საქართველოში ირანის საელჩომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის 18 თებერვლის განცხადებას „არაკვალიფიციური და გაუაზრებელი“ უწოდა, რომელიც შეურაცხყოფს სამიათასწლოვანი ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე ირანის რესპუბლიკას.
საქმე ეხება ცალკეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას. ამ კონტექსტში თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არცერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო და უმტკივნეულო.
„ყველა ბედნიერი ვერ არის მასშტაბური რეფორმით. ვინ ვერ არის ბედნიერი? ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო... 2014 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების“, - განაცხადა წულუკიანმა.
ამის საპასუხოდ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, „1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს. ისტორიის მანძილზე, ირანელები, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად. ამასთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა“.
სხვათა შორის, თეა წულუკიანის 18 თებერვლის განცხადება საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ქსენოფობიურად შეაფასეს. მათი აზრით, მინისტრის განცხადებები ზემოთ დასახელებული ეთნიკური და რასობრივი იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია.
ქსენოფობიაში დადანაშაულებული მინისტრი უკვე შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს. მისმა უწყებამ კი სასწრაფოდ გაავრცელა განცხადება, რომ „უკვე შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში გაიხსნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველომ ნელ-ნელა იფიქროს მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებაზე ფოკუსირებულად, რათა წაახალისოს ინვესტორები, მათ შორის, ირანიდან, სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული“.
რასაკვირველია, ირანის საელჩოსა და თეა წულუკიანის არცთუ დამთბარი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ სალაპარაკოდაც იქცა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ „ქსენოფობ წულუკიანს მიუთითებენ, რომ ჩინეთიცა და ირანიც უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებია და მათი შეურაცხყოფა არ შეიძლებოდა“.
საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ირანის საელჩოს მხრიდან თეა წულუკიანის განცხადების „არამეგობრულად“ შეფასება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და, რეალურად, რა პრობლემები მოუტანა სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ საქართველოს?
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ შეიძლება, უცხოელები საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოვიდნენ. ასეთი შეზღუდვა დასავლეთ ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებს აქვთ დაწესებული და ამ მხრივ გამონაკლისი საქართველოც ვერ იქნება.
„ნაციონალები იძახიან, არიქა, ირანელი ან ჩინელი ინვესტორი მოდის, ინვესტიცია უნდა ჩადოს ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ საქართველოშივე გამარტივებულად აიღოსო ვიზა. არავითარ შემთხვევაში, კაცი, რომელიც მოდის უცხოეთიდან და მართლაც მილიონობით ინვესტიციის ჩადება სურს საქართველოში, როგორ, საკუთარ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში ვერ მივა და არ მისცემენ ვიზას? არავინ დაუჭერს მაგათ ვიზას. ასე მარტივი რომ იყოს, მაშინ სუყველა ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი ძაღლი და მამაძაღლი იტყვის, საქართველოში ინვესტიცია უნდა ჩავდოო და ვინ გაარკვევს სიმართლეს, რა უდევს გუნებაში? ეს შეზღუდვა არ დაწესებულა უშუალოდ ირანისთვის, ეს გაკეთდა ცალკეული სახელმწიფოებისთვის. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა უამრავი საფრთხის წინაშეა და აქ უკონტროლო შემოსვლა დაბრკოლებას ქმნის.
რა თქმა უნდა, უზარმაზარი კულტურა აქვს ირანს, ჯერ კიდევ ჩვენს წელთა აღრიცხვიდან მოყოლებული, შემდეგ უკვე ირანული პოეზია მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ უვიზოდ შემოვიდნენ. უცხოელს თუ ვეტყვით, წინასწარ აიღეთ ვიზა, ამან ურთიერთობის დაძაბვა როგორ უნდა გამოიწვიოს?“, - აცხადებს ანზორ თოთაძე და არასამთავრობოებზეც აკეთებს განმარტებას, რომელთაც წულუკიანს ქსენოფობიაში დასდეს ბრალი: „გიგაური და ლომჯარია რამეს რომ წაიკნავლებენ, ეს არ ნიშნავს, ჩვენ შევასრულოთ მათი სურვილი. არასამთავრობოების უმეტესობა ჩვენი სახელმწიფოს მტერია და ეროვნული ინტერესები არად ადარდებთ. მათ უნდათ, პრობლემები ძალით შექმნან, რომ გრანტები მოიპოვონ“.
ტურისტული კომპანია „Tiangbei Travel“-ის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ექსპერტი გიორგი ქემერტელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, თუმცა ტურისტების ნაკადის შემცირებამ უკვე დიდი პრობლემა გამოიწვია ქვეყანაში და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. უფრო მეტიც, არაოფიციალური მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით, სექტემბრის მერე, როცა სავიზო რეჟიმი დაუწესეს ცალკეულ ქვეყნებს (საიდანაც არცთუ ცოტა ტურისტი შემოდიოდა), დაახლოებით 200 ათასს გადააჭარბა ტურისტების რაოდენობის შემცირებამ, რაც თანხობრივად, 10 მილიონ დოლარზე მეტი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.
„ვიზა გარკვეული ტიპის შეზღუდვაა ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და არდარჩენისთვის. მაგალითად, 1-ელ სექტემბრამდე ჩინეთიდან როდესაც მოდიოდა რომელიმე ტურისტული ჯგუფი, მე, როგორც ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი, ვწერდი განცხადებას საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის სახელზე და კონკრეტულად მივუთითებდი ტურისტების რაოდენობას, თავიანთი პასპორტების თანხლებით. ასევე, მითითებული მქონდა თარიღები, თუ როდის ჩამოვიდოდნენ და როდის დატოვებდნენ საქართველოს. ამ ყველაფერს პოლიცია უგზავნიდა საბაჟო დეპარტამენტს, საიდანაც ხდებოდა ამ ტურისტების შემოსვლა. შესაბამისად, თუ რომელიმე ტურისტი დათქმულ დროს არ დატოვებდა საქართველოს, მე ვიყავი ამაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირი, განცხადებით მივმართავდი შს სამინისტროს და ჩემს ტურისტზე გამოცხადდებოდა ძებნა. არა მგონია, ერთი ან ორი ჩინელი დაკარგოდათ საქართველოში. ამიტომ საშიშროება, რომ ორგანიზებული ტურისტებიდან ვიღაცები საქართველოში დარჩებოდნენ, არ არსებობდა. ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ, რომელიც მუშაობს ჩინურ ბაზარზე, 120 ტურისტი ვერ შემოიყვანა ვიზის გამკაცრების გამო. არადა, ყველაზე მეტი ინვესტორი იყო შემოსული ჩინეთიდან და ყველაზე მეტი თანხაც სწორედ ჩინელებს აქვთ დახარჯული საქართველოში. უკვე სხვანაირი ქვეყანა გახდა ჩინეთი. აღარ არის ისე, რომ ჩინელები შედიან სადმე და იქ რჩებიან. კი, არიან ასეთი ჩინელი ტურისტებიც, მაგრამ ჩინელთა უმეტესობა უკვე სხვანაირად არის განწყობილი. ჩინელებმა ისწავლეს ტურისტობა“, - აცხადებს გიორგი ქემერტელიძე და განმარტავს, რომ, ჩინელებისგან განსხვავებით, ირანელები საქართველოში უფრო სასწავლო და სამუშაო მიზნით არაორგანიზებულად შემოდიოდნენ.
ამასთან, მიუთითებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოხდა ვიზების გამკაცრება და ჩვენც მივბაძეთ ევროპას, თუმცა სავიზო პირობები, ფაქტობრივად, უკვე შერბილებულია, რადგან თებერვალში შეიქმნა ელექტრონული ვიზების აღების პრეცედენტი და ტურისტებსაც შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული ვიზებით ისარგებლონ.
„სანამ ელექტრონულ ვიზებს შემოიღებდნენ, მანამდე საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ტურისტი მიდიოდა საკუთარ ქვეყანაში არსებულ საკონსულოში და იქ იღებდა ვიზას. წარმოიდგინეთ, რამხელა დაბრკოლება ექმნებოდა. მაგალითად, ჩინელი ცხოვრობს რომელიმე პროვინციაში და არ ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც ჩვენი საკონსულოა. მას უხდებოდა იმ ქალაქში ჩასვლა, ვიზის განაცხადის შევსება, მერე ისევ უკან წასვლა და რამდენიმე დღის შემდეგ, პასუხის შემთხვევაში, ისევ უნდა წასულიყო საკონსულოში, ანუ სრულიად სხვა ქალაქში, და ამის მერე წამოსულიყო საქართველოში სამოგზაუროდ. ჩინეთში არის რამდენიმე ისეთი პროვინცია, საიდანაც თბილისში უფრო მალე ჩახვალთ, ვიდრე პეკინში ვიზის ასაღებად. ამხელა რეგულაციები რომ უწესდებათ და ამხელა დანახარჯზეა საუბარი, ცხადია, აღარ უნდათ საქართველოში ჩამოსვლა“, - აცხადებს ტურიზმის ექსპერტი.