ქალაქის მთავრობის განახლებული შემადგენლობა 17 მარტს დამტკიცდება

ქალაქის მთავრობის განახლებული შემადგენლობა 17 მარტს დამტკიცდება

თბილისის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის ახალ კანდიდატებს 17 მარტის სხდომაზე დაამტკიცებს. ერთი დღით ადრე კი კანდიდატებთან დაკავშირებით კომისიებში განხილვები გაიმართება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე იმედოვნებს, რომ თბილისის მთავრობის ხუთ ახალ წევრს  უმრავლესობის მხარდაჭერა  ექნება.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ, საკრებულოში თბილისის მთავრობის ხუთი ახალი წევრის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. საკრებულოს უმრავლესობის წევრის, კობა კობალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც კანდიდატების ხედვას მოისმენენ.

„ჩვენ არ ვართ შეზღუდულები არც არჩევანში, არც ინფორმაციის გაცნობაში. როდესაც კანდიდატებს საკრებულოს დეპუტაციის და უმრავლესობის წინაშე წარადგენენ, ჩვენ მათ სამოქმედო პროგრამას გავეცნობით, მათ ხედვაში გავერკვევით და აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხზე“, - აცხადებს კობა კობალაძე.

უკვე ცნობილია, რომ ქალაქის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსისა და მერის მოადგილის  თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და მერიაში არსებული მორიგი კორუფციული ფაქტის შესახებ საუბრობენ და საქმის მასალების პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვენ.

მათივე მტკიცებით, განსაკუთრებით საგანგაშოა  საგზაო სამუშაოების წარმოებისას თბილისის მთავრობის მიერ გამოვლენილი კორუფციული ტენდენციურობა, არაპროფესიონალიზმი და უუნარობა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამუშაოები ტენდერების გვერდის ავლით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებული ფირმების მიერ არის შესრულებული. მთლიანობაში  1 300 000 ლარი არის დახარჯული უხარისო სამუშაოებისათვის.

„ჩვენს მიერ გადამოწმებულ იქნა რამდენიმე ქუჩაზე დაგებული ასფალტის ხარისხი (ბურძგლას, ბუხაიძის, ყიფიანის, გოგებაშვილის და სხვა ქუჩები) და მხოლოდ ამ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 1 300 000 ლარი თბილისის მერიას გადახდილი აქვს საგზაო სამუშაოებში, რომელიც აბსოლუტურად უვარგისია და ეს მტკიცდება ლაბორატორიული კვლევის გარეშეც, შეუიარაღებელი თვალითაც კი. 

ეს არის თბილისის მთავრობის წევრების არაპროფესიონალიზმისა და კორუფციის ნათელი მაგალითი. შესაბამისად, მასალები გადაეგზავნება  საქართველოს პროკურატურას რეაგირებისთვის. მოვუწოდებთ თბილისის მერს, გაეცნოს ჩვენ მიერ წარმოდგენილ ფაქტებს და გაათავისუფლოს ყველა თანამდებობის პირი, პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე, მისი კურატორი მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, რომელთა უქნარობისა და სავარაუდო კორუფციული მისწრაფებების გამო, თბილისის ბიუჯეტიდან უკვე გაიფლანგა მილიონობით ლარი“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ოპონენტების ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს კობა კობალაძე და ამბობს, რომ მსგავსი ბარლდებები რჩება ოპონენტების პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ იარაღად. მერიაში, ისევე როგორც საკრებულოში პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ოპოზიციაში რატომღაც ცდილობენ საზოგადოებას ანახონ, რომ სწორედ მათი მხრიდან საკითხის გაჟღერების შემდგომ განვითარდა პროცესი.

„მერიაში მიმდინარე ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ მათი მუშაობა გაცილებით ეფექტური გახდეს. ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება ასეთია. ის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია. მას თბილისის მოსახლეობის მიერ ნდობის მანდატი აქვს მინიჭებული და გარკვეულწილად ქვეყნის და დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას ატარებს“, - აცხადებს კობა კობალაძე.