დავით ნარმანიას უნებლიე შეცდომა, უხერხული ღიმილი და დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრების ჩამონათვალი... ახალი კადრების წარდგენისას ქალაქის მერმა „თბილისის ახალი მერის“ კანდიდატურაც დაასახელა.
„თბილისის მერის პოსტზე წარმოგიდგენთ, ასევე, ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურას. მას მედია და საექსპერტო წრეები ძალიან კარგად იცნობთ...“ - ამ სიტყვებით დაახასიათა დავით ნარმანიამ თავისი ახალი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, რასაც სხვა კანდიდატურების გაოცებული გამოხედვა და თავად ირაკლი ლექვინაძის მორიდებული ღიმილი მოჰყვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, თბილისის ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, რომელმაც ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა ჯაჭვლიანი დაინიშნა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი კი გიორგი გურგენიძე იქნება.
დავით ნარმანიამ ვაკის რაიონის ახალი გამგებელიც წარადგინა. ამ თანამდებობას ლაშა აბაშიძე დაიკავებს, რომელიც 2013-14 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ჯერი ახლა საკრებულოზეა, მოიწონებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო აღნიშნულ კანდიდატურებს.
დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ოპოზიცია. თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დავით ნარმანიამ ხელიდან გაუშვა შანსი, შეეცვალა მერიაში არსებული უუნარობა. მისი აზრით, მთლიანობაში, შესაცვლელი იყო სამთავრობო გუნდი, რადგან თბილისის მთავრობა, ეს კოლექტიური ორგანო, ასევე, კოლექტიურად იყო პასუხისმგებელი თბილისში არსებულ სიტუაციაზე. ამდენად, კოლექტიურად უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ჩავარდნილი რვა თვის გამო.
„დავით ნარმანიას საკადრო გადაწყვეტილებებს მხარს არ ვუჭერთ. რაც არ უნდა კომპეტენტური ადამიანები მოიყვანოს ნარმანიამ, მათ გაუჭირდებათ ცვლილებების შეტანა, რადგან გუნდის უმეტესობა ისევ უცვლელი დარჩა, რომელთაც საზოგადოებას თავი არაფრის კეთებით დაამახსოვრეს. საკრებულოს არავინ არაფერს ეკითხება და ამ კანდიდატურებსაც საკრებულოს უმრვლესობა მოიწონებს. სამწუხაროა, რომ ვიცე-მერის კანდიდატურა ივანიშვილის კადრად მოიაზრება, ეკონომიკის სამინისტროში მის მუშაობას უარყოფითად ვაფასებ, რადგან ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშიცაა საქართველოს ეკონომიკა, ბევრი პრეტენზია არსებობს დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ, რაც მაფიქრებინებს, რომ ის ვერ შეძლებს, იყოს წარმატებული ვიცე-მერი. ასევე, გაუგებარია პაატა ჯაჭვლიანის კანდიდატურა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. მან ჯერ საზოგადოებას უნდა ჩააბაროს ანგარიში, რვა თვის განმავლობაში რა გააკეთა ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. გამოდის, მათ აღიარეს, რომ ტრანსპორტის სამსახურის უფროსობა ვერ შეძლო, მაგრამ ჯაჭვლიანმა კიდევ უნდა მოსინჯოს თავი ადმინისტრაციის უფროსის ამპლუაში“, -აცხადებს ირაკლი აბესაძე.
ასევე, დეპუტატი სრულ გაუგებრობად მიიჩნევს ალუდა გოგლიჩიძის გადაყვანას თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ცნობილია, რომ ალუდა გოგლიჩიძემ ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად გასატარებელ ღონისძიებებს უნდა უხელმძღვანელოს. ირაკლი აბესაძის აზრით, ამ ადამიანის დაქვეითება გაუგებარია, თუკი იგი, როგორც მერის მოადგილე, თავის პირვანდელ პოსტზე ვარგოდა.
რაც შეეხება ირაკლი ლექვინაძეს, ირაკლი აბესაძემ არ იცის, რამდენად კვალიფიციური ეკონომისტია ლექვინაძე, თუმცა წინასწარ ერთი რამის თქმა შეუძლია: „ექსპერტმა ნარმანიამ ვერ გაამართლა მერის პოსტზე, ამიტომ რას გააკეთებს ექსპერტი ლექვინაძე, არავინ იცის“.
დასახელებული კანდიდატურებისგან განსხვავებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი შედარებით ლოიალურად არის განწყობილი ლაშა აბაშიძისა და გიორგი გურგენიძისადმი. მისი აზრით, მათ აქვთ სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი განათლებაც. ამიტომ განსაკუთრებული პრეტენზიები მათთან არ აქვს. თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ვერც 5 და ვერც 10 მონდომებული ადამიანი ვერაფერს შეცვლის, რადგან მთავრობაში 20 ადამიანი მაინც არის, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უმრავლესობით, კოლექტიურად. ამიტომ ნარმანიას უნდა ჰყოფნოდა გამბედაობა, ერთხელ და სამუდამოდ დამშვიდობებოდა კადრებს, რომელთაც რვა თვე ჩააგდეს.
საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა აპირებს, გაეცნოს ზემოხსენებული კანდიდატების ხედვებს ქალაქთან მიმართებით და ამის შემდეგ დაუჭიროს მათ მხარი. For.ge-სთან საუბარში ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ კოსმეტიკური ცვლილებები, საბოლოო ჯამში, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.
„რა თქმა უნდა, ახლანდელი ცვლილებები იმაზე უარესი არ იქნება, რაც იყო. თუმცა გაუგებარია, რომ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა განცხადება დაწერა და გვითხრეს, ჯანმრთელობის გაურესების გამო წავიდა პოსტიდანო და ამის მერე, ორ დღეში, იგი დანიშნეს დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ბატონი ჯაჭვლიანი ნარმანიამ წარადგინა ადმინისტრაციის უფროსად და ამ საქმის სპეციალისტად, მაშინ თავის დროზე რას ერჩოდა დედაქალაქს, ან თავად ბატონ ჯაჭვლიანს, რვა თვის მანძილზე სატრანსპორტო სამსახურის უფროსად რომ ჰყავდა? არაფერი გაკეთდა და სატრანსპორტო სამსახურის ხედვაც კი არ არსებობდა. ახლაც მგონია, ერთი ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს. ბატონმა ნარმანიამ განაცხადა, ჩვენი ხედვა გვაქვსო, ჩვენც პრობლემას ამაში ვხედავთ, რომ, ზოგადად, ხედვა არ აქვს მერიას. კითხვები მაქვს დიმიტრი ქუმსიშვილის ირგვლივაც, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და დღეს პრეტენზიები სწორედ ეკონომიკურ ბლოკთან დაკავშირებით არსებობს“.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ კანდიდატურებს პიროვნულად არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავარია, მათ დაუსვას კონკრეტული შეკითხვები, რას აპირებენ ი0სინი სიტუაციის დასარეგულირებლად, განვითარების რა გეგმები აქვთ და რით გაამდიდრებენ მერიის მუშაობას?!
„ქალაქისთვის არსებობს პრიორიტეტული ამოცანები, ასეთია მცირე მეწარმეობის განვითარება და ქალაქის ეკონომიკური ცხოვრების სტიმულირება, რათა დასაქმდნენ ადამიანები და აღმოიფხვრას სიღატაკე. პირველ რიგში, ქამრების შემოჭერა საჭიროა ეკონომიკის სტიმულირებისთვის. მცირე მეწარმეობისთვის გამოყოფილი უნდა იყოს გაცილებით დიდი თანხა. იმაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, 3 მილიონი იქნება თუ 4 მილიონი, არამედ -20 მილიონსა და 30 მილიონზე უნდა ვსაუბრობდეთ. საინტერესოა, ასევე, რას ვუპირებთ ნაცმოძრაობის უმძიმეს დანატოვარს - ქალაქის იერსახის დამამახინჯებელ მილებს, დღემდე ვერ მოხერხდა ველოსიპედის მოშორება. ე.წ. უფუნქციო, ქალაქის ისტორიული იერის დამამახინჯებელ მშვიდობის ხიდს რაც შეეხება, ამერიკელებს აქვთ გამონათქვამი, თუ გინდა ღარიბი ქვეყანა გააღატაკო, მას აჩუქე ავიამზიდი და მისი ხარჯები დაანგრევს ქვეყანას. ზუსტად ასეთი „ავიამზიდები“ დაგვიტოვა სააკაშვილმა, რომლის მოვლაზეც ბიუჯეტიდან 500 ათასამდე ლარია გამოყოფილი. თუმცა მარტო ნეგატიური არ ხდება. ბატონი ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება, რომ მილიონი ხე დაირგვება თბილისში, უკვე ხორციელდება. იმავე დენდროპარკის ტერიტორიაზე 400 ათასამდე ხის დარგვაა ნავარაუდევი, რაც მილიონ 200 ათასამდე ჯდება, ეს თანხა შეუდარებლად მცირეა, ვიდრე ადრე იხარჯებოდა“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.