ლარის კურსის სტაბილიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის დანიშვნა, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო ოპოზიციამ, ხოლო ეს პოზიცია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაიზიარა, სავარაუდოდ, არ შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 13 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომის ინიციატორთა მთვარი მიზანი არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვაა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში...
სამაგიეროდ, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, სადაც ეროვნულ ვალუტასა და არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე ეკონომიკური ბლოკის წევრებმა, დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრეს.
კრიზისის დაძლევის გეგმის ეფექტურობაზე ექსპერტი, ლევან კალანდაძე გვესაუბრება.
ბატონო ლევან, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის თემა უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა - პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაც კი გადაწყვიტა. რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განხილვის საგანი?
- ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ეკონომიკურად აქტუალურ თემებზე პოლიტიკურად ანგაჟირებული განხილვების. ლარი, ფინანსები და ზოგადად, ეკონომიკა არის სოციალური კატეგორია. ნებისმიერი პანიკა მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს ლარის კურსზე. ასე რომ, რაც უფრო მეტი პოლიტიკა ჩაერევა ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მით უფრო დაზიანდება ეროვნული ვალუტა და აქედან გამომდინარე, დამძიმდება სიტუაცია, რაც ნეგატიურად აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე.
ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ლართან დაკავშირებულ პრობლემებზე, საკითხს უნდა მივუდგეთ ძალზე რაციონალურად, პრაგმატულად და ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე. მხოლოდ წმინდა რაციონალურ გათვლებზე დაყრდნობით მიღებული ანალიზი უნდა გახდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების საფუძველი.
ზოგადად, ის პრობლემა, რაც ხელისუფლების ყველა შტოს - პარლამენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს და ა.შ. აქვთ, არის ის, რომ მათ შორის კოორდინირებული მუშაობის მკვეთრი დეფიციტია. აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთად, ერთიანი კონცეფციითა და სტრატეგიით ლართან დაკავშირებულ პრობლემებზე არ მუშაობენ. ამიტომაცაა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა სხვა მიმართულებით მიდის, აღმასრულებელი ხელისუფლების - სხვა, - ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ამან საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად დააზარალა მდგომარეობა.
ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. აქვს ამას კონკრეტული მიზეზი?
- ეროვნული ბანკი ამბობს, რომ რეფინანსირების სესხი გასცა, რადგან ფინანსთა სამინსტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხაზინაში ანგარიშების გატანასთან დაკავშირებით გამოიწვია ნაღდი ფულის დეფიციტი. ის იძულებული გახდა, 700 -ის ნაცვლად 900 მილიონი მიეცა რეფინასირების სესხის სახით ბანკებისთვის, - ეს ახსნა არის, მაგრამ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორ შტოს შორის კოორდინაცია არ არსებობს.
როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ ამ ჭარბი 200 მილიონის მიცემა ბაზრისთვის, გამოიწვევდა ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების გაღრმავებას. ჩვენ მეტ-ნაკლებად, დაბალანსებული კურსი გვქონდა 2.11-მდე, ამ რეფინასირების სესხის გაცემის შემდეგ ეს განაკვეთი 2.19-მდე „ავარდა“.
ახსნა, რა თქმა უნდა, აქვს იმას, რასაც ეროვნული ბანკის პრზიდენტი ამბობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თუ დეფიციტური მდგომარეობა იქმნება, ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიერ ერთად დაგეგმილი და განხორციელებული, რომ მერე რაღაც მოქმედებების „გაპრავებაზე“ არ დავიწყოთ საზოგადოებასთან საუბარი - ეს არასწორია.
ამიტომ მგონია, ვიდრე ეს სტრუქტურები ერთად არ დასხდებიან, ერთობლივად არ დაგეგმავენ და განახორციელებენ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, მანამდე მუდმივად გვექნება პრობლემა. სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის „ქაჩვა“ საბოლოოდ, საზოგადოებას აზარალებს.
ცნობილია, რომ სავალუტო ფონდმაც დაგვიტოვა რეკომენდაციები, ეკონომიკური გუნდიც მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე... გასატარებელ ღონისძიებათა ნუსხაში ერთ-ერთი საკითხია ინვესტიციების მოზიდვის თემა. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გასულ წელს პირდაპირი ინვესტიციები 39%-ით არის გაზრდილი, ასეთ მაჩვენებელს ეროვნულ ვალუტაზე რა გალენა უნდა მოეხდინა?
- სავალუტო ფონდის მიზანი არ არის ქვეყნის განვითარების მოდელის შემუშავება და ამ მხრივ, რეკომენდაციების გაკეთება. სავალუტო ფონდი მოტივირებულია მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე - ანუ არ ჩამოვა და გეგმას არ დაგვიდებს, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
სსფ-მ გვითხრა, ან გადასახადები გაზარდეთ, ან ხარჯები შეამცირეთო. ეს არის წმინდა მონეტარულ ინსტრუმენრებზე და მონეტარულ შედეგებზე გაკეთებული გათვლა. თუმცა, მოდით ისიც ვთქვათ, რომ ეს არის სტანდარტული პაკეტი, რომელიც ყველა ქვეყანას მიეწოდება რეკომენდაციის სახით, მაგრამ ეს არის ძირითადად, მდიდარ ქვეყნებზე მორგებული მოდელი.
საქართველოში გადასახადების ზრდაზე საუბარი ყოვლად ალოგიკური და არარაციონალურია. თქვა კიდეც ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ გადასახადები არ გაიზრდება - რაც, თავისთავად, კარგია.
რაც შეეხება ქამრების შემოჭრას - ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ანტიკრიზისულ ღონისძიებებში ნებისმიერ ქვეყანაში - წიგნებშიც კი ასე წერია. მაგრამ რამდენად სრულფასოვანი იქნება ქამრების შემოჭერა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია - ანუ, რამდენად ადეკვატური იქნება ხარჯების შემცირების მასშტაბი დღეს არსებულ გამოწვევებთან.
მეორე, მნიშვნელოვანი საკითხია პრივატიზაცია, რომელიც ასევე სწორია კონცეპტუალურად, მაგრამ ჩვენ რომ პრივატიზაცია 2014 წლის განმავლობაში განგვეხორციელებინა, ანუ იმ ობიექტებიდან, რომლის პრივატიზებასაც წელს ვაპირებთ, ფული გასულ წელს მიგვეღო ბიუჯეტში, დევალვაციის მაჩვენებელი გაცილებით მცირე იქნებოდა.
მესამეა ინვესტივიების თემა - შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - 2013 წელს თუ 940 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2014 წლის მონაცემებით მისი მოცულობა 1.272 მილიარდი აშშ დოლარია. საუბარი იმაზე, რომ რაკი 2014 წელს ინვესტიციები გაიზარდა, ლოგიკურად არ უნდა ყოფილიყო დევალვაცია, არ არის სწორი.
დევალვაციას ფიზიკურად ვერ ავიცილებდით თავიდან, იმიტომ, რომ არსებობს საგარეო ფაქტორები, რომელსაც ვერ ავიცილებდით - როგორიცაა რუსულ-უკრაინული კონფლიქტი, აზერბაიჯანში მანათის, თურქეთში - ლირას გაუფასურება, ტურისტული ნაკადების, პირდაპირი გზავნილების შემცირება, ამ ყველაფერმა ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ ეკონომიკასა და ქართულ ლარზე. მხოლოდ ამ მასშტაბით ინვესტიციების გაზრდა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პრობლემა დაძლეულიყო.
მაგრამ წარმოიდგინეთ, ინვესტიციების ასეთი ზრდა რომ არ ყოფილიყო, მაშინ გაცილებით დიდი მასშტაბი იქნებოდა ლარის დევალვაციის და სავალუტო კრიზისის. ინვესტციების მაღალმა მაჩვენებელმა გარკვეულწილად, შეამსუბუქა სიტუაცია.
სხვა ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანში ერთ ღამეში 33%-ით გაუფასურდა მანათი, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის ეროვნულ ბანკს 1მლნ აშშ დოლარის სავალუტო ინტერვენცია ჰქონდა განხორციელებული. ჩვენთან მოხდა 23%-იანი გაუფასურება - ესეც ძალიან მაღალია, მაგრამ 33%-იან დევალვაციაზე უარესი არ არის. ინვესტიციები ერთგვარ, შემაკავებელ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ.
ინვესტიციებთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც - კარგია, რომ შარშანდელთან შედარებით მისი მოცულობა 35% -ით გაიზარდა (39% წინასწარი მონაცემებია), ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა.
იმისათვის, რომ 2015, 2016 და შემდგომ წლებში მეტ-ნაკლებად, მონეტარული სტაბილურობის ეფექტურობის კუთხით გატარებული პოლიტიკა შედეგის მომტანი იყოს, როგორც მინიმუმ, ეს მასშტაბი ინვესტიციებისა შენარჩუნებული უნდა იყოს და შევეცადოთ, რომ 1,5 მილიარდიან მასშტაბზე მაინც გავიდეთ 2015-2016 წლებში. ეს ერთ-ერთ შემაკავებელ და დამაბალანსებელ ფაქტორად უნდა გამოვიყენოთ მონეტარული სტაბილიზაციის კუთხით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ ეს მასშტაბი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ საგარეო ფაქტორებისა და შიდა პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების დაბალანსება მოხერხდეს. ის, რომ მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღმოფხვრის ამ პრობლემას, არასწორია - ყველა მიმართულებით არის მუშაობა საჭირო.
საუბარია საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაციაზე, რაც მთავრობის იდეაში უნდა გამოიხატოს. მიმდინარე წელს უნდა მოხდეს ყველა, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მსხვილი აქტივის პრივატიზაცია, ან უნდა დავიწყოთ მასზე საუბარი. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ჰაერივით გვჭირდება რამდემინე მსხვილი პროექტის განხორციელება - მაგალითად, ნენსკრა, ხუდონი და ანაკლია - ანუ ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში უნდა მოხდეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აქცენტირება.
რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, უკვე გაქვთ შენიშვნები?
- ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ანტიკრიზუსული გეგმის ნაწილია, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ეს არის ის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს.
კონცეპტუალურად, ეს ხედვები სწორია. ერთადერთს ვიტყვი, თანაც არა შენიშვნის სახით - ეს გეგმა ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამი ძირითადი მიმართულებით, რაზეც ვისაუბრეთ, გვექნება ადეკვატური დაგეგმვა.
თუ ფორმალური არ იქნება პრივატიზაცია, ინვესტიციებზე ორიენტირებული პოლიტიკა და რაც მთავარია, ფორმალური არ იქნება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება. რამდენად სწორად დაიეგეგმება ღონისძიებები და შემდეგ განხორციელდება, ამაზეა დამოკიდებული ეფექტი ამ, კონცეპტუალურად სწორად მოფიქრებული გეგმისა.