ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას ბრალი უმძიმდება

ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას ბრალი უმძიმდება

მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე ბრალს უმძიმებს. ბრალის წაყენება ხვალ, დილის 10 საათზე ე.წ. მატროსოვის ციხეზე მოხდება. გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაია განცხადებით, ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზნით,  სავარაუდოდ, საბრალდებო მუხლების უფრო მძიმე მუხლით შეცვლა მოხდება. როგორც ადვოკატი ამბობს, 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი უზუსტდება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსაც.

ადვოკატის განმარტებით, 7 ნოემბრის საქმე ჯერ წინასასამართლო სხდომამდე არ მისულა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, რომლის დროსაც უკვე წარდგენილი მუხლები შეიძლება დამძიმდეს, პროკურატურა სავარაუდოდ მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით. 7 ნოემბრის საქმეზე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.

დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მათთან ერთად, იგივე მუხლით, ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

როგორც უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს - გიგი უგულავას სხვა საქმეზე, პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ეწურება და სურთ მისთვის 7 ნოემბრის საქმეზე, კონსტიტუციის დარღვევით, ხელახალი პატიმრობა მოითხოვონ. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან, უგულავას ბრალეულობა არ იკვეთება.

„ბრალს უმძიმებენ 7 ნოემბრის საქმეზე. თითქოსდა ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. 7 ნოემბრის საქმის ერთი ნაწილია მიტინგის დარბევა, მეორე ნაწილი  ტელეიმედში შესვლა და მესამე ნაწილი - პარკაციშვილის ქონებებთან დაკავშირებული დავები. ამ დავებთან დაკავშირებით აკეთებენ შეფასებას, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. 8 თვეა ამ საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული გიგი უგულავას, სანამ არ დადგა მისი ციხიდან გამოსვლის საკითხი, მანამდე ბრალი არ დაუმძიმეს. ახლა უმძიმებენ ხელოვნურად, იმიტომ, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვონ პატიმრობა. დაახლოებით 200 კაცია დაკითხული, არც ერთი მათგანი გიგის ბრალეულობას არ ადასტურებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბექა ბასილია.