ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლი უკრაინელი ქალები

ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლი უკრაინელი ქალები

Elena Savchuk – The Guardian

უკრაინის რეგულარული არმიის მხარდამხარ მებრძოლი მოხალისეთა ბატალიონები ბრძოლის ველზე თავისი შეუვალობით არიან ცნობილნი. მათ რადიკალურად მემარჯვენე შეხედულებები გააჩნიათ და მკაცრი ნაციონალიზმიც ახასიათებთ. ერთ-ერთი ასეთი სოფელ შასტიაში დაბანაკებული „აიდარის“ ქვედანაყოფი გახლავთ. ნაკლებად ცნობილია, რომ ამ რაზმში რამდენიმე ქალიც შედის - ზოგი მათგანი საველე ექიმად მუშაობს, თუმცა ზოგიერთს აქტიური სამხედრო როლიც გააჩნია. იმისდამიუხედავად, რომ არცერთ მათგანს არ სწამს იმისა, რომ ამჟამინდელი სამშვიდობო ზავი დიდხანს გასტანს, მაინც ომისშემდგომ ცხოვრებაზე ფიქრობენ.
დედა ტანია
ეს სამხედრო კონფლიქტი დედა ტანიას პირველი ომი არ გახლავთ. ის 90-იან წლებში ქმართან ერთად აზერბაიჯანში ცხოვრობდა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დროს საველე ექიმად მსახურობდა. გამოცდილებამ და გამოხატულმა ნაციონალიზმმა ის აღმოსავლეთ უკრაინის ომშიც გარია, სადაც მისი ფუნქციებია დაზარალებული სამხედროებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, ასევე დაჭრილების ბრძოლის ველიდან გამოყვანა.
„მე ჩემი ქვეყნის თავისუფლებისათვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ვიბრძვი“ - ამბობს ის და სიგარეტს უკიდებს. „ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ რუსეთისნაირი აგრესორები არ ვართ. ჩვენ საკუთარ ტერიტორიას ვიცავთ“.
ის გვიამბობს, რომ ბრძოლის ველზეც დაშავებულა, მტერს მძევლადაც აუყვანია და სეპარატისტებთან მებრძოლ ჩეჩენ ჯარისკაცებსაც ნაცემი ჰყავდათ. და მაინც, ფრონტის მიტოვებაზე არც კი ფიქრობს.
„არტილერიის ცეცხლის დროს აქ ძალიან საშიშია. დასამალად სარდაფში პირველი მე მივრბივარ ხოლმე - ყველა დანარჩენს კი ვარწმუნებ, რომ გამომყვნენ. უაზრობაა ჭურვით სიკვდილი. სულ სხვა რამეა ბრძოლის ველზე დაღუპვა, სადაც მტერს უშუალოდ ხედავ“.
თანამებრძოლების დაკარგვა ომის ყველაზე რთული ნაწილია.
„მე ყველა ჩვენგანი მიყვარს“ - ამბობს ის. „თუმცა ყველაზე მეტად მაინც ახალგაზრდები მიყვარს. სულ მიკვირს, თუ რატომ მოდიან აქ“.
„აიდარის“ ბატალიონის მრავალ მოხალისესთან ერთად, დედა ტანიასაც არ სწამს, რომ არსებული ზავი დიდხანს გაძლებს.
„რუსეთიდან ახალი ჰუმანიტარული კოლონა უკვე ჩამოვიდა. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიდან მორიგ „საჩუქრებს“ ველით. ისინი აუცილებლად მშვიდობიან დილას, შუადღეს და საღამოს „დაგვასაჩუქრებენ“. მათი არტილერიის სროლების განრიგი უკვე ზეპირად ვიცი“.
დედა ტანია მშვიდობაზე ოცნებობს, თუმცა აღიარებს, რომ ბრძოლის ველის დატოვებაც რთული იქნება.
„ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ადრე თუ გვიან ომი დამთავრდება. იმაზე საუბრისას, რას მოვიმოქმედებთ ამის შემდეგ. ჩემს თანამებრძოლებს ხუმრობით ერაყში ბრძოლას ან საქართველოს გათავისუფლებას ვთავაზობ“.
ვიტამინკა
საომარ ზონაში ცხოვრების მიუხედავად, ვიტამინკას მტკიცებით, მისი მთავარი პრობლემა მაინც გაბუტული შეყვარებულია.
„ეგ „დამპალი“ ფრონტზე ჩემს გარეშე წავიდა. სამსახურში მიდიოდა და მითხრა, რომ კიევში დავლოდებოდი. მცირე ხანი ველოდე, შემდეგ მოულოდნელად ორი თვით გაქრა და გავიგე, რომ თურმე ფრონტზე მოხალისედ წასულა“. ცოტა ხნის შემდეგ 24 წლის ქალი მას აღმოსავლეთში შეუერთდა.
როდესაც წინა ზაფხულს პრორუსულ მეამბოხეებთან ბრძოლა გამწვავდა, შეყვარებულმა ვიტამინკას სახლში დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა ის ამბობს, რომ უკრაინელი ქალები ასე მარტივად უკან არ იხევენ და „აიდარის“ ბატალიონს როგორც მებრძოლი, ისე შეუერთდა.
„ყველაზე რთული ის გახლავთ, რომ როცა აქ ჩემი ძმები კვდებიან, დანარჩენ ხალხს ეს სულაც არ აღელვებს. ისინი თავიანთ ლამაზ მანქანებს ატარებენ, ძვირფას ტანსაცმელს ყიდულობენ, თითო ფეხსაცმელს 300 დოლარად. სწორედ ამიტომ ბატალიონის მებრძოლები შვებულებიდან ვინმესთან შეხლა-შემოხლის გარეშე იშვიათად თუ ბრუნდებიან.
ვიტამინკა ამბობს, რომ ბრძოლის ველი მას არ აშინებს.
„ყველაზე რთული მაინც გაურკვევლობისა და მოულოდნელობის მოლოდინია“
ომის შემდეგ ვიტამინკა დაქორწინებაზე და შვილების ყოლაზე ოცნებობს. მას ასევე თერაპევტად მუშაობა სურს.
„როგორ შემიძლია დავეხმარო ხალხს ომის ფსიქოლოგიური ეფექტების დაძლევაში, თუ ეს ჩემით არ გამომიცდია?“ - კითხულობს ის. „ფრონტის ხაზზე ის მომწონს, რომ სიცოცხლე თითქოს უფრო აშკარა და ნამდვილია. სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი წუხილი. ამის გამო, სიხარულს უფრო მეტად განვიცდით ხოლმე. არ შემიძლია მოვლენებისადმი ჩემი წარმოდგენის შეცვლა. უმჯობესია თვით მოვლენების შეცვლა“.
ანაკონდა
ანაკონდამ მეტსახელი ქვედანაყოფის უფროსისგან მიიღო. ბავშვისსახიანი 19 წლის გოგოს თქმით, დედამისი ძალიან ღელავს და ხშირადაც რეკავს ხოლმე, ხანდახან ბრძოლის დროსაც.
„თავდაპირველად დედაჩემი მიმტკიცებდა რომ ომი გოგოების საქმე არ არის. თუმცა ახლა იძულებულია ჩემს არჩევანს შეეგუოს. მამაჩემი თავისითაც წამოვიდოდა ფრონტზე, თუმცა ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ის ახლა ჩემით ამაყობს“.
ანაკონდა ადრე დებალცევოსთან მსახურობდა, თუმცა გადაწყვიტა „აიდარის“ ბატალიონში მეგობრებს შეერთებოდა.
„ადრე კიევის სამხედრო საავადმყოფოში მედდად ვმუშაობდი. ვხვდებოდი, რომ როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გარეთ იღუპებოდნენ უქმად ჯდომა უკვე აღარ შემეძლო. ეს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხია. საშინელებაა იმაზე ფიქრი, თუ რამდენი სამხედრო და უდანაშაულო იღუპება ფრონტის ორივე მხარეს. მინდა, რომ ომი მალე დასრულდეს.“
ჯარში ბევრი ქალი არ არის, თუმცა კაცები მას მაინც კარგად ეპყრობიან.

„ხალხი ძალიან კარგია, ერთადერთი პრობლემა მაინც ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახის პოვნა არის“.
ვიქტორია
სტარობილსკის შემოგარენში მდებარე მცირე სასაფლაოზე 30-მდე ქვაა, რომლებსაც შემდეგი წარწერა გააჩნიათ - „დროებით ამოუცნობი უკრაინის გმირი“.
ვიქტორიას ნებისმიერ უცნობ გმირზე ამბის მოყოლა შეუძლია, იმის დამიუხედავად, რომ პირადად არცერთი არ უნახავს. 22 წლის ქალი ამბობს, რომ სტარობილსკში იმის შემდეგ გაგზავნეს, რაც სეპარატისტებთან ბრძოლის დროს დაშავდა.
ვიქტორიამ დაღუპული ჯარისკაცების დამარხვა თავის თავზე აიღო. ახლა მას უცნობების გვამები ადგილობრივ მორგში მიაქვს, სადაც მათ დნმ-ის ტესტირება უტარდებათ. ამის შემდეგ ის სათანადო ქაღალდებს ავსებს და ტესტირების შედეგებს კიევში აგზავნის, იმის იმედით, რომ გარდაცვლილის ოჯახი მოიძებნება. შემდეგ კი უკვე კუბოებს უკვეთავს.
„ცოტა ხნის წინ ამ სასაფლაოზე დაკრძალული ერთი ჯარისკაცის ცოლს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ დანარჩენმა მებრძოლებმა დაინახეს, თუ როგორ დაშავდა მისი ქმარი. იმის შემდეგ, რაც დნმ-ის ტესტმა ვინაობა დაადასტურა, ხელახლა დავურეკე. მითხრა, რომ ჩემი არ სჯეროდა. მისი ქმარი ცოცხალი იყო და დამარხვას არ უპირებდა.“
ვიქტორია მორგისგან ხშირად ისვენებს - ფრონტზე სიარულით.
„თუ წინა ხაზზე კვირაში ერთხელ მაინც არ წავედი „ვაფრენ“ ხოლმე. ადრე საბრძოლო ქვედანაყოფში ვირიცხებოდი, სულ ფრონტზე ვიყავი. ერთი წუთით მაინც უნდა ჩავჯდე სანგარში ან ბიჭებს საჭმელი მივუტანო. წინა ხაზზე სიარულს ჩემი მეთაურები ხშირად მიშლიან. მათ ეშინიათ, რომ იქ დიდი ხნით დავრჩები.“
„ძალიან ბევრი კარგი ადამიანი დავკრძალეთ. ზოგიერთი თვრამეტიდან ცხრამეტ წლამდეც კი იყო. ეს მიწა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლედ არ ღირს. არიან ღირსეული ადამიანები, თუმცა ძალიან ცოტა“.

ვიქტორია განსაკუთრებით იმ უკრაინელებს აკრიტიკებს, რომლებმაც ბრძოლას გაქცევა არჩიეს.
მას სჯეროდა, რომ თავის ქვეყანას იცავდა, თუმცა ახლა ასეთი დარწმუნებულიც აღარ არის. და მაინც, წასვლა არ შეუძლია.
„სად შემიძლია მათგან თავის დაღწევა? ისინი უმწეოები არიან. ერთხელ, პირველად მთელი წლის მანძილზე, ლამაზი კაბა ჩავიცვი და ღამის კლუბში წავედი. დილის ხუთ საათზე კლუბში დამირეკეს. მითხრეს, რომ ერთი მებრძოლი იყო დაღუპული. მთელი დღე ტელეფონით ინსტრუქციების მიცემა მომიწია“.
ლესია და დაშა
ეს ორი მოხალისე მედდა შასტიაში შემორჩენილ ერთადერთ საველე ჰოსპიტალში მუშაობენ. ქალაქი რაკეტებისა და ჭურვების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. იმის მიუხედავად, რომ ჰოსპიტალის თავზე წითელი ჯვრის დროშა ფრიალებს, პრორუს სეპარატისტებს შენობა მაინც არ დაუნდიათ.
„ორი დღის წინ შენობას ჭურვი მოხვდა და ყველა ფანჯარა ჩალეწა. მადლობა ღმერთს, რომ იმ დროს მედდების ოთახი ცარიელი იყო“ - ამბობს დაშა.
ის გვიყვება, რომ 15 თებერვლის ზავამდე ცეცხლი ისე გამწვავდა, რომ ექიმებს პაციენტების ევაკუაცია მოუხდათ. საავადმყოფოს პერსონალის უმრავლესობა მახლობელი ქალაქების საავადმყოფოებში გაიფანტა, თუმცა ლესია და დაშა მაინც დარჩნენ.
ჭურვებმა ქალაქის ელექტრომომარაგება დააზიანა, რის გამოც ადგილობრივები გასათბობად შეშას იყენებენ.
„ყველაზე საშიში მაინც სიჩუმეა“ - ამბობს ლესია. „როცა გვბომბავენ, ის მაინც ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ოთახის შორეულ კუთხეში ვიმალებით ხოლმე. ეს იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი, სანამ ფანჯრებს ჩალეწავდნენ. როცა სიჩუმეა, უფრო გვეშინია“.
ორივეს სახლებში შვილები ელოდებათ, თუმცა ფრონტის დატოვებაზე უარს აცხადებენ.
http://www.theguardian.com/world/2015/mar/05/ukraine-women-fighting-frontline