ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაასაჯაროვა, რომელთა ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელმაც კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის საკითხი იყო განხილული. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი, ასევე, საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე.
აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია და გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია.
ასლან ბასარიას თქმით, ქართულ მხარესთან კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზური მედიის ცნობით, „შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და განიხილეს ის საკითხები, რაზეც საერთო ინტერესია. ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება“.
ბოლო ხანებში ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ისმოდა. „ჩერნამორენერგოს“ ხელმძღვანელმა აფხაზურ მედიასთან საუბრისას კი განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ენგურჰესის კუთვნილების საკითხები აქტიურად განიხლებოდა. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტროში უარყოფენ, რომ ამ საკითხზე რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამავე დროს აღნიშნავენ, „მნიშვნელოვანია ენგურჰესის კაშხალი არ მდებაროებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“. ასევე უწყებაში აღნიშნავენ, რომ ენგურჰესის კაშხალის არც პრივატიზაცია იგეგმება.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ.
„წლებია, დამყარებულია კარგი ურთიერთიობა, ეს ახლაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ არხის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ დავათავლიერეთ აგრეგატები. იცით, რომ ენგურის აგრეგატები არის განთავსებული საბერიოში. დასრულებულია სარეაბილატიო სამუშაოები, 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას. ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და ამისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ გაჩერდება „ენგურჰესი“,იყო თუ არა საუბარი ალტერნატივაზე, საიდან მიეწოდება აფხაზეთს ელექტროენერგია, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოამარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და მათ მთავრობა მიაწვდის ელექტროენერგიას.
„ამ ყველაფერს სახელმწიფო თავის ხარჯზე იღებს. ყველა სარეაბილატაციო სამუშაოს ხარჯებს, რომელიც იყო ჩატარებული, ტარდება და მომავალში ჩატარდება, ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე. იყო შემთხვევები, როდესაც პრობლემები ჰქონდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზებს, რომ ჩაბნელებულები არ ყოფილიყვნენ ისინი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხდებით, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ქართული მხარე ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მისივე თქმით, უკვე დაიწყო სამუშაოები ვარდნილის არხზე და სწორედ ამ სამუშაოების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სწორედ ამ სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავედით. იქ ქართული კონტრაქტორი კომპანია მუშაობს. სამუშაოები შუა ზამთარში ვერ დაიწყებოდა და გაზაფხულის დასაწყისში კომპანიამ მობილიზაცია მოახდინა. შესაბამისად, როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ეს სამუშაოები მოვინახულეთ აფხაზეთში“, - აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ენგურჰესის საკითხზე ქართული და აფხაზური მხარეები რეგულარულად ხვდებიან და ამაში ახალი არაფერია.
„ახალი კი არა, ყველაზე რეგულარული, ყველაზე ძველი, ყველაზე მდგრადი კონტაქტები ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის არის ენგურჰესთან დაკავშირებით. შედეგები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სინათლე და ენგურჰესი მუშაობს, ენგურჰესი ეკუთვნის საქართველოს და ექსპლუატაცია გრძელდება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
თავისთავად ახალი არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრის შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მსგავის შეხვედრების გასაიდუმლოება საჭიროა.
„სამართლებლივ ენაზე იმის გადათარგმნა რაც ხდება ენგურჰესთან დაკავშირებით, ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებას არ ჰყავს და ვერ ეყოლება მეორე მხარე, ანუ აფხაზური მხარე. იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლებები ამ თემაზე მოლაპარაკებები აწარმოონ, დე ფაქტო მდგომარეობა არის ისეთი, რომ გვინდა, თუ არ გვინდა, ზეპირი მოლაპარაკებები გვიწევს აფხაზებთან ამ ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ნეგატივი ამ ყველაფრის გახლავთ ის, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების ქაღალდზე გადატანა და ხელის მოწერა, შეუძლებელია. იმიტომ, რომ ეს მეორე მხარის და ამ შემთხვევაში აფხაზური მხარის მხარედ აღიარება. ამიტომ, ასეთი არაფორმალური მხარე ამ ობიექტის მენეჯმენტს ახასიათებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დონორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ქართული მხარე, ხუხაშვილი ამბობს, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობა დაცულია.
„აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა აჟიოტაჟმა არ მოახდინოს ამ პროექტების შეჩერება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ექსპერტები დაინტერესებული არიან კონფლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური აქტივობებით, ორმხრივი თანამონაწილეობით შექმნილი პროექტები განახორციელონ. ეს სწორი მიდგომაა. დეტალებში ვერ შევალ, არ ვიცი რა პროექტებზეა საუბარი, მაგრამ ნებისმიერი ასეთი სახის პროექტი, მითუმეტეს საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვით, მისასალმებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
საერთაშორისო საკითხებში ექსპეტრი, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ უნდა ვესაუბროთ როგორც რუსულ მხარეს, რომელიც ერთერთი გარანტორია ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის ნორმალური ფუნქციონირებისა, ასევე აფხაზური მხარეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ენგურის ის ნაწილი, რომელიც მის მხარეს მდებარეობს, მიაჩნია, რომ მასაც უნდა ესაუბრონ.
„ამაზე წლებია და მათ შორის საერთაშორისო ძალების მეშვეობით მიმდინარეობს თანამშრომლობა. ამიტომ, ამ თავლსაზრისით თანამშრომლობა გარდაუვალია. როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მოსახლეობას სჭირდება ენგური და ეს ფაქტია. უნდა ვფლობდეთ თუ არა ამ ინფორმაციას აფხაზური მედიის მხრიდან? - თუ მეტი ინფორმაცია იქნება, ეს თავისთავად პოზიტივი იქნება, მაგრამ თუ საუბარია იმ თემებზე, რომელიც სახელმწიფოსთვის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი, ამას ქართული საზოგადოება სწორად გაიგებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.