ტკბილი „ნატვრის ხე“

ტკბილი „ნატვრის ხე“

ბატონი სოსო ჯაჭვლიანი მხატვრულ სურათში „ნატვრის ხე“ ერთ-ერთ როლს ასრულებდა და ფილმის გადაღების პერიპეტიებს დღემდე სიამოვნებით იხსენებს.

„ფილმ „ნატვრის ხის“ გადაღებები ბედნიერ და ტკბილ მოგონებად დამრჩა. ისეთი ბუმბერაზი, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ ამ ფილმში, რომლებთანაც ურთიერთობა ერთ ცხოვრებად ღირს.

მოკლედ, კინოსტუდიის ფოიეში ვზივარ, ველოდები როდის წავალ გადაღებაზე. მართალია, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე ვარ დამტკიცებული, მაგრამ ჯერ ცნობილი სახე არ ვარ.

უცებ, გავიხედე, რეჟისორი რეზო ჭარხალაშვილი შემოდის კარში. შემომხედა და დამაკვირდა. მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და მკითხა, ვინ ხარ, აქ მუშაობო? ვუთხარი, გამნათებელი ვარ-მეთქი. გადაირია, ვა, ფილმს ვიღებ, როლისთვის მჭირდება შენნაირი ახალგაზრდა და უნდა გაგსინჯოო. მომკიდა ხელი, ამიყვანა მეორე სართულზე, გააღო ოთახის კარი და თენგიზ აბულაძის კაბინეტში შემაგდო.

თენგიზმა სათვალიდან ამომხედა. რეზომ ხმამაღლა უთხრა: ჰა, როგორი ბიჭია, აბა ნახეო. თენგიზი უფრო კარგად დამაკვირდა. ბოლოს მკითხა, რას აკეთებ კინოსტუდიაშიო. მეც უკან აღარ დავიხიე და ისიც მოვატყუე, გამნათებელი ვარ-მეთქი.

უფრო გამჭოლი მზერით დამაკვირდა. გვარი და სახელი გამომკითხა, ჩაიწერა მონაცემები. გავიხედე, უცებ კარი გაიღო და გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთმა შემოყო თავი. დაიყვირა, სად ხარ ბიჭო, მთელი ჯგუფი შენ გელოდებით, გადაღებებზე გვაგვიანდებაო.

არ დამავიწყდება თენგიზ აბულაძის ჩაღიმება, მითხრა, ვიცოდი, რომ მატყუებდი, ვიცოდი, ვინც ხარ, გედიას როლისთვის მინდა გაგსინჯო. შენ კიდევ ხუმრობ და მეც აგყევი ხუმრობაშიო.

ზოგი ასეთი ტყუილის გამო გაბრაზდებოდა, წარბს შეყრიდა. აბულაძე კი გენიოსი კაცი იყო, მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირდა. სერიოზულიც იყო, სადაც საჭირო გახლდათ და საღი იუმორიც კარგად ესმოდა. ისე აგყვებოდა, ამოგიდგებოდა მხარში და ისე შეგიწყობდა ხელს, ცხოვრებაში წინ წაგეწია, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა“.