„უსწავლელი“ ლევან სანიკიძე

„უსწავლელი“ ლევან სანიკიძე

თბილისში კი არა, მთელ საქართველოში, ვინ არ იცნობდა მწერალ, ისტორიკოს, პროფესორ და ნამდვილ ქართველ კაცს, ლევან სანიკიძეს. მას ყველა პატივს სცემდა.

ერთხელაც, მანქანით მოდიოდა. გზაში კოკისპირულმა კი არა, „ვედრისპირულმა“ წვიმამ მოუსწრო. მოგეხსენებათ, იმ დროს „გაიშნიკებს“ თავისი პოსტები ჰქონდათ, სადაც მოუნდებოდათ იქ ატარებდნენ რეიდს. ისხდნენ თბილად მანქანაში, ერთს „ჩაუსტვენდნენ“, „აახევდნენ“ ფულს მძღოლს და გზასაც არ დაგილოცავდნენ.

მოკლედ, ისე წვიმს, რომ მანქანის შუშიდან წყლის გადარეცხვას ვერ ასწრებენ „დვორნიკები“, ანუ მეეზოვეები, როგორც ხუმრობით უწოდებენ მათ მძღოლები.

გაიხედა ლევანმა და „გაიშნიკმა“ ფარები აუნთო. გასცდა მის მანქანას, მაგრამ იფიქრა, ახლა ამან რაციით არ გადასცეს თავის კოლეგას, არ გამაჩერონ და შარი არ მომდონო, გააჩერა მანქანა და უკან დაიხია. გადმოვიდა მანქანიდან და სანამ ინსპექტორის მანქანასთან მივიდა სულ მთლად დასველდა.

ინსპექტორს ფანჯარა ისე ჰქონდა ჩამოწეული, რომ მარტო საბუთები და ფული შეეტეოდა. ლევანმა შეაცურა საბუთები ჩაწეულ ფანჯარაში. გავიდა ერთი წუთი, ორი წუთი... ხუთი წუთი, ექვსი წუთი... და, ინსპექტორი არ ცდილობს საბუთების უკან დაბრუნებას, ზის თბილად მანქანაში და მშვიდად ათვალიერებს მართვის მოწმობას.

ლევანმა მოკრძალებით და თავაზიანად უთხრა: ხომ არ დამირღვევია მოძრაობის წესები, თან ხომ ხედავ, თავიდან ფეხებამდე დავსველდი, თუ შეიძლება გამიშვიო. ინსპექტორმა ამოხედა, წარბი ასწია და მკაცრი ტონით უთხრა: გესწავლა ბატონო და აქ იჯდებოდიო.