ვინ იძია შური ბორის ნემცოვზე

ვინ იძია შური ბორის ნემცოვზე

„რატომ მოვკალი ნემცოვი?!“- ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის დაკავებული ზაურ დადაევი დანაშაულის მოტივზე ალაპარაკდა. დადაევი, რომელიც, ამავდროულად, ჩეჩნურ ბატალიონ- „სევერის“ ყოფილი მებრძოლია, ირწმუნება, რომ იგი ნემცოვის მიერ „შარლი ებდოს“ მიმართ გამოთქმულმა მხარდაჭერამ აღაშფოთა და შური იძია.

უფრო მეტიც, რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ღრმად მორწმუნე მაჰმადიანებმა მუსლიმანთა სამყაროს მისამართით გამოთქმული განცხადებების გამო გადაწყვიტეს ოპოციზიონერის დასჯა. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით კი, არსებობს ვერსია, რომ ნემცოვმა ისლამისტების მხრიდან მიიღო მუქარა პარიზში ჟურნალ „შარლი ებდოზე“ განხორციელებული თავდასხმის დაგმობის გამო.

აღნიშნული ვერსიის არც რუს და არც ქართველ პოლიტოლოგებს არ სჯერათ. ბორის ნემცოვის მოკავშირეს, ილია იაშინს ეჭვი ეპარება, რომ დაკავებული ეჭვმიტანილები (ჩეჩენი ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი და კიდევ სამი ეჭვმიტანილი) პოლიტიკოსის მკვლელობაში რეალური მონაწილეები იყვნენ. იაშინი გამორიცხავს ნემცოვის მკვლელობაში რადიკალი ისლამისტების კავშირს. ის ირწმუნება, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის უკან სწორედ რუსეთის მთავრობა დგას.

კავკასიელების დაკავების შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დადაევს რუსეთის პატრიოტად და ღრმად მორწმუნე ადამიანად მოიხსენიებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯსაც არ გადადგამდა.

რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის საქმით „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-იც დაინტერესდა. გადაცემაში გასული სიუჟეტის თანახმად, ერთ-ერთი ვერსიით, ბორის ნემცოვი სულ სხვა ადგილას მოკლეს და მისი ცხედარი აღმოჩენის ადგილზე მოგვიანებით მიიტანეს. ეს ვერსია ძალიან ჰგავს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიას.

სიუჟეტის თანახმად, ნემცოვის მკვლელობა არაერთ კითხვას ბადებს: კერძოდ, რა უნდოდა თოვლის გამწმენდ მანქანას კრემლის მიდამოებში მაშინ, როცა მოსკოვში თოვლი არ იყო? ნუთუ შესაძლებელი იყო, ფეხზე მდგარიყო ბორის ნემცოვი ოთხი გასროლის შემდეგ?! მას ხომ ერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, ერთი- ფილტვში, ერთი -გულში, რასაც ძლიერი სისხლდენა უნდა მოჰყოლოდა. უპასუხოდ რჩებოდა კითხვები, მკვლელობის ადგილიდან 130 მეტრში, ხალხმრავალ ადგილას, ავტობუსის გაჩერებაზე ხალხს რატომ არ გაუგია გასროლის ხმა? საეჭვო იყო ისიც, რატომ არ უხმო დამხმარებისთვის ვინმეს ნემცოვის მეგობარმა ქალმა ანა დურიცკაიამ და რატომ არ დაბრუნდა თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლი, რომელსაც, წესით, გასროლის ხმაც უნდა გაეგო და სარკეშიც დაენახა მომხდარი?

აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვერსია, რომ ბორის ნემცოვი მოკლულია სხვაგან, დამატებითი ჭრილობები კი უკვე ძირს დაცემულს მიაყენეს, ანუ თოვლის საწმენდი მანქანა ამოეფარა დამნაშავეს და ამ დროს მოხდა ნემცოვის ცხედრის ხიდზე გადატანა. ამ ვერსიის მიხედვით, ნემცოვის თანმხლები გოგონა მკვლელობის თანამონაწილე გამოდის.

„კომსომოლსკაია პრავდა“ ნემცოვის მკვლელობის შემკვეთს საქართველოში ეძებს. ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ანზორ და შიდიდ გუბაშევებს თურმე ვიდეოჩანაწერი უპოვეს, რომელშიც უფროსი ძმა ჰყვება, თუ როგორ იყვნენ საქართველოში საქმეების გამო. „რა საქმე უნდა ჰქონოდათ ჩეჩნებს ამიერკავკასიაში?“, - წერს რუსული გამოცემა და აქვე შეგვახსენებს, რომ ბორის ნემცოვის ანგარიშსწორებაში შეიძლება, სააკაშვილის მეგობარი, გივი თარგამაძეც იყოს გარეული. ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც „ბოლოტნის პროცესების“, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ და „მაიდნის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ და, რომელსაც თავად ნემცოვი „ყბედ, ავანტიურისტ, კლოუნ და ლოთ“ ადამიანად მოიხსენიებდა.

ზოგიერთები ნემცოვის მკვლელობის უკან უკრაინულ ინტერესებს ხედავენ - ნემცოვი, თითქოს, უკრაინელმა ოლიგარქებმა მოიშორეს, რადგან ოპოზიციონერმა ლიდერმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, უკრაინელებისგან ფული აიღო, მაგრამ რუსულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა ვერ მოახერხა. ამ ვერსიის ავტორების სასარგებლოდ მეტყველებს ანა დურიცკაიას პერსონაც, ის უკრაინელი მოდელი გახლავთ. ამდენად, სპეცსამსახურებს აწყობთ, მკვლელობის საქმეში უკრაინელი ქალბატონის სახელი ფიგურირებდეს და ის მკვლელობის თანამონაწილედ აღიქვას საზოგადოებამ. მით უფრო, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ბორის ნემცოვის თანმხლები ანა დურიცკაია უკრაინის ეროვნული გვარდიის, პოლკ „დნეპრი-1“-ის მეთაურის, უმაღლესი რადის დეპუტატისა და სააკაშვილის მეგობრის, იური ბერეზას საყვარელი აღმოჩნდა.

For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ გამიზნულად შემოგდებული, ყველაზე „დამაჯერებელი“ არგუმენტია, თითქოს, ზაურ დადაევმა ნემცოვის მოკვლის მიზეზად მუჰამედ წინასწარმეტყველის სიყვარული დაასახელა. ამით დადაევმა მიანიშნა, თითქოს რელიგიური მოტივი იყო მკვლელობის რეალური საბაბი, თუმცა სოსო ცინცაძისთვის გაუგებარია, რატომ გაწირეს მაინცდამაინც ნემცოვი, ნემცოვზე უფრო მკვეთრი განცხადებები ხომ რუსეთში ას ადამიანს მაინც აქვს გაკეთებული, მათ შორის, იულია ლატინინას, „ეხო მოსკვიზე“ კი თითქმის ყველა გამომსვლელს საათიანი გადაცემები აქვთ მიძღვნილი ამ თემისთვის. მაშინ მკვლელობების სერია უნდა მიგვეღო და არა - მაინცდამაინც ნემცოვი. ამიტომ ეს ვერსია პოლიტოლოგისთვის საეჭვოა.

„ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადება, რომ ის თურმე, კარგად იცნობდა ზაურ დადაევს, რუსეთის „დიდ პატრიოტს“ და ამიტომაც დაავალა ხელქვითებს მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლა, შეიძლება, თავისებური ანონსია იმ მიმართულებით, რომ მერე თქვან, აი, ზაურ დადაევი ვერ იყო ფსიქიკურად კარგად, ამიტომაც დაანება თურმე სამსახურს თავი ბატალიონ „სევერში“. ასე თუ ისე, მთელი ეს ძიება კიდევ ერთ არგუმენტად იქცევა დასავლეთის თვალში, რომ მეტი ეჭვით უყურონ რუსეთში არსებულ მოვლენებს.

მძიმე დღეშია დღეს პუტინი, რადგან, ერთი მხრივ, პუტინმა უკვე დააანონსა, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და რუსეთში ბოლო უნდა მოეღოს პოლიტიკურ მკვლელობებს, მეორე მხრივ, თუ კადიროვის და დადაევის ვერსია სწორია, თურმე რელიგიური ფაქტორი ყოფილა დამნაშავე და ყველაფერში ბრალი მიუძღვის „შარლი ებდოს“, რომელმაც საფრანგეთში დაიწყო მუჰამედის გამასხარავება, ეს უკვე წინააღმდეგობაში მოდის პუტინთან.

რაც შეეხება „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციას, თითქოს მკვლელები საქართველოსთან კავშირში არიან, ეს იმდენად არასერიოზულია, რომ არა მგონია, რუსმა სამართალდამცავებმა სერიოზულად დაიწყონ ამ ვერსიის დამუშავება“,- აცხადებს სოსო ცინცაძე და თვლის, რომ ასეთი შეკვეთილი მკვლელობა ძალზე ძვირი ჯდება. ამიტომ გივი თარგამაძეს, ან რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს გულითაც რომ უნდოდეს ვინმეს მოცილება, ტექნიკურად წარმოუდგენელია, მოსკოვში, კრემლის კედლებთან კაცი მოკლა.

პოლიტოლოგი სიძულვილის გრძნობის კულტივირებაზეც საუბრობს, რაც დღეს ინერგება რუსეთში. რუსი მოსახლეობის 70%-ს სჯერა პუტინის ნათქვამის, რომ ოპოზიცია მეხუთე კოლონაა, რომ ისინი ამერიკის აგენტები და რუსული სახელმწიფოს მტრები არიან. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის გამოიძებნება მკვლელობის მოხალისე. ამ კონტექსტში სოსო ცინცაძეს პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი ახსენდება, როცა გავრილო პრინციპმა, სერბმა სტუდენტმა მოკლა ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფი, რასაც პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა. არადა, ეს სტუდენტი არავის დაუქირავებია, მას ფულიც არ აუღია არავისგან, ელემენტარულად, იარაღი მისცეს, წავიდა და კაცი მოკლა.

„სწორედ ეს სიძულვილია ყველაზე საშინელი და ამ ხაფანგში საზოგადოება ებმევა. ნემცოვის მკვლელობის ირგვლივ „რუსთავი 2“-ის მიერ დაწყებული გამოძიება ზღაპარია. არგუმენტს იმის შესახებ, რა უნდოდა იქ თოვლის საწმენდ მანქანას, როდესაც თოვლი არ იყოო, ვერ გავიზიარებ. ეს ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება რუსეთში. რუსეთში უარესი რამეებიც ხდება, რუსი ბიუროკრატია თავით არ მოქმედებს. მე წლობით მიცხოვრია რუსეთში და ვიცი, რა არის რუსეთი და ისიც მინახავს, როდესაც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში საბჭოთა კავშირმა აფრიკას დახმარების სახით გაუგზავნა თოვლსაწმენდი მანქანები. არადა, იქ თოვლი არასდროს მოდიოდა. აფრიკელებმა რომ გახსნეს გემით ჩატანილი ტვირთი, ვერ გაიგეს, რა იყო, რუსეთის საელჩოში რეკავდნენ და რა ჯანდაბა ვუყოთ ამასო. მერე გაირკვა, რუსმა ჩინოვნიკმა სიმთვრალეში მისამართი აურია და ციმბირში, ნახოდკაზე გასაგზავნი თოვლსაწმენდი გვინეიში გაგზავნა. მაგათ ჰგონიათ, რომ რუსეთში ბიუროკრატია ისე ზუსტად მუშაობს, როგორც ფინეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება ვერსიას, ნემცოვის სხვა ადგილას მოკვლის თაობაზე, ესეც ზღაპარია, რადგან უამრავმა, 25-მდე კამერამ მაინც დააფიქსირა ავტომანქანის მოძრაობა. ამიტომ სხვაგან მოკლეს, მიიტანეს, მერე იქ სისხლი დაასხეს და ასეთი რამ არადამაჯერებელია.

„რუსთავი 2“ გამიზნულად უშვებს ამ ვერსიებს, „რუსთავი 2“-ს მთლიანად რუსეთზე აქვს ალერგია და აღარ იცის, რომელი კუთხიდან უკბინოს რუსეთს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში არადამაჯერებელად მიიჩნევს ე.წ. მუსლიმანურ ვერსიას, თითქოს ნემცოვზე მუჰამედის შეურაცხყოფის გამო იძიეს შური.

„ის ადამიანი, რომელიც დაიჭირეს, კადიროვის დაჯგუფების წევრი იყო. საუბარია ადამ დელიმხანოვის ჯგუფზე, დელიმხანოვი კი თვითონ ებრძვის ისლამისტებს თავის რესპუბლიკაში და ჩრდილო კავკასიაში. ამიტომ გაუგებარია სცენარის ამ ვერსიის ლოგიკურობა. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო ანა პოლიტკოვსკაიას მსგავსი მკვლელობა, სადაც ჩეჩნური კვალი პირდაპირ იშიფრებოდა, რადგან იმ საქმეშიც ჩეჩნები იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ნემცოვის შემთხვევაში, მოტივი და დამკვეთი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი მიაბან ქართულ კვალს. ალბათ, უნდათ, დესტაბილიზაციის მიზნით გამოიყენონ ეს ფაქტორი. თუმცა, რუსეთის მმართველი ძალის მიერ ასეთი ვერსიის გაჟღერება დამაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენთვის, ანუ ეს რა გეგმებს მოიცავს, არის თუ არა აქ გრძელვადიანი პერსპექტივები?“ - კითხულობს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, აცხადებს, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ნემცოვი და მისი მეგობარი ქალი ხიდზე მიდიან, ამიტომ გაუგებარია ის ვერსიაც, თურმე ნემცოვი სხვაგან მოკლეს და ხიდზე მიიტანეს. ექსპერტის აზრით, სავსებით ლოგიკურია, რომ, როცა თოვლის საწმენდი მანქანა გავიდა, იქიდან გადმოვიდა მკვლელი, ესროლა ნემცოვს, ჩაჯდა მეორე მანქანაში და წავიდა.

ექსპერტი გამართლებას უძებნის ანა დურიცკაიას საქციელსაც. მისი აზრით, მოულოდნელობის ეფექტი იქნებოდა და დურიცკაია ვერ დაინახავდა მკვლელს, რადგან იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„არ იყო გამიზნული, მოეკლათ დურიცკაია, ეს ნემცოვზე იყო გათვალისწინებული, მე უფრო თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლის მიმართ მაქვს კითხვები, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს და ეს ადამიანი კვლავაც იმალება“.