ეგვიპტეში 3.6 ათასი წლის ქალაქი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში 3.6 ათასი წლის ქალაქი აღმოაჩინეს

ავსტრიელმა არქეოლოგებმა პროექტის ავტორის, ირენ მიულერის ხელმძღვანელობით, კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლების თალ ად-დაბის მიდამოების რადიოლოკაციური გამოსახულება ააგეს და სწორედ ამ ადგილზე იპოვეს 3,6 ათასი წლის წინანდელი ქალაქის, გიქსოსების დედაქალაქის, ავარისის ნანგრევები.

ეგვიპტელ ფარაონებს ქალაქის მმართველობა მომხვდურმა მომთაბარე სემიტებმა თითქმის ასი წლით (1664-1564 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე) წაართვეს, სანამ ის 1570 წელს მეთვრამეტე დინასტიის დამფუძნებელმა – იახმოს პირველმა არ გაათავისუფლა და დამპყრობლები პალესტინამდე არ გარეკა.

ეგვიპტის სიძველეთა შემსწავლელი უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ზახი ხავასმა განაცხადა, რომ რადარებით მიღებული გამოსახულება წარმოდგენას გვიქმნის ავარისის ქუჩების დაგეგმარებაზე, საცხოვრებელი სახლების, ტაძრებისა და სხვა შენობა-ნაგებობების ზუსტ განლაგებაზე.

არქეოლოგებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ ნილოსის ერთ-ერთი შენაკადი, რომელიც ქალაქზე გადიოდა, ასევე, ორი კუნძული. ხავასმა აღნიშნა, რომ სავსებით უჭერს მხარს ავსტრიელთა კვლევის მეთოდებს.

ინფორმაცია მიწისქვეშ „ჩასული“ ქალაქების შესახებ მათ ყოველგვარი რისკის გარეშე მიიღეს, ისე, რომ მცირედაც არ შეუფერხებიათ ნილოსის დელტაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც კი.