ცენტრში დააწყვეს ბარგი-ბარხანა, დამსვეს ზედ და წავიდნენ ამბის გასაგებად აეროპორტის დისპეტჩერთან.

ვარ ასე დაგდებული ბომჟივით აეროპორტში. გავიხედავ – იქიდან მოდის ჩადრიანი ქალი, გამოვიხედავ – აქედან მოდის დიდულვაშებიანი მამაკაცი, ზოგი ტერორისტი მგონია, ზოგი მკვლელი, ზოგი ვინ და ზოგი – ვინ. ცალი თვალით რომ დაგენახათ, იმ დროს როგორი იყო მაკა ზამბახიძე, შეიძლება, სიცილით გაგუდულიყავით. მერე ვიფიქრე, ეს ადგილი უნდა შევიცვალო, ცოტა თვალს მივეფარო-მეთქი. მოვიკიდე მთელი ბარგი ზურგზე მარტომ და გადავიტანე ვითომ უსაფრთხო ადგილას. რომ დავინახე რატი და ჩემი მეგობარი, გეფიცებით, მეორედ დავიბადე. როგორც იქნა, მოვაგვარეთ საქმე და გავფრინდით“.

ნანუკა გოგიჩაიშვილს მგზავრობის თურმე საშინლად ეშინია.

„ისე მეშინია მგზავრობის, ვერ აღგიწერთ. თვითმფრინავით თუ მიწევს მგზავრობა, ძალით თუ არ შემაგდეს სალონში, ჩემი ფეხით როგორ შევალ? რომ შევალ, ეგრევე ვიძინებ, ფრენის პროცესი რომ ვერ ვიგრძნო.

ერთხელ, დედაჩემის დაქალი იყო ჩამოსული საქართველოში. ამერიკაში ცხოვრობს და იშვიათად ჩამოდის აქ. მოკლედ, ისე მოხდა, რომ დედაჩემმა მოუცლელობის გამო, ვერ ნახა. წასვლისას, დაურეკა და უთხრა, გული მწყდება რომ ვერ გნახე, არადა, რამდენი საჭორაო მქონდაო. მოკლედ, იმ დღეებში მოგვიწია მე და დედას უცხოეთში გაფრენა. ძლივს ხომ შემაგდეს თვითმფრინავში, იქ კი წავიფარე თავზე და ამოვუშვი ხვრინვა. ჩემს გვერდით ვიღაც იჯდა, იმასაც აფარებული ჰქონდა თვალებზე, ჩაფუთნული იყო და ეძინა. დედაჩემმა გამაღვიძა, საჭმელი ჭამეო. იმ ქალსაც გამოეღვიძა, მოიხსნა თვალებზე და რას ვხედავთ, ის დედაჩემის დაქალი არ არის? გადაირივნენ დაქალები. შუაში მე ვზივარ, დაიწყეს ლაქლაქი და იმდენი იჭორავეს, მთელი გზა ჯოჯოხეთი გამომატარეს. არც დამაძინეს, თან შიშით ვკვდებოდი. ერთი სიტყვით, ეს მგზავრობა ერთ ტანჯვად მექცა, მაგრამ, თვითონ ისე გაერთნენ, ვის ახსოვდა იქ ჩემი შიში“.

თვითმფრინავით მგზავრობისას ლენუკა ყიფშიძესაც დღემდე საშინლად აკანკალებს.

„თვითმფრინავის ისე მეშინია... მე და ჩემი შვილი კვიპროსზე მივდიოდით დეიდაჩემთან დასასვენებლად. ისეთი შიში ვჭამე თვითმფრინავში, მტრისას. მეგონა, ჩამოვვარდებოდით, ვფიქრობდი, ჩემს შვილთან ერთად მოვკვდები, ამას რას ვერჩოდი-მეთქი. ცრემლებს ვაღვარღვარებდი და თან ცხოვრების კადრები მაღალი სისწრაფით მიჰქრი-მოჰქროდნენ ჩემ თვალწინ. თან ქართველიც ვერ აღმოვაჩინე მგზავრებში, რომ მელაპარაკა და დავმშვიდებულიყავი. ვტიროდი და ვიმეორებდი: დედა, დედა, დედა... ეს ჩემი შვილი სულ მაგიჟებდა. ყოველ წამს მეკითხებოდა, დედიკო ხომ არ ჩამოვვარდებით, ხომ არ დავიღუპებითო, ჭკუიდან გადამიყვანა. სტიუარდესას რომ ვეკითხებოდი, მეშინია, ხომ არ ჩავვარდებით-მეთქი, ცივად მპასუხობდა, ნუ პანიკობთ, დაიმშვიდეთ ნერვებიო“.

მსახიობი თაკო აბაშიძე უცხოეთში „შეიარაღებული“ დაიარება და ჩანთაში ყოველთვის მომცრო პისტოლეტი უდევს.

„ერთხელ, ისრაელში მივდიოდი თეატრიდან გასტროლებზე. სპექტაკლში, ისეთი როლი მქონდა, სადაც თოფს ვისროდი. ეს პატარა პისტოლეტი ჯიბეში მედო. აეროპორტის საბაჟოზე, კონტროლი ხომ უნდა გამევლო და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, როცა ამ იარაღს აღმომიჩენდნენ.

უშიშროების ოთახში რომ შემიყვანეს და დაიწყო დაკითხვა, კარგა ხანს იქ ვიჯექი. თან საინტერესო ის იყო, რომ ტყვიებიც მიმქონდა და მებაჟეები გადაირივნენ, ვის მოსაკლავად მიდიხარ ისრაელშიო. წვერი არ მქონდა თორემ, ნამდვილად ტერორისტად მომნათლავდნენ.

ერთხელ კი, უცხოეთში ჩასულები, ტაქსით ვმგზავრობთ მე და ჩემი დაქალი. იმ ქვეყანაში, ჩვენდა გასაკვირად, თითქმის ყველა კაცს ნეკა თითზე მოზრდილი ჰქონდა ფრჩხილი. მოკლედ, ეს მძღოლი, მაგარი ჩაპუდრულ, დავარცხნილ, დადუხული ვინმე იყო და მასაც ნეკა თითზე ფრჩხილი ჰქონდა მოზრდილი. დავიწყეთ დაქალებმა ლანძღვა ქართულად, რა არის, რა უბედურებაა, ან რა მოდაა, აბა, შეხედე ახლა ამას, სიმპათიური ბიჭია და ამ ნეკა თითზე ფრჩხილის გაზრდა რა ჭკუაში მოუვიდა, თავმოყვარეობა არ აქვს... მაგრად რომ გამოვლანძღეთ, უცებ არ მოგვხედა და არ გვითხრა, გოგონებო მარჯვნივ შევუხვიოო. გავშრით და გავლურჯდით. თურმე ქართველი არ ყოფილა? მეორე დღეს, შიშით ვიხედებოდით აქეთ-იქით, სადმე არ დაგვხვდეს და არ მიგვაცხრილოსო“.

მომღერალ თამთა გოგუაძეს მოგზაურობისა არ ეშინია, თვითმფრინავში ხშირად ჯდება და რაც მთავარია - ქართული „იქს-ფაქტორის“ ჟიურის წევრი მანქანას „ჩინებულად“ ატარებს და „პიპიას“ ნაწილებში ნებისმიერ თბილისელ ხელოსანზე უკეთ „ერკვევა“.

„ადრე მყავდა მანქანა, რომელიც ხშირად ქრებოდა. ახალ აკუმულატორს ვყიდულობდი, მაინც ვერაფერი ვუშველე, სულ პრობლემა მქონდა. „კლემა“ ვარდებოდა აკუმულატორიდან.

მოკლედ, ერთხელაც, გადაპრანჭული, ქუსლებზე „შემხტარი“ მივდივარ, თავი მომწონს და არ ჩამიქრა მანქანა? რა უნდა მექნა? მამაჩემს დავურეკე, მიშველე, მეჩქარება, თან გადაპრანჭული ვზივარ და მანქანა გავირდა, ვეღარ ვქოქავ-მეთქი. მითხრა, გასაგებია, რომ გამოპრანჭული ხარ, მაგრამ, უნდა გადმოხვიდე, კაპოტი ახადო და ჩაიხედო, „კლემა“ იქნება ამომძვრალი. მე აქედან რა გიშველოო. დამცხა. რაღას ვიზამდი?

შუა „გაგარინის“ მოედანზე, გადმოვედი მანქანიდან, ავხადე კაპოტი, ჩავძვერი შიგ და დავიწყე ჩხირკედელაობა. უნდა გენახათ, გამვლელ-გამომვლელთა რეაქცია, გიჟებივით მიყურებდნენ, მაგარი მაკიაჟით, ქუსლებიანი ფეხსაცმლით და გადაპრანჭულს, საზეიმო ფორმაში. როგორ მქონდა თავი ჩარგული აკუმულატორში და ვბოდიალობდი კარგი ხელოსანივით.

ხელები სულ მაზუთიანი მქონდა. თან ვაკეთებდი და თან საკუთარ თავზე ვკვდებოდი სიცილით. ბოლოს გავბრაზდი, რა არის, გოგო ვაკეთებ მანქანას, რომელიმე ბიჭი მაინც მიხვდეს და მოვიდეს, დახმარება შემომთავაზოს-მეთქი. გავიხედე, ძლივს რომ დავქოქე მანქანა და გავიწმინდე მაზუთიანი ხელები, მერე მოვიდა ვიღაც ტიპი და მითხრა, დაგეხმაროო. რა უნდა დამეხმარო, გასაღების გადატრიალება და საჭის ტრიალი მეც კი ვიცი-მეთქი, ისეთი შევუბღვირე, გადაირია. შორიდან დაგინახე, ვიფიქრე, დავეხმარები და თუ არ გინდა, იყავი ეგრეო“.

დღევანდელი „წერილის“ დასასრულს კი ნამდვილ „საპროფილო“ მოგონებას შემოგთავაზებთ. სიტყვას მომღერალ სოფო ბედიას გადავცემ.

„მე და ნინი შერმადინი ბათუმში ვიყავით ჩასული დასასვენებლად. წყლის ბანანზე არასდროს ვმჯდარვარ. კი ვხედავდი როგორ დასეირნობდნენ ამით წყალში, მაგრამ რა ფინალით სრულდებოდა ეს სეირნობა, არ ვიცოდი. ბოლოში თურმე, ნაპირს რომ მოუახლოვდება, მოგიქნევს და წყალში გაგდებს. თან ისე, აზრზე რომ ვერ მოხვალ. თუ არ იცი წინასწარ, ძალიან სტრესულია.

მოკლედ, ატყდა ნინი, გინდა თუ არა, ჩვენც გავისეირნოთ, ძალიან მაგარია, აი, ნახავ, როგორ „გაგისწორდებაო“. დავუჯერე, ვიფიქრე, რა მომივა, გავისეირნებ მეც-მეთქი. ჩაგვაცვეს „სპასატელნი“ ჟილეტები, შემოვსხედით ბანანზე და გავედით ზღვაში. ვისეირნეთ, მართლა ძალიან მომეწონა, „ზღვის ლომი“ მეგონა თავი და რომ მოვუახლოვდით ნაპირს, ისე „რეზკათ“ მოგვიქნია, აი, იქ „გავჭედე“. მოულოდნელად რომ ჩავარდი წყალში, ხომ მივიღე შოკი, ხომ ვაგინე ნინის ხმამაღლა.

ნამდვილი ისტერიკა დამემართა, ვიფაფხურე წყალში, როგორც იქნა, ამოვედი და რომ დავინახე ნინის სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა, აი, მაშინ გადამეკეტა. გამოვეკიდე და მთელი ბულვარი შემოვირბინეთ. ყველა ჩვენ გვიყურებდა. გადაირია ხალხი, რა უნდა ამ გოგოს, რამ გაამწარა ასე, მოსაკლავად რომ იმეტებს მეგობარსო. თან შეშინებულ-გამწარებული სახე მქონდა, ვკიოდი, მოგკლავ, არ გაცოცხლებ-მეთქი. ძლივს გადამირჩა, მაგრამ მე კი ჩემი დამემართა. ახლა რომ დავსხდებით და ამ ისტორიას ვიხსენებთ, ნინის სიცილისგან ისევ ცრემლები მოსდის“.