ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სხეულის წმინდა ნაწილები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავის მშობლიურ მონასტერს დაუბრუნდა. იგი სამთავროს დედათა მონასტრის ტაძარში იქნა დაბრძანებული, თუმცა მედიაში კვლავაც გაჩნდა კითხვა, დაკრძალავენ თუ არა მამა გაბრიელის ნეშტს.
რუსულ ან დასავლურ მართლმადიდებლურ სამყაროში ხშირია შემთხვევა, როცა წმინდანთა ნაწილები ლუსკუმაშია დაბრძანებული და მათთან მიახლოება მორწმუნეებს შეუძლიათ. საქართველოს შემთხვევაში, არცთუ იშვიათია, რომ ჩვენი წმინდა მამები იმავე ტაძრებში არიან დაკრძალულნი, სადაც ისინი სიცოცხლეშივე მოღვაწეობდნენ. ნაწილობრივ, ეს იმითაც აიხსნება, რომ მტრებს შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ წმინდანთა ძვლებისა და ნაწილებისთვის.
მამა გაბრიელს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მის საფლავს გახსნიდნენ და მის ნეშტთან ნახევარი საქართველო მივიდოდა. მის საფლავს მნახველები არც მანამდე აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ამოასვენეს, უამრავ მორწმუნეს ჭილოფში გახვეულ ნეშტთან მიახლების სურვილი გაუჩნდა. უამრავი მორწმუნე რამდენჯერმე მიეახლა ლუსკუმაში ჩაბრძანებულ წმინდანს.
პარალელურად, იმავე პერიოდში სასულიერო პირებს შერჩეული ჰქონდათ სამთავროს ტაძარში ადგილი, სადაც მამა გაბრიელი უნდა დაკრძალულიყო, მაგრამ ხალხის ნაკადის გამო შეჩერდა ეს პროცესი.
დღეს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამარხში ჩააბრძანებენ თუ არა. ჯერჯერობით, მისი დაკრძალვის საკითხი არ განიხილება.
თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ორივე პრაქტიკას იცნობს და წმინდანის ნეშტი შეიძლება ამობრძანებულიც იყოს საფლავიდან და დაკრძალულიც. ზოგადად, ქართული სინამდვილისთვის უფრო დაკრძალვის შემთხვევებია დამახასიათებელი.
მამა გაბრიელთან მიმართებით, მამა თეოდორე არ ფლობს ინფორმაციას, რას გადაწყვეტს საპატრიარქო, თუმცა თვლის, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისთვის და წმინდა მამა გაბრიელი მეოხებას ნებისმიერ ადამიანს გაუწევს, ვინც გულით ევედრება.
„რუსეთში ეს ძალზე გავრცელებული პრაქტიკაა, თითქმის ყველა ტაძარში რომელიმე წმინდანის ნეშტია შემოსილი და ლუსკუმაში დაბრძანებული. ასევეა საბერძნეთშიც, ლუსკუმაშია დასვენებული წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ნაწილები. ქართულ პრაქტიკაში დავით და კონსტანტინე მხეიძეების უხრწნელი ნაწილები მახსენდება. როცა გახლდით მოწამეთას ეკლესიაში, ისინი ლუსკუმაში იყვნენ ჩასვენებულნი და დაკრძალულნი არ ყოფილან. ზოგადად, ქრისტიანობისთვის აქტუალურია ქრისტესთან ურთიერთობა, დანარჩენი, მხოლოდ დამხმარე საშუალებებია. მართლმადიდებლობა საკუთრივ იმით განსხვავდებოდა ყველა სხვა დენომინაციისგან, რომ აქ იყო ისიხაზმის სკოლა, რაც ნიშნავს პიროვნულ, ცოცხალ ურთიერთობას ქრისტესთან და ამქვეყნიურ ლოცვას. ეს არის მთავარი ქრისტიანობაში, სწორედ ამისთვის არის ეკლესია, რომ ქრისტესთან გვქონდეს ცოცხალი, პიროვნული ურთიერთობა“,-აღნიშნა მამა თეოდორემ.
For. ge-სთან საუბრისას თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, ერთიანი კანონი არ არსებობს და წმინდანს შეიძლება ჰქონდეს საფლავი, ან კიდევ, წმინდანის ნეშტს პატივს სცემდნენ.
„მე თვითონ კარგად ვიცნობდი მამა გაბრიელს, მცხეთაში როცა ჩავდიოდი, მისი სახით, ძალიან თბილი მოძღვარი, საოცარი ადამიანი მხვდებოდა, გვიყვებოდა ისტორიებს, იგრძნობოდა, რომ განსხვავებული პიროვნება იყო. ჩემთვის მამა გაბრიელი დღესაც ცოცხალია, ჩემს თვალწინ მოხდა მისი პატივისცემა და მისი წმინდანად შერაცხვა. მე არ მჭირდება მის საფლავზე მისვლა და ზეთის კურთხევა, მე შემიძლია, მამა გაბრიელი ლოცვებში მოვიხსენიო. თუმცა ზოგს სჭირდება მის საფლავზე მისვლა. კი ბატონო, უნდა მივიდეს კიდეც.ზოგადად, ყველა ქრისტიანი მოწოდებულია, იყოს წმინდანი. მე პირადად მივიჩნევ, რომ მამა გაბრიელი უნდა დავასაფლავოთ, რომ ზოგისთვის ეს არ გადაიზარდოს კერპთაყვანისცემად, თუმცა, თუ დატოვეს, როგორც წმინდანის უხრწნელი ნეშტი, ესეც მისაღებია. მაინც მგონია, ჩვენს დროში სჯობს, რომ ისევ ძველ საფლავს დაუბრუნდეს. როცა მამა გაბრიელის ნეშტი ამოასვენეს, ქრისტიანული ეკლესიის სწავლებით, ამაში არ იყო დარღვევა, მაგრამ რამდენად იყო ეს დროში გამართლებული, რომ ეს მოხდა 20 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან და არა - უფრო გვიან, ეს მე არ ვიცი, ამას ვერ განვსჯი. კიევში, პეჩორის ლავრაში ასობით წმინდანია მთელი თავისი ჩაცმულობით და მათი უხრწნელი გვამები მღვიმეებშია დაბრძანებული. ზოგი ამბობს, რომ იქ ისეთი პირობებია, ბაქტერიები არ აღწევს და მათი გვამები არ იხრწნება“,-აცხადებს ლევან აბაშიძე.
მისი აზრით, საერთოდ, რელიკვიების, ნეშტის პატივისცემა ეკლესიისთვის არ არის აუცილებელი, ისევე, როგორც- მომლოცველობა. მაგალითად, ისლამში აუცილებელია, ადამიანს თუ საშუალება აქვს და ჯანმრთელობაც ხელს უწყობს, აუცილებლად ჩავიდეს მექასა და მედინაში. ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვს, ჩვენ გვყავს წმინდა მამები, რომლებიც იყვნენ იერუსალიმში, მაგალითად, წმინდა გრიგოლ ნოსელი წმიდა მიწაზე ეკლესიამ გაგზავნა, მან კი თქვა, დავიღალე, აღარ შემიძლიაო. ანუ, მისთვის ქრისტე ცოცხალი იყო და არ სჭირდებოდა არც რელიკვია, არც წმინდა ადგილი. უფრო მეტიც, თეოლოგის განმარტებით, ზოგიერთი ისეთი წმინდა მამაც იყო, რომელსაც ხატიც არ სჭირდებოდა, უბრალოდ, კელიაში ჰქონდა მხოლოდ ჯვარი.
მისივე თქმით, ქრისტიანობა არც კრემაციას არ უარყოფს, ქრისტიანობის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომა სხეულით მოხდება, ყველას დაუბრუნდება სხეული და არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი საკუთარ საწოლში გარდაიცვალა, დაიხრჩო თუ დაიწვა და მისი ნეშტიც აღარ დარჩა. ქრისტიანული რწმენით, ყველა აღდგება, ამიტომ საფლავებზე ზედმეტი რამ, ძეგლების დადგმა და მობილურების ჩაყოლება გაუმართლებელია. მით უმეტეს, წმინდანთა საფლავებზე მხოლოდ ერთი ქვა იდო.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა.