დიტო გელოვანი: ქალთა სახეები ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებაში

დიტო გელოვანი: ქალთა სახეები ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებაში

„უკაცრავად, ქალბატონო, როგორ იცნობთ? რა არის თქვენი დ’არტანიანი?“ „რა უნდა იყოს? - მიუგო შეძრწუნებულმა მილედიმ, - მეგობარია ჩემი“. „თქვენ მე მატყუებთ, ქალბატონო, თქვენ მისი საყვარელი იყავით?“ „მისი საყვარელი თქვენ იყავით“ - შეჰყვირა მილედიმ. „მე?“ „დიახ, თქვენ, ახლა კი გიცანით, თქვენა ხართ ქალბატონი ბონასიე“ - განცვიფრებულმა და შეშინებულმა ახალგაზრდა ქალმა უკან დაიწია. „ოჰ, მაგას ნუ უარყოფთ! რა გაქვთ დასამალავი?“ - უთხრა მილედიმ. „მაშ ასე, ქალბატონო, მაშ ჩვენ ერთმანეთის მეტოქეები ვართ“. ისეთი მხეცური ალი მოედო მილედის, რომ... (ალექსანდრე დიუმა, „სამი მუშკეტერი“)

ეს ნაწყვეტი „სამი მუშკეტერის“ იმ გემრიელი გამოცემიდან ამოვიღე, ყდაზე „სათავგადასავლო ბიბლიოთკა“ რომ აწერია. გადაშლი თუ არა, მაშინვე მოგხვდება თვალში ლამაზად დახატული ციხე-კოსკი და ძველებურ გრაგნილზე დაუდევრად დაყრილი დაშნა, ხანჯალი, ფილთა თოფი, ტომაჰავკი, იქვე გლობუსი, ორი წიგნი და ლამპარი. ხოლო კიდევ რამდენიმე გვერდის შემდეგ ვკითხულობთ: „თარგმანი ფრანგულიდან ივანე მაჭავარიანისა, ილუსტრაციები ი. ს. კუსკოვის“.

ი. ს. კუსკოვი იქით იყოს, ივანე მაჭავარიანს კი დიდ მადლობას მოვახსენებ თარგმანისთვის. რომანი დიდი ხნის წინ არის გადათარგმნილი და ზოგი სტყვა თუ წინადადება იმ დროის შესაბამისად ჟღერს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ „ძველი უმჯობეს არს“.

მართლაც, რომელი თანამედროვე მთარგმნელი დაწერდა ასე - „ისეთი მხეცური ალი მოედო მილედის, რომ...“

სხვაც ბევრია, ბავშვობიდანვე რომ შერჩა მეხსიერებას, მაგრამ ერთი ნიუსის გაცნობის შემდეგ სწორედ ეს სიტყვები ამომიტივტივდა - „ისეთი მხეცური ალი მოედო მილედის, რომ...“

აი, ის ნიუსიც: „ხათუნა გოგორიშვილმა და ეკა ბესელიამ ერთამენთს "თავხედი" და "მატყუარა" უწოდეს საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის დეპუტატებმა, ხათუნა გოგორიშვილმა და ეკა ბესელიამ ერთმნეთს "თავხედი" და "მატყუარა" უწოდეს. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. ბესელიას თქმით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავის განცხადებაში სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ქამრების შემოჭერის თემას შეეხო. ეკა ბესელიას ამ განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის  ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება. სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოხდა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს“.

რა თქმა უნდა, ის ანონიმური წერილიც გამახსენდა, კუკარაჩა რომ კითხულობს: „მოგახსენებთ, რომ ჩვენს ეზოში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა (პაპიროსსაც) ინგა ლალიაშვილი. ღამის ორ და ხანდახან ოთხ საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწური სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან (ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია). გვრცხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები: ბოზი, ჩათლახი, ნაბიჭვარი, ვირიშვილი, ყომარი, დურა, ატანდა, პლეტი, ხოში, ბითური და სხვ. სიმღერები: პარახოდმა ბათუმისკენ გასწია, სვოი ბიჭმა ჩემოდანი ასწია... შე ვირიშვილო სუდია, რა დაგიშავე ცუდია. ჰოპ, სტოპ, ზოია... გთხოვთ ჩვენ თუ არა, ჩვენი მომავალი (ბავშვები) მაინც იხსენით გახრწნისა და გათახსირებისაგან“.

ისევ დავუბრუნდები იმ ნიუსს და ჩემი ბავშვობის წიგნების გავლენით, შევეცდები ახლიდან დავწერო:

„გასულ კვირაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, ისმოდა უწმაწური სიტყვები: ბოზი, ჩათლახი, ნაბიჭვარი, ვირიშვილი, ნაციონალები... ისეთი მხეცური ალი მოედო ხათუნა გოგორიშვილს, რომ... თქვენ მე მატყუებთ, ქალბატონო, თქვენ მისი საყვარელი იყავით?“ „მისი საყვარელი თქვენ იყავით“ - შეჰყვირა ხათუნა გოგორიშვილმა. „მე?“ „დიახ, თქვენ, ახლა კი გიცანით, თქვენა ხართ ქალბატონი ბესელია“ - განცვიფრებულმა და შეშინებულმა ახალგაზრდა ქალმა უკან დაიწია“.

არც ორგანოა საკანონმდებლო და არც უკან დაწეული  ქალი - ახალგაზრდა, რომელსაც, საერთოდ, ასეთ შემთხვევებში უკან დახევა არ ჩვევია, სანამ ზემდგომი არ უბრძანებს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკან არც უნდა დაეხია, რადგან ქამრების შემოჭერის პოლიტიკის საწინააღმდეგო გოგორიშვილისეული სულელური არგუმენტი - „ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის  ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება“ - მთლიანად ნაციონალური მოძრაობის საილუსტრაციოდ გამოდგება, მაგრამ ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ რომელმა რომელს უწოდა „თავხედი“ და რომელმა რომელს - „მატყუარა“.

ნათქვამია, როცა ორი ადამიანი ჩხუბობს, ორივე დამნაშავეაო, მაგრამ ისიც ხშირად ხდება, რომ ორივე მათგანი, ერთდროულად, დამნაშავეც შეიძლება იყოს და მართალიც. მოცემულ შემთხვევაში კი, ორივე დამნაშავეა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, თუმცა ერთმანეთს სრულიად სამართლიანად უწოდეს „თავხედი და მატყუარა“ და საპასუხო „თავხედისა და მატყუარასგან მესმის“ - ესეც სრული ჭეშმარიტება იყო.

ასევე - ჯაბა სამუშიას და ალექსანდრე ელისაშვილის ჩხუბი და ურთიერთბრალდებები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან იყავი ჩახუტებული, გიორგი თარგამაძესთან თუ ზვიად ქორიძესთან, რადგან მაჭანკალი ორივე შემთხვევაში გურგენ დონაძეა.

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს ამომრჩეველს ეკა ყურცქვიტაშვილის ნააზრევის მოსმენა და გია სურამელაშვილის მოსმენით ტკბება უფრო აინტერესებს. ასე იწრთობოდა ფოლადი და გამოიწრთო კიდეც. ორ პარლამენტარ ქალბატონსა და ორი საკრებულოელ ვაჟბატონს შორის გამართული ბატალიების შემდეგ, ლოგიკური იქნება, თუ საკრებულოსთან და ქალებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაგაცნობთ:

„8 მარტამდე ქუჩებისთვის ქართველი ქალების სახელების დარქმევა აღარ ესწრება 8 მარტამდე თბილისში ხუთი ქუჩისთვის გამოჩენილი ქართველი ქალების სახელების დარქმევა აღარ ესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია სპეციალურ განცხადებს ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2014 წლის მიწურულს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც 2015 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 50 ქუჩისათვის გამოჩენილი ქართველი ქალების სახელების დარქმევა უნდა განახორციელოს, "რათა ქალაქის ქუჩების ნაწილშიც მოხერხდეს გენდერული ბალანსის დაცვა". განცხადების მიხედვით, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე გაიწერა კონკრეტული ღონისძიებების გრაფიკი. მემორანდუმის მიხედვით, 8 მარტამდე კამპანიის ფარგლებში პირველი 5 ქუჩის სახელდება უნდა მომხდარიყო და სახელდებულ ქუჩებზე შესაბამისი სამისამართო აბრების განთავსება. "კომისია ამზადებს სახელდების სამართლებრივი აქტის პროექტებს, პარალელურად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სახელდების ახალ წესზე. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია სრულიად საკრებულოს მსგავსად ერთსულოვანია ყველა იმ აღებული ვალდებულებისა, რაც დადებულია "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან", ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება ჩვენგან დამოუკიდებელი ყველა ის სამართლებრივი შეზღუდვა რაც ამ ეტაპზე გვაქვს. კომისია უახლოეს პერიოდში გადავა ქუჩათა სახელდების ეტაპზე და გაორმაგებული ძალისხმევით ვუზრუნველყობთ მოკრძალებული წვლილის შეტანას იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში, რასაც გენდერულად სენსიტიური რეალობის შეცვლა ქვია", - ნათქვამია განცხადებაში“.

ძალიანაც მინდოდა, რომ ეს ნიუსი შემემოკლებინა და დამცინავი კომენტარები დამერთო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ დაცინვას საკრებულო კი არ იმსახურებს, არამედ ქალაქი, რომელსაც ასეთი საკრებულო აქვს, რადგან „სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია სრულიად საკრებულოს მსგავსად ერთსულოვანია ყველა იმ აღებული ვალდებულებისა, რაც დადებულია "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან".

ალბათ, საკრებულოში 50 ისეთი ქართველი ქალი ვერ გაიხსენეს, რომელთა ცხოვრება და დამსახურებები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მოწონებას დაიმსახურებდა. ალბათ, ელიან, როდის ჩაბარდებიან ისტორიას ბესელიები და გოგორიშვილები, იუნაშაფათავები და ეკაყურცქვიტაშვილები, ნანაყეენიშვილები და ირმანადირაშვილები.

მარიკა ვერულაშვილის ქ. 41/5 - ამ მისამართზე ეროვნული თანხმობის მუზეუმი განთავსდება.

და რა, თბილისის ქუჩების სახელწოდებები მხოლოდ გენდერულ ბალანსს უნდა ასახავდეს? რატომ არ უნდა გვქონდეს გია ჯაჯანიძისა და გია სურამელაშვილის ქუჩები, რომელთა გადაკვეთაზეც, მიწისქვეშა გადასასვლელში იმღერებდა, საკუთარ ლექსებს წაიკითხავდა და საკუთარ ნამუშევრებს გამოფენდა ყველა ჯურის უნიჭო და ამბიციური ვიგინდარა, სადაც ახალ-ახალი წევრებით შეივსებოდა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“, სადაც თავის მემილიონე მშრალ შიმშილობას გამოაცხადებდა ყველასგან მივიწყებული გიორგი კერვალიშვილი, საიუბილეოდ, მეათასედ დააკავებდნენ ინტელექტისგან თავისუფალი თაობის ბელადს, ლადო სადღობელაშვილს და სადაც კვირაში ერთხელ საავტორო გადაცემას - „ვის უნდა 20 ათასი მედროვე“ - ჩაწერდა დუტა სხირტლაძე.

ეს იქნებოდა ქვეყანა ქვეყანაში, სახელად „თავისუფალი საქართველო“, პრეზიდენტი - კახა კუკავა, პრემიერ-მინისტრი - ალექსანდრე შალამბერიძე, პარლამენტის თავმჯდომარე - ბეჟან გუნავა, შს მინისტრი - გიორგი ბეგიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გია თორთლაძე, კულტურის მინისტრი - ივანე ბეგიაშვილი...

ეს იქნებოდა ქვეყანა, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ აუკრძალავდა, მათ შორის ხმაურს, რომელიც გასულ კვირაში, ალბათ, ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან შეთანხმებით, აკრძალა თბილისის საკრებულომ - დაისჯება ნებისმიერი ხმაური რომელიც 21 საათიდან დილის 7 საათამდე ორ დეციბილს გადაამატებს.

არ მესმის, როგორ უნდა დაისაჯოს ხმაური. როგორც ჩანს, მექანიკური შეცდომაა და ალბათ ხმაურის გამომწვევს დასჯიან. მექანიკური შეცდომა ყველას ეპატიება, რაც შეეხება სიბრიყვეს, ესეც ბევრს ეპატიება, მაგრამ არა მილიონნახევრიანი ქალაქის საკრებულოს.

სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რომ ყველაზე საშინელ ხმაურად აღებულია რეაქტიული ავიაგამანადგურებლის ძრავის ხმა - 150 დეციბელი. 20 დეციბელი ყოფილა ჩურჩული და ფოთლების შრიალი ქარში, 10 დეციბელი - სუნთქვა...
მოკლედ, არ ისუნთქოთ, არ იჩურჩულოთ და ხმა არ ამოიღოთ. არადა, ვისაც მთელი ის 9 კოშმარული წელი ჩურჩულის ეშინოდა, ყველამ ხმა ამოიღო, ვინც ადამიანებს ხმის ამოღებას უკრძალავდა, ყველა წაახალისეს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მაშინ ხმას კი იღებდნენ, მაგრამ დღეს აღარც კი ჩურჩულებენ, დრო არ აქვთ -ძალაუფლებით ტკბებიან, ტკბებიან სიცოცხლით და ახლავე იჭერენ თადარიგს, რომ სიკვდილითაც დატკბნენ.

„თბილისში შესაძლოა, ახალი პანთეონი გაიხსნას თბილისში შესაძლოა,  საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი გაიხსნას. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ განუცხადა, პანთეონის ადგილად რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მისი ინფორმაციით, ახალი პანთეონი შესაძლოა მთაწმინდის პანთეონისგან მოშორებით, სხვა მხარეს გაიხსნას.ასევე, განიხილება ნუცუბიძის პლატოს ზემო ნაწილი, ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია. კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი სამების ტაძრის უკანა მხარე, ე.წ. სომხების პანთეონის სიახლოვეს არსებული ტერიტორიაა. თამაზ ტყემალაძის ცნობით, შესაძლოა, ახალ პანთეონში  ქართველი პოეტი მირზა გელოვანი დაკრძალონ, რომლის ბელორუსიდან გადმოსვენება  მიმდინარე წლის მაისისთვის იგეგმება.  "ინტერპრესნიუსი" საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ახალი პანთეონის გახსნის საკითხი იდეის დონეზეა და კონკრეტულ ადგილებზე საუბარი ნაადრევია“ - იუწყებოდა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი სააგენტო.

არის ასეთი გამოთქმა - „ადგილი მზის ქვეშ“. ამ ადგილებისთვის ბრძოლას გადააყოლეს ეს ქვეყანა, ახლა კი პანთეონში ადგილებისთვის  დახოცავენ ერთმანეთს. დაანონსებულია, რომ პოლიტიკაში ბრუნდებიან გია თორთლაძე, კახა კუკავა, დავით გამყრელიძე... მათ მოყვებიან მაია ნადირაძე, კობა ბექაური, ბიძინა ბრეგაძე... სურვილი კლავთ ირაკლი ღლონტს, ლადო სადღობელაშვილს, გირშელ ბართაიას... ეს უკანასკნელები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ მათ პენსიით და შემდეგ პანთეონით ვუზრუნველვყოფთ.

მირზა გელოვანს სადღაც, კუთხეში მიუჩენენ ადგილს და მწარედ ანანებენ იმ სიტყვებს, ფრონტის წინა ხაზიდან რომ მოიწერა - „მე დავბრუნდები“.

ჩ.ძ.წ. (ჩაკონება ძალადობის წინააღმდეგ) ერთ წუთს ასე ჩაკრულები იყვნენ ქალები და, ვგონებ საჭირო არ არის განმარტება, იმდენი ძალა რომ ქონოდა მილედის, რამდენიც სიძულვილი ედო გულში, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა ქალბატონი ბონასიე ამ ჩაკონებას. (ალექსანდრე დიუმა, „სამი მუშკეტერი“)