ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის კომისია დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოდის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას აპირებს. კომისიის თავმჯდომარე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვია. კომისია შესაბამის დასკვნას ორ კვირაში მოამზადებს.
უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ კომისიაში, დეპუტატების გარდა, შევიდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები, გენერალური პროკურორი, უშიშროების სამსახურის უფროსი და სახალხო დამცველი.
ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით, დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობა დე ფაქტო ოსეთის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული. კერძოდ, სანაკოევის გუნდის წევრების საქმიანობა სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს.
„სანაკოევის ადმინისტრაცია დღესაც საფრთხეს უქმნის „სამხრეთ ოსეთს“. როგორც ცნობილია, ცხინვალიდან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები სამკურნალოდ თბილისში ჩადიან და მათი მკურნალობის ხარჯებს სანაკოევის ადმინისტრაცია ფარავს. დროებითი ადმინისტრაცია ამას უანგაროდ არ აკეთებს“, - ასეთია ანატოლი ბიბილოვის პოზიცია, რომელიც იმასაც იუწყება, რომ დე ფაქტო პარლამენტის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების შემდეგ საქმეში უკვე სამართალდამცავები ჩაერთვებიან და იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას, ტერორისტულ აქტებს და სხვა დანაშაულებს სჩადიოდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ცხინვალის მხრიდან სანაკოევის ადმინისტრაციის წევრების დევნა არახალია. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დააკავეს ძმები ფუხაევები, რომლებსაც სახელმწიფო ღალატისა და გადატრიალების მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ამ დაკავებასთან დაკავშირებით დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ ფუხაევების საქმიანობა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.
დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის სავარაუდო აღძვრის ფაქტს დროებითი ადმინისტრაცია უკვე გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, თბილისში ჯანდაცვის სერვისებით დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსნების, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ნათესავებიც სარგებლობენ და ამაში გასაკვირი არაფერია. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი კი აცხადებს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ ცხინვალელების დიდი ნაწილი სამკურნალოდ თბილისში დადის. ამიტომ დე ფაქტო პარლამენტში აღნიშნული კომისია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად შეიქმნა.
საინტერესოა, დღემდე რა ფუნქცია აქვს დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციას (რომელიც სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით, პომპეზურად აღარ განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია) და რას ნიშნავს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სისხლის სამართლის დევნის დაწყება დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ?!
ყოფილი პოლიტპატიმარი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დიმიტრი სანაკოევი არაფრის გამკეთებელი არ იყო არც ადრე და არც დღეს და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, საეჭვოა, რაიმე სასარგებლოს გაკეთება ხელეწიფებოდეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ მომენტს, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ სანაკოევი წარმოადგენდა კოკოითის ოპოზიციურ ძალას, სწორედ ამიტომ გადმოვიდა საქართველოში და ჰპოვა პოლიტიკური თავშესაფარი.
„დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აღდგენის იდეა შეიძლება კარგიც იყო, მაგრამ არასწორად იყო იმპლემენტირებული და ამან დაამტკიცა, რომ ეს იყო საკმაოდ წამგებიანი პროექტი, რამაც გამოიწვია არა მხოლოდ ქართული ანკლავების მთლიანი დაკარგვა, არამედ დაიკარგა ახალგორი. დღეს მცოცავი ოკუპაციის პირობებში ყოფნა სწორედ სააკაშვილისეული ნაჩქარევი და არასწორად აღსრულებული პროექტისგან გამომდინარეობს. სააკაშვილი თანახმა იყო, რომ ცხინვალის რეგიონი ორად დაყოფილიყო -ქართულ და ოსურ კონტროლირებად ტერიტორიებად. აფხაზეთთან მიმართებითაც სააკაშვილს 2007-08 წლებში ჰქონდა ეს იდეა და მოსკოვთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ნახევარი ტერიტორია ქართული გავლენის ზონა ყოფილიყო, ნახევარი კი-აფხაზურის. პიარის გამო სააკაშვილს მარტო ცხინვალის დაკავება უნდოდა, ხოლო დანარჩენი- ჯავა და კიდევ სხვა ტერიტორია იქნებოდა ოსური. ამაზე მიდიოდა ვაჭრობა და ამიტომაც შეიქმნა სანაკოევის მთავრობა. ახლაც სანაკოევის ადმინისტრაციის შენარჩუნება ჟენევის ფორმატისთვის სჭირდებათ, რომ გამოჩნდეს, თითქოს არსებობენ ქართული ადმინისტრაციის ერთეულები. ასე რომ, სანამ ჟენევის ფორმატი არსებობს, ამ ადმინისტრაციას, ალბათ, ფორმალურ დონეზე შეინარჩუნებენ. თორემ რეალურად, სანაკოევს არავითარი უფლებები არ აქვს და არ აქვს არც ავტორიტეტი. ამიტომ შეიძლებოდა, სხვა ადამიანზე დაედოთ ფსონი... დიმიტრი სანაკოევს რა უნდა ვუთხრა, ახლა ფუხაევს რომ იცავს, თავის დროზე თანამებრძოლები და მეგობრები როცა დაუჭირა მიხეილ სააკაშვილმა, მაშინ არაფერი არ გაუკეთებია და, პირიქით, ეს ადამიანები ბედის ანაბარად მიატოვა“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.
თუ რატომ გაახსენდათ ცხინვალში მაინცდამაინც ახლა დიმიტრი სანაკოევის დევნა, ამას ვახტანგ მაისაია იმით ხსნის, რომ, ფაქტობრივად, კოკოითი დაბრუნდა ცხინვალში და ის რეალური მმართველია, იმის მიუხედავად, რომ თიბილოვია პრეზიდენტი. კოკოითსა და სანაკოევს შორის პიროვნული დაპირისპირებაა და კოკოითი ახლა ცდილობს საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას. ასე რომ, კოკოითი უკვე გახდა რუხი კარდინალი.
ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ლოგიკურად, დე ფაქტო პარლამენტი დიმიტრი სანაკოევის დევნით აქამდეც უნდა დაკავებულიყო, რადგან სანაკოევი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და მას მოღალატედ და კოლაბორციონისტად მიიჩნევენ, რომელიც ოსური მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და შემდეგ გადმოვიდა ქართველების მხარეს. ასე რომ, მათი ლოგიკით, „მტერზე“ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
ზოგადად, ირაკლი ცქიტიშვილი აღიარებს, რომ სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნის დიდი მომხრე არასდროს ყოფილა და დღემდე მიიჩნევს, რომ ამ ადმინისტრაციას ფაქტობრივი დადებითი მხარე არ მოუტანია. უბრალოდ, ეს უფრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის იყო გათვლილი, რათა წარმოეჩინათ, რომ თურმე ეროვნებით ოსი ადამიანი ოსური ხელისუფლებიდან ქართველების მხარეს გადმოვიდა და წარმოადგენდა ოსი ხალხის ინტერესებს. თვითონ ამ ადმინისტრაციის სახელწოდებაშიც მითითებულია, რომ ის ფუნქციონირებს ყოფილი ავტონომიური ოლქის ბაზაზე.
„ისევე, როგორც აფხაზეთის მთავრობა აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს, ასევეა სანაკოევის ადმინისტრაციაც. ეს არის უფუნქციო ორგანო, რომელსაც დატვირთვას უძებნიან მხოლოდ პოლიტიკურ და არა- პრაქტიკულ ფარგლებში. სანაკოევის ადმინისტრაციის გაუქმება არც დააზარალებს და არც რაიმეს შემატებს ქართულ პოლიტიკას, მსგავსად, აბაშიძე-კარასინის ფორმატისა. თუ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დიმიტრი სანაკოევი დაიჭირა, მას კომისიის გარეშეც ძალიან ცუდ დღეს დააყრიან, ხოლო, თუ არ დაიჭირეს, მაშინ რა შედეგი ექნება დე ფაქტო პარლამენტის მიერ სანაკოევზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას?! სანაკოევი ისედაც თავისუფლად დადის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის მთელი მსოფლიოს კარი ღიაა, გარდა რუსეთის. ის ფაქტი, რომ თურმე იმისთვის დასჭირდათ სანაკოევის დევნა, რომ ცხინვალელები თბილისში ჩამოდიან სამკურნალოდ, არადამაჯერებერლია. ზოგადად, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის პრობლემაა, რომ იქაური ხალხი ჩვენთან სამკურნალოდ ჩამოდის და ხედავს სულ სხვა საქართველოს, სხვა განვითარებას და ყურდღებას. ამის გამო მათ, გარკვეულწილად, ეცვლებათ დამოკიდებულება ქართველებისადმი და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. სწორედ ამაში ხედავენ დე ფაქტო ხელისუფლებები საშიშროებას და აქ სანაკოევის ფაქტორი არაფერ შუაშია. ზუსტად ეს მომენტი იყო, როცა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, მე უკვე აღარ ვაწერ ხელს, რომ აფხაზები წავიდნენ ქართულ კლინიკებში სამკურნალოდო“, -აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.