როგორ აღვიდგინოთ ენერგია

როგორ აღვიდგინოთ ენერგია

გადაღლამ გარეგნობაზეც იმოქმედა და ფორმაში ჩადგომა გიჭირთ. არადა, შვებულებას ვერ ეღირსეთ. ნუ ინერვიულებთ, თორემ კიდევ უფრო დაიმძიმებთ მდგომარეობას.

არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და დაღლილობა მოიხსნათ. შესაბამისად კი, გუნებაც გამოგიკეთდებათ და თავის მოვლასა და გალამაზებასაც ხალისით შეუდგებით.

იმდენი სამუშაო გაქვთ, რომ მაგიდიდან თავს ვერ სწევთ? გამონახეთ სულ რამდენიმე წამი და წაივარჯიშეთ:

– ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ მთელი ძალით – 3-ჯერ

– დაიზილეთ კეფა

– რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამეთ თვალი

– ენერგიულად დაისრისეთ ყურები

თუ ცაიტნოტში ხართ, რაციონიდან ამოიღეთ შაქარი. ეს პროდუქტი აფერხებს გონებრივი მუშაობის პროცესს. ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული კარტოფილის ჭამაც.

სამუშაოს დამთავრებამდე დარჩა 2-3 საათი, თქვენ კი უკვე ძალა გამოგეცალათ. შეჭამეთ ერთი ცალი ფორთოხალი და დაიბრუნეთ შრომის უნარი.

სამსახურის შემდეგ გაისეირნეთ 15 წუთით მაინც. აუჩქარებლად მიდით გაჩერებამდე. ცოტა ხნით სკამზეც ჩამოჯექით და დააკვირდით გამვლელ-გამომვლელს. ასე მოახერხებთ, სამსახურის საქმეებიდან ყურადღება სხვაზე გადაიტანოთ.

ერთი სული გაქვთ, სახლში მიხვიდეთ და ტელევიზორთან მოკალათდეთ. გირჩევთ, შეცვალოთ სცენარი, გადააბიჯოთ „არ მინდას“ და წახვიდეთ აუზზე. წყალში გატარებული ნახევარი საათიც კი საკმარისია, რომ დაღლილობა უკვალოდ გაქრეს.

ვერ ახერხებთ აუზზე წასვლას? – შორს არის, ძვირია და ასე შემდეგ... არა უშავს, გამოსავალი მაინც არის! დაღლაც რომ მოიხსნათ და მშვიდადაც დაიძინოთ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ამის გაკეთება. მოიმზადეთ აბაზანა ზღვის მარილითა და ლავანდის ზეთით – პროპორციებით: 500 გრამი მარილი, 8 წვეთი ზეთი. ჩაწექით და ინებივრეთ 20 წუთი.

თუმცა, გაითვალისწინეთ, ყველაზე სასიამოვნო პროცესი განტვირთვისთვის მაინც თქვენი რჩეულის ჩახუტება და კოცნაა.