რეგიონებში „ყინული დაიძრა“?

რეგიონებში „ყინული დაიძრა“?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა. როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, იქ არსებული პოტენციალი და რესურსები.

„შედეგად ჩვენ გამოვავლინეთ პრიორიტეტული მიმართულებები, საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები, რაც არსებობს რეგიონში, რა მიმართულებითაც ჩვენ განვახორციელებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული პოტენციალი, რაც ამა თუ იმ რეგიონს აქვს. ხდება მობილიზება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა გულისხმობს მეწარმეთა მაქსიმალურ ხელშეწყობას, რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას და სხვა ღონისძიებებს. რამდენად ეფექტური აღმოჩნდება მორიგი ინიციატივა და ხომ არ დაემსაგავსება ყოფილი ხელისუფლებების „სიღარიბის დაძლევის“ პროგრამებს, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, როგორც ჩანს, პრემიერმა ქვეყნის განვითარების ახალი ტალღა წამოიწყო - ამჯერად დღის წესრიგში რეგიონების განვითარებაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს ინიციატივა?

- სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც აპირებს რეგიონების მონახულებას. ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასეთი შეხვედრის ორგანიზება ადრე უნდა მომხდარიყო და მონიტორინგიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ამ სამუშაოთა შესრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

ახლა უკვე ფაქტის წინაშე დგას ხელისუფლება და შეუძლია იფიქროს მხოლოდ ზომების მიღებაზე ამა თუ იმ მოხელის მხრიდან. საქმეს გაცილებით უფრო წაადგებოდა, გასული წლის ბოლოსთვის უკვე ცხადი ყოფილიყო, ვის რა დარღვევა ექნებოდა დავალების შესრულებაში.

ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ მთავრობამ და გუბერნატორებმა უნდა იზრუნონ რეგიონის განვითარებაზე, მას შემდეგ რაც თვითმმართველობის რეფორმა გატარდა. თვითმმართველობების როლი სად არის? ხომ არ მიდის ყველაფერი ისევ ცენტრალიზებისკენ?

- კანონი თვითმმართველობის შესახებ დასახვეწია, ამ იერარქიაში ვის რა როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება, ხშირად დამოკიდებულია-ხოლმე ამა თუ იმ თანამდებობის პირის უნარებზე.

თუ შევაფასებთ ამ შეხვედრას როგორც მცდელობას, გარკვეული სტრუქტურული რეფორმებისა, შედეგს მხოლოდ მომავალში დავინახავთ, რადგან ამ გეგმების განხორციელება არ უნდა დაწყებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დაიწყო შეუსრულებელ დავალებებზე და ბიუჯეტის აუთვისებელ თანხებზე.

ეს აუთვისებელი თანხებიც საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს, თუ თვითმმართველობას ფულის ხარჯვის უნარი არ გააჩნია, მაშინ გამოდის, მხოლოდ ფორმალურ თვითმმართველობაზეა საუბარი?

- როგორც ითქვა, თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებები მზადდება და ბიუროკრატიული ბარიერები უნდა მოიხსნას. ისე კი, აქ შესაძლებელია მხოლოდ ორ სცენარზე საუბარი - პირველია უსუსურობა, მეორე - უფრო ღრმად ჩასახედი საკითხი შეიძლება იყოს და ეს არის თანხების ხარჯვის არამიზნობრიობა.

სავარაუდოდ, ამასაც შეისწავლიან თუ რეალური მიზეზების გარკვევა მოინდომეს...

- მაშინ ბევრ სხვა უაღრესად აქტუალურ საკითხს უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები და ყველანი გადავიდნენ კონტროლის პალატის რეჟიმში, რაც ასევე შემაშფოთებელი იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც საკმარისზე მეტი გამოწვევა აქვს.

როცა დღემდე ვერ ხვდება პრემიერ-მინისტრი, რომ აპარატში უნდა გააჩნდეს ორი ან სამი სხვა ვალდებულებებისგან თავისუფალი ვიცე-პრემიერი, ყოველთვის იზარალებს ხელისუფლება.

დღეს ორივე ვიცე-პრემიერს თავზე საყრელი საქმე აქვს, როგორც მინისტრებს, კაბინეტი რეალურად ფორმირებული არ არის. რატომღაც ეთაკილებათ გასული წლების გამოცდილების გამოყენება, ვიცე-პრემიერის გარეშე ან აპარატი როგორ მოქმედებს ან დარგების მიხედვით როგორ ხდება კოორდინირება ამა თუ იმ თემის, რასაკვირველია, კვლავ გაუგებარი რჩება.

საინტერესოა, რატომ ცდილობენ რომ არ იყოს ვიცე-პრემიერი გათავისუფლებული სხვა საკითხებისგან? -ალბათ, პასუხად შეიძლება ვიფიქროთ, ხომ არ არსებობს შიში იმისა, რომ რომელიმე ასეთი ვიცე-პრემიერის ოცნება შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრობა?!

ისე, საკადრო პრობლემაც ხომ არ არსებობს? გასაკვირი იქნება, რომ ვერავინ ვერ იპოვეს ვინც ამ ფუნქციას შეასრულებს?

- თუ საკუთარ სანათესაო-სამეზობლოში ეძებენ, მე მგონი, ამოწურულია უკვე რესურსი. საკადრო პოლიტიკა, როგორც წესი, ბუნებაში არ არსებობს, არსად არ წერია, რა ტიპის თანამდებობის პირს რა გამოცდილება უნდა გააჩნდეს და რა პროფესიონალური მონაცემები. ამაზე მხოლოდ საუბრებია, მაგრამ საკითხი ადგილიდან არ იძვრის, რადგან ვფიქრობ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი თვითონვე ხვდებიან, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნიათ და არც იხტიბარს იტეხენ, რომ ვინმეს მიერ წარმოდგენილი ადამიანი საზოგადოებას წარუდგინონ თავისი რეკომენდატორით, მერე რომ არ იყოს სუბარი ეს კაცი აქ საიდან მოხვდა.

რეკომენდაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ასევე უნდა აგებდეს პასუხს, თავის მიერ რეკომენდირებული ადამიანის უნარებზეც და პატიოსნებაზეც. მაშინ არ გვექნებოდა აუცილებლობა, რომ 10-10 კაცი გუნდურად გავაგდოთ-ხოლმე სხვადასხვა სტრუქტურიდან თუ რეგიონიდან. ეს მოდელი არ ვიცი, რამდენად ესადაგება დემოკრატიულ პრინციპებს, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო გასაჭირი ქვეყანას ნამდვილდ აწუხებს.

სავარაუდოდ, რეგიონების განვითარების გეგმა არის სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გაგრძელება. მათ მოგვიწოდეს ინვესტიციების გაზრდისკენ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საბიუჯეტო ხარჯების ათვისებისკენ და .. პრემიერი აპირებს მთავრობასთან ერთად რეგიონები დაიაროს და პრივატიზაციის პროცესი დააჩქაროს. თუ გავითვალისწინებთ გარე ფაქტორებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ვინ უნდა ჩადოს ფული საქართველოს რეგიონებში? რა ტიპის ინვესტორები შეიძლება მოიაზრებოდნენ?

- გამოჩნდა უკვე გაუგებარი წარმოშობის კომპანია, რომელმაც ბათუმში უნივერსიტეტის შენობა შეიძინა 25 მილიონ დოლარად. სამი დღის განმავლობაში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს და სასტუმროდ გადააკეთეს. ასე რომ, ყინული დაიძრა, მაგრამ გასაყიდი ობიექტების სიაში შედის ისეთი ნაგებობებიც, რაც ნამდვილად დააზიანებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ვგულისხმობ, მაგალითად, გრიგოლ ორბელანის სასახლეს...