იაპონიის მთავრობა საქართველოს 500 000 000 იაპონური იენის (დაახლოებითი 4,2 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით არასაპროექტო საგრანტო დახმარებას გაუწევს.
დახმარება გამიზნულია ახალი თაობის ეკო-მეგობრული ავტომობილების შესაძენად, მაგალითად, ჰიბრიდული ავტომობილი (HV), დასატენი ჰიბრიდული ელექტრომობილი (PHEV), ელექტრომობილი (EV) და სუფთა დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება (CD). საგრანტო დახმარების განხორციელებამ საქართველოს ეკოლოგიური გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
For.ge 2011 წელსაც წერდა, რომ ელექტრომობილების შეძენის სურვილი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. საამისოდ მექსიკაში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა „ნისანის“ მარკის ელექტრომანქანა პირადად გამოსცადა. „ტესტ-დრაივის“ დროს პრეზიდენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრი ვერა ქობალია და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე უმშვენებდნენ მხარს.
სწორედ იმ დღეს გვამცნო სააკაშვილმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით შეივსებოდა და ეს „წარმოუდგენელი რევოლუცია“ საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს შეამცირებდა. თუმცა მისი დანაპირები რეალობაში არ განხორციელებულა.
ზოგადად, ელექტრომობილები პრიორტეტულია იმის გამო, რომ მათ ნულოვანი გამონაბოლქვი აქვთ, ბენზინი არ იხარჯება და უხმაუროა. მათი დატენვაც შეიძლება და მარტივად სატარებელია. ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია, აკუმულატორები შინაც დამუხტოს, სანამ მანქანა ფარეხში დგას. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო „შტეფსელით“ დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში აკუმულატორები სრულად შეივსება.
თუმცა, სავარაუდოდ, ახალ ელექტრომანქანებს დასამუხტი ცენტრი დასჭირდება. საამისო ბაზები კი ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს. ამდენად, საინტერესოა, საქართველოში სად უნდა დაიტენოს ელექტრომობილი?
ავტომოყვარული კოტე მჭედლიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ქალაქში რამდენიმე ცენტრალურ ადგილას მაინც იქნება ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობა, სავარაუდოდ, პრობლემები აღარ შეიქმნება. თუმცა პრობლემა იქნება რეგიონებში. ამიტომ რეგიონებისკენ მიმავალ გზაზე ანალოგიური ცენტრები უნდა გაკეთდეს გორში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში, რომ მთელი საქართველო მოიცვას.
„მე თუ მკითხავთ, ელექტრომობილები ძირითადად მაინც მომგებიანია ქალაქის მასშტაბით, ტრასაზე მათი გამოყენება ცოტა რთულია. გამონაბოლქვისგან დაბინძურების შემთხვევებიც ყველაზე მეტად დიდ ქალაქებს მოიცავს. ამიტომ ეს საპილოტე პროექტი, პირველ რიგში, დედაქალაქში უნდა დაინერგოს და ამის შემდეგ გავრცელდეს რეგიონებზე. რვა საათი სჭირდება ელექტრომობილის დატენვას, დატენილი მანქანა დაახლოებით 200 კილომეტრს გადის. თანაც, გააჩნია ელექტრომანაქანას. ამიტომ უნდა გადავთვალოთ, რამდენი დამტენი ცენტრი დაგვჭირდება. თბილისიდან რომ წავიდეთ ბათუმში, ეს დაახლოებით 400 კილომეტრია, ამიტომ, მინიმუმ, სამი სადგური მაინც უნდა იყოს. ასეთივე ცენტრები გვჭირდება კახეთისა და სამხრეთის მიმართულებითაც, ბორჯომში ერთი ცენტრიც საკმარისია. 15 სადგური თუ მაინც იქნება, პრობლემა არ შეექნება მანქანის მეპატრონეს, რომ ჩაჯდეს და წავიდეს ელექტრომობილით. აქ მეორე პრობლემაა, 8-საათიანი დატენვის ხანგრძლივობა საკმაოდ წამგებიანია ჩვენს აჩქარებულ საუკუნეში. თუმცა ამასაც ეშველება. 80 კილომეტრს რომ გაივლის ელექტრომობილი, უკვე 8-საათიანი დატენვა აღარ დასჭირდება, არამედ 1 საათიც საკმარისი იქნება. ყველაფერი ერთად ჩვენს ქვეყანაში არ გაკეთებულა და არც ახლა დაინერგება სასწრაფოდ ელექტრომობილები. თუ ამ პროექტმა გაამართლა, ხომ კარგი, თუ არადა, დაკარგულად ჩაითვლება იაპონიისგან მიღებული თანხები“, - აცხადებს კოტე მჭედლიშვილი.
ელექტრომობილებთან შედარებით, ჰიბრიდული ავტომანქანების უპირატესობას რაც შეეხება, იგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჰიბრუდული ავტომანქანები ქართველებში უფრო პოპულარული ხდება, რადგან ეს მანქანები ბენზინსა და ელექტრონზე ერთდროულად მომუშავეა და თვითონვე ახდენენ საკუთარი თავის დატენვას. თუმცა, ცხადია, ბენზინის მოხმარების გამო ნაწილობრივ მაინც აბინძურებენ გარემოს.
გარდა ამისა, ჰიბრიდული მანქანები ცოტა ხნის განმავლობაშია გამძლე, მათ გარკვეული კილომეტრაჟის რესურსი აქვთ და, დაახლოებით, ხუთი წლის შემდეგ მათი ძრავა მწყობრიდან გამოდის. ნორმალურ პირობებში 7-8 წელიც გაძლებს, მაგრამ ჩვენთან ჰიბრიდული ძრავების სერვისი მოიკოჭლებს. ასე რომ, ბენზინის ძრავით მომუშავე მანქანა თუ გადის 200 ათას კილომეტრს, დაახლოებით, ალბათ, 20-30%-ით ნაკლებს გაივლის ჰიბრიდული ძრავით მომუშავე მანქანა.
„პირველად ჰიბრიდული მანქანებიც მიუღებელი იყო ჩვენთვის, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს მანქანები ბევრს მოეწონა და, ალბათ, ნახევარი ბათუმი ამ მანქანით დადის. მით უმეტეს, ხუთი ლიტრი საწვავი იხარჯება მასზე, რამაც ბოლო ერთ წელიწადში მისი პოპულარობა გაზარდა. შესაძლებელია, სულ მალე ელექტრომობილებიც პოპულარული გახდეს, თუკი შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ევროპის დიდ ქალაქებში, ასევე, ჩინეთში სულ ელექტრომობილებია, სკუტერებიდან დაწყებული, ყველაფერი ელექტრონს მოიხმარს. ახლახანს „საქართველოს ბანკმაც“ შემოიყვანა ელექტრომობილები, ასეთი ბრენდია „Tesla“ ჰქვია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ ეს ნახევრად სპორტული ვარიანტია. როგორც ვიცი, საშუალო დონის სედანის ტიპის ელექტრომანქანა სადღაც 50 ათასი დოლარის ფარგლებში ღირს. თუმცა შეიძლება, სულაც არ იყოს იაპონური ბრენდი და ჩინურმა ან კორეულმა ჩაანაცვლოს. ყოველ შემთხვევაში, ელექტრომობილი ჰიბრიდულ მანქანაზე ძვირია“, - აცხადებს კოტე მჭედლიშვილი.