ბიძინა კვერნაძის „პახმელია“

ბიძინა კვერნაძის „პახმელია“

ბატონი გია კორკოტაშვილი ერთ ამბავს ხშირად იხსენება:

„ერთ ჩვენს ძმაკაცს გოგო მოსწონდა. მოსეშვილის ქუჩაზე ოთხი ნასვამი კაცი მივედით. ის გოგო მესამე სართულზე ცხოვრობდა. დავდექით სახლთან, სანთებელები ავანთეთ და დავიწყეთ მუხამბაზის მღერა: „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ, თვალს ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ“... ეშხში ვართ შესული.

გვიანია. იმ გოგოს ფანჯარაში სინათლე არა და არ ინთება. არადა, ვხედავთ ფარდის უკან ამოფარებულია და გვისმენს. დავამთავრეთ სიმღერა და დავიწყეთ: გამოდი, გამოდი... ჩამოდი, ჩამოდი...

იმ კორპუსში ცხოვრობდა ჩვენი ძმაკაცი „რესტორანა“, გავიხედეთ და არ ჩამოვიდა? თან ოცლიტრიანს მოათრევს. ვკითხეთ, სად მიდიხარო. გაუკვირდა, კაცო, მე არ მეძახდით ჩამოდი, ჩამოდიო, ჰოდა, მეც ჩამოვედიო. იქვე, თბილისურად, მანქანის „კაპოტზე“ გაიშალა პურმარილი, ჩამოვასხით ღვინო და დავილოცეთ.

კარგა ხნის შემდეგ, გაგვახსენდა გოგონასთან რომ ვიყავით მოსული. ისევ მივტრიალდით კორპუსისკენ და კვლავ დავიწყეთ: ჩამოდი, ჩამოდი... ამ ჩვენმა მეგობარმა „რესტორანამ“ დაახურა თავზე თავის სასმელს და წასვლა დააპირა. გაგვიკვირდა, ვეცით ხელებში, სად მიგაქვს ეგ სასმელიო. გვითხრა, ახლა მაგ ძახილზე, მთელი კორპუსი აქ ჩამოვა და დროზე გავასწრებ აქედან ჩემი სასმელიანად, თანაც მე მეტი აღარ მინდაო.

მოკლედ, იქიდან გამოვბრუნდით და ავედით კვერნაძეებში. გოგიმ მოგვიყვა ასეთი ისტორია: თურმე დილით ბიძინა კვერნაძე ჩავიდა ეზოში „პახმელიაზე“. დამწუხრებული მეზობელი შეხვედრია წინ. უკითხავს ბიძინას, რა მოგივიდა, ასე შეწუხებული რატომ ხარო. იმ კაცს უთქვამს, კატა რომ მყავს, ის გამიხდა ძალიან ცუდად და რა გავუკეთო აღარ ვიცი, ხომ ვერ მირჩევთ რამესო.

ბიძინა „პახმელიაზე“ იყო და იმ კატის დარდი ჰქონდა? უთქვამს, რა გაუკეთო და, თაგვის ბულიონი მოუხარშე და მიართვი, აუცილებლად უშველისო“.