პუტინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პესკოვმა უარყო გავრცელებული ხმები, რომ თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. ეს იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთის პირველმა პირმა ბოლო დროს დანიშნული არაერთი შეხვედრა გააუქმა, ხოლო კრემლმა კი ძველი ფოტოები გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ თითქოს ის ისევ ჩვეულებრივად განაგრძობდა მუშაობას.
პუტინის ჯანმრთელობის გაუერესებაზე ხმები მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტი გადადო, სადაც ნურსულთან ნაზარბაიევს უნდა შეხვედროდა. ყაზახეთის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას-მედიას აცნობა, რომ ამისი მიზეზი ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობა გახლდათ.
რუსეთის პრეზიდენტი 5 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მატეო რენცისთან შეხვედრის შემდეგ უკვე ცხრა დღეა რაც საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
„სანერვიულო არაფერი არ არის, ყველაფერი კარგადაა“ - განუცხადა პესკოვმა რუსულ რადიოს. მისი განცხადებით, „პუტინი მუდამ ხვდება ხალხს, თუმცა ეს შეხვედრები საჯარო არ არის“. მან ისიც დაამატა, რომ პრეზიდენტს დიდი „სტრესის გადატანა უწევდა“. ბატონმა პესკოვმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ პუტინის ხელის ჩამორთმევა ჯერ კიდევ ისეთი ძლიერია, რომ მასთან შეხვედრისას „ხელები მოტყდა“.
ხელისუფლების სათავეში ყოფნის 15 წლის მანძილზე პუტინმა აქტიური სპორტსმენის რეპუტაცია შეიქმნა, ძირითადად მსოფლიო მას-მედიაში გავრცელებული იმ ფოტოსურათების წყალობით, რომლებშიც ტანზემოთ შიშველი ჩნდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა უკანასკნელ წამს ეს შეხვედრაც გადაიდო. ის ასევე არ დაესწრო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრას. კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა პრესას ასევე აცნობეს, რომ პუტინი არ შეხვედრია იამალ-ნენთას რეგიონის გუბერნატორს, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის განცხადებით, ეს შეხვედრა შედგა.
საბჭოთა პერიოდის მსგავსად, რუსეთის მოსახლეობა ქვეყნის ლიდერის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ნერვიულობს. ამისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ პუტინის პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებულია.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს გავრცელდა ფოტოები, სადაც პუტინი კოჭლობდა. იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ოფიციალური ვიზიტი გადადო. უკვე იმ წელს გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტი დაშავდა და გრძელ ფრენებს ვეღარ გაუძლებდა.
უფრო ადრე, 2010 წელს კი პუტინი მასმედიას სახეზე მაკიაჟით წარუდგა, რომელიც ჩალურჯებულ მარცხენა თვალს უფარავდა. ამის თაობაზე მაშინ პესკოვმა განაცხადა, რომ ეს იყო ცუდი განათების გამო შექმნილი უბრალო ვიზუალური ეფექტი, თუმცა ჭეშმარიტ მიზეზად ბევრი არასწორ ბოტოქსის ინექციას მიიჩნევდა. მოგვიანებით, რუსულმა საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ინტერვიუები პლასტიკურ ქირურგებთან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პუტინს სახეზე არაერთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
რამდენიმე დღის წინ კრემლი ყველანაირად შეეცადა იმის დამალვას, რომ პუტინის ჯანმრთელობას რაიმე ჭირდა. ოთხშაბათს პრეზიდენტის ვებ-გვერდმა კარელიის რეგიონის ხელმძღვანელობასთან რუსეთის პირველი პირის შეხვედრის ფოტოსურათები და სტენოგრამა გამოაქვეყნა, იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა 4 მარტს გაიმართა. რასაკვირველია პესკოვი ამ ცნობას შეეწინააღმდეგა, თუმცა კარელიის რეგიონის ერთ-ერთი გაზეთის განცხადებით, პესკოვი მართალი არ გახლდათ, რადგან ოთხშაბათს კარელიის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც პუტინი ცნობილი ათლეტების, მუსიკოსებისა და მსახიობების დედებს ყვავილებს ჩუქნიდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს სურათიც სამი დღით ადრე გადაღებული აღმოჩნდა.
http://www.theguardian.com/world/2015/mar/12/vladimir-putin-sick-kremlin-cancels-meetings-uses-old-photos