„ივანიშვილი შეეცდება შეცდომის გამოსწორებას, ოღონდ ამ ფიგურების შენარჩუნებით“

„ივანიშვილი შეეცდება შეცდომის გამოსწორებას, ოღონდ ამ ფიგურების შენარჩუნებით“

დედაქალაქის მერი ახალ მოადგილეებს დიმიტრი ქუმსიშვილსა და ირაკლი ლექვინაძეს ხუთშაბათს, 12 მარტს წარადგენს. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ თბილისის საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს. მერის განცხადებით, ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, აქვთ სათანადო გამოცდილება, უნარ-ჩვევები, პრინციპულობა, რომ ერთად აკეთონ ის საქმე, რასაც წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველს დაპირდნენ. თუმცა, ნარმანია არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რა აუცილებლობით არის გამოწვეული მერის მოადგილის ახალი შტატის შექმნა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დამატებით ახალი მოადგილის შტატის შექმნა პირდაპირ უკავშირდება მერიაში მიმდინარე პროცესებს და როგორც ამბობენ, გადაწყვეტილება უშუალოდ ყოფილ პრემიერს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ჯოტია ბოდოკიას დაკავების შემდეგ, თბილისის მერიაში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო შევიდა, პარალელურად, მერიის მასალების დიდი ნაწილი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პროკურატურას აქვს წაღებული და მისი შესწავლა მიმდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურს მიმართეს, რომ არ შესულიყო მერიაში, სანამ საგამოძიებო უწყება შესწავლას არ დაასრულებდა და დოკუმენტაციის სისტემატიზაცია არ მოხდებოდა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მერიაში ახალი შტატის შექმნა პირდაპირ უკავშირდებოდეს მერიის სტრუქტურების კორუფციული სქემებისგან გასუფთავებას, რაც კანონით უშუალოდ მერის ფუნქციაა. შესაბამისად, საყვარელიძე თვლის, რომ თბილისის მერიაში პირველი პირის ფუნქციები გაიყოფა.

გადანაწილდება თუ არა მერის უფლებამოსილება მისივე მოადგილეებზე და დაუშვა თუ არა პოლიტიკური ჯგუფის არაფორმალურმა ლიდერმა შეცდომა საკადრო გადაწყვეტილებებში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკვაშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს და ამბობს, რომ გამგებლების თავები დაიყრება. ბატონო რამაზ, ჯავახიშვილის ამ უწყებაში გადაყვანა ნიშნავს, რომ საჯარო გახდება სახელმწიფო უწყებებში კორუფციული ფაქტები და სკანდალური ტენდერები?

- გეთანხმებით, რომ ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებას წონა აქვს. ეს გადაადგილება დამაფიქრებელია იმათვის, ვინც ვალდებულია ეფექტურად აწარმოოს კორუფციასთან ბრძოლა. იცით, ამ ხელისუფლებასთან პრეტენზიები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ვერ მოახერხეს მთავარი დაპირების - სამართლიანობის აღდგენა, ვერ ახერხებენ კადრების შერჩევას ისე, რომ შიგ საბოტაჟის საფრთხე არ იყოს ჩადებული და ა.შ. ამ ფონზე, კორუფციასთან ბროლა რომ მოეხერხებინათ, ეს იქნებოდა გასაკვირი.

კორუფცია ერთ-ერთი ყველაზე რთული ფენომენია ყველა ქვეყნისთვის. სააკაშვილმაც, რომელიც იძახის, რომ კორუფციასთან მებრძოლის დროშა მიკავიაო, კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციით მოახერხა. წვრილმანი კორუფცია მოაქცია მსხვილი კორუფციის ქვეშ. ზედა ეშელონები დაინტერესებული გახდნენ იმით, რომ ქვედა ეშელონებში არ ყოფილიყო კორუფცია. ასეთი ხაზის გატარებას ჯერ მოფიქრება უნდოდა და მერე მკაცრი ორგანიზაციული კონტროლი. ისიც არ ვიცი, იყო თუ არა ეს საკითხი ფიქრის საგანი. თუმცა, დიდად არ ეტყობათ და მითუმეტეს, ორგანიზაციულად უფრო მკაცრად რაიმეს გატარება, ამ ხელისუფლებას ძალიან უჭირს.

ფაქტია, რომ კორუფციულ სკანდალში გაეხვა თბილისის მერია. მერიაში შესულია ანტიკორუფციული სამსახური, პარალელურად, დოკუმენტაცია წაიღო პროკურატურამ. დავით ნარმანიას უწყებაში ორი საგამოძიებო უწყების მუშაობა ადასტურებს, რომ კორუფციის საკმაოდ მაღალი რისკი არსებოს დედაქალაქის მთავრობაში?

- არ გამოვრიცხავ, ისევე როგორც ბევრი სხვა თემა, კორუფციის თემაც, ნაწილობრივ, შეიძლება ხაფანგის თემას ასრულებდეს. არაერთხელ გავხდით იმის მოწმე, რომ ხელისუფლება, როგორც იტყვიან, წამოიკიდეს ხან რელიგიურ, ხან კიდევ სექსუალურ უმცირესობების თემებზე. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ერთ-ერთი თემა იყოს - კორუფცია. უფრო ჩანდეს და ხმაურიანი იყოს ეს ყველაფერი, ვიდრე სხვა შემთხვევაში. როდესაც ისეთი, ჯიუტად ჩასაფრებული ოპონენტი გყავს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, მაშინ ბევრ რამაზე უნდა დაფიქრდე, რომ მარცხი არ განიცადო.

თუმცა, ეჭვი მეპარება „ქართული ოცნების“ გუნდს თავი ატკიებული ჰქონდეს იმაზე ფიქრით, აბა, ნაციონალების შეტევები როგორ მოვიგერიოთო. ჩასხდნენ სახელისუფლებო სავარძლებში და იმაზეც კი არ ფიქრობენ, რომ მათ ასე მშვიდ ყოფას, შეიძლება რაიმე დაემუქროს. ამიტომ, ასეთი მოდუნებული არსებობა არის იმის მიზეზი, რომ გამოსავალს და მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის გამოსავალს ვერ პოულობენ. ვიმეორებ, შეიძლება რეალური კორუფციაც იყოს და შეიძლება ამ რეალურს კიდევ ემატებოდეს დაინტერესებული პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხაზგასმა.

ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ სიმშვიდე გაკვირვებას იწვევს. უბრალოდ, არ მგონია, რომ ეს დიდხანს გაგარძელდეს. იმიტომ, რომ თუ ვინმეზე პიროვნულად გადადის ამ მოდუნებით გამოწვეული მარცხი, თუ ვინმეს მიმართ საყვედურს ათქმევინებ ხალხს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც როგორც ცნობილია კორუფციასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ძალიან მკაცრად რეაგირებს ამაზე.

გახმაურებული კორუფციული ფაქტების შემდეგ, მერიაში შეიქმნა დამატებით მერის მოადგილის შტატი და მას დავით ქუმსიაშვილი დაიკავებს, რომელიც ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. დამატებითი შტატის შექმნა ადასტურებს, რომ დავით ნარმანიას უკვე ფორმალურად ექნება მერის ფუნქცია?

- ნარამანიას მოხსნა რაიმე მექანიზმით ძალიან ცუდი ფაქტი იქნებოდა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, რადგან ვიცით მის მიერ გამოთქმული მხარდაჭერა ნარმანიასთან დაკავშირებით. თვითონ ნარმანია გამოირჩევა პატიოსნობით, უფრო მეტად ლოგიკურია, რომ ის შეიძლება მსხვერპლი იყოს ასეთი კორუფციული სქემების, ვიდრე მეთაური. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ ცოდვაც არის. ამიტომ, არა მგონია, რომ ნარმანიას დასმულ მოადგილეებს ჰქონდეთ იმის ფუნქცია, რომ ჩაანაცვლონ ნარმანია. მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი თავის თავზე აიღებენ, რომ გაუსუფთავონ ნარმანიას სისტემა ამგვარი კორუფციული სქემებისგან. გარკვეული თვალსაზრისით, ამ მხრივ, თბილისის მერიაში პირველი პირის ფუნქციები, ალბათ, გაიყოფა.

რამდენად შესაძლებელია, რომ დავით ნარმანიამ თავად დაწეროს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით? ყოველ შემთხვევაში სახელისუფლებო წრეებში ამბობენ, რომ როგორც რეგიონალური განვითარების სამინისტროში, ასევე მერიაში ივანიშვილმა მიავლინა საკუთარი კადრები...

- ნამდვილად არ გამოვრიცხავ სცენარის ასე განვითარებას. მაგრამ, თვითონ ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკური ჯგუფის არაფორმალური ლიდერისათვის, ძალიან წამგებიანი იქნება ეს ნაბიჯები, ანუ მათი ჩანაცვლება ახალი ფიგურებით. ეს იქნება მინიშნება იმაზე, რომ მას საკადრო გადაწყვეტილებაში შეეშალა. უფრო ველოდები ისეთ მოქმედებას, რომ ივანიშვილი შეეცდება შეცდომის გამოსწორებას, ოღონდ ამ ფიგურების შენარჩუნებით, რომ პოლიტიკურად წამგებიანი სვლა არ გამოვიდეს. მაგრამ ამავე დროს, იმ ხარვეზის (რასაც კორუფცია ჰქვია) აღმოფხვრაში, იმოქმედოს მეორე პირებით.

ანუ გადანაწილდეს უფლებამოსილება მეორე პირებზე?

- რასაკვირევლია. მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე ეს ვერსია უფრო ხელსაყრელი იქნება ივანიშვილისთვის.