„თუ, ამ ტრიომ ეს გეგმა განახორციელა, მთელ სამცხე-ჯავახეთში ვკარგავთ ყველანაირ ბერკეტებს“

„თუ, ამ ტრიომ ეს გეგმა განახორციელა, მთელ სამცხე-ჯავახეთში ვკარგავთ ყველანაირ ბერკეტებს“

„აჭარის სინდრომი“ სამცხე-ჯავახეთშიც მოცოცავს. ადიგენის შემდეგ მზადდება ასპინძა, შემდეგ ბოგდანოვკა და ა.შ. თუ დროზე არ მიექცა ყურადღება, ჯაჭვური რეაქციით მთელ სამცხე-ჯავახეთს დავკარგავთ!“ - ასეთია „სახალხო კრების“ წევრ ლაშა ამირეჯიბის მიმართვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისადმი.

როგორც ლაშა ამირეჯიბი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ადიგენის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჟანიძე იმპიჩმენტით გაადააყენეს, რასაც, ამირეჯიბისვე ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგებოდა. მათ ცივილური გზა ერჩიათ, ანუ ლობჟანიძის გადაყენება ლობჟანიძისვე განცხადებით უნდა მომხდარიყო. თუმცა, რეგიონის ხელმძღვანელებმა პარტიის ნება-სურვილის გვერდის ავლით, იმპიჩმენტით დაასრულეს ლევან ლობჟანიძის საკითხი. ეს ყველაფერი კი, ლაშა ამირეჯიბის აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ ასუსტებს.

ლევან ლობჟანიძის თანამდებობიდან მოხსნა თავისივე პარტიის, ანუ „ქართული ოცნების“ 15-მა დეპუტატმა მოითხოვა. მის გადაყენებას მხარი 21 წევრიდან 17-მა დაუჭირა. ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილია, რომლის არჩევასაც მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ჩემი ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს და მის მოადგილეს ავთანდილ კაჭკაჭაშვილს განზრახული აქვთ, 21 მარტამდე ჯავახეთის კიდევ რამდენიმე რაიონში მსგავსი მეთოდით გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარეები და მოიყვანონ „ოცნებას“ ამოფარებული „ნაცები“. ამას საეჭვოდ დაემთხვა „ოცნებიდან“ სკანდალურად წასული მედეა ვასაძის სტუმრობა ადიგენში, რომელიც, თითქოსდა, ბაციკაძის საკითხზე იყო ჩასული. ავთო კაჭკაჭაშვილი გახლავთ ვიცე-გუბერნატორი, რომელიც ვანო მერაბიშვილის უახლოესი ნათესავია. კაჭკაჭაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაწევრიანდა, ანუ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს. მანამდე ის არ იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

რამდენადაც ვიცი, მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ნაციონალებს, მათი მეგობარი იყო და დღესაც არის. იმედა მღებრიშვილი კი წარსულში (ამირან მესხელის დროს) „დემოკრატ მესხთა კავშირის წევრი იყო“. „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დამფუძნებელი ამირან მესხელია, ანუ იმედა მღებრიშვილი მესხელის კადრია.

ბატონი იმედა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში გახლდათ სამცხე-ჯავახეთის მთავარი აღმასრულებელი. მარტივად რომ ვთქვათ, მესხეთის საკრებულოებში „ნაცების“ მმართველობის მობრუნებას აპირებენ!“, - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, „თუკი მაჭუტაძე-კაჭკაჭაშვილ-ჩილინგარაშვილის ტრიომ ეს გეგმა განახორციელა, მაშინ მთელ სამცხე-ჯავახეთში ვკარგავთ ყველანაირ ბერკეტებს“.

უფრო კონკრეტულად, ამირეჯიბი აცხადებს, რომ ახალციხეში მდებარე რესტორან „ალავერდში“ წყდება ასეთი პოლიტიკური საკითხები, სწორედ ამ რესტორანში დაუბარებიათ ლევან ლობჟანიძე და მისი გადადგომა იქ მოუთხოვიათ.

„რატომ უნდა გადამდგარიყო ლობჟანიძე, რომელიც, ასე თუ ისე, იყო „ქართული ოცნების“ დასაყრდენი?! დავწერე კიდეც მანამდე, ახალციხეს მიხედეთ, რადგან რთული სიტუაციაა. „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბიდან წარდგენილი არცერთი კანდიდატი არ არის არცერთ საკრებულოში. ვინც არიან საკრებულოებში, ეს ადამიანები მეტწილად არიან იქაური სუსის, ანუ სამცხე-ჯავახეთის სუსის უფროსის კანდიდატურები. „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე, ალბათ, არ იცოდა, ვინ იყო ავთო კაჭკაჭაშვილი, ვისი ნათესავი იყო და ვის ემსახურებოდა. ასევე არ იცოდა, ვინ იყო აკაკი მაჭუტაძე, რომელიც იყო სუსის მიერ დანიშნული კანდიდატი. კანდიდატურებს მაშინ რეკომენდაციებს უწევდა სუსი, ანუ ყოფილი კუდი და დღეს, სამწუხაროდ, დიდ თანამდებობებზე ნახევარზე მეტი ისევ კუდის კანდიდატურაა“, - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.

თავის მხრივ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჟანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს, ვინაიდან თვლის, რომ ადიგენის საკრებულოს სხდომა დარღვევებით ჩატარდა. ამან მის მხარდამჭერებს ბევრი კითხვა გაუჩინა. კერძოდ, ლობჟანიძე განმარტავს, რომ იმპიჩმენტის შესახებ ცენტრალური ოფისი ინფორმირებული იყო და მათ ავთანდილ კაჭკაჭაშვილს პროცესის გადავადება დაავალეს, თუმცა კაჭკაჭაშვილი საპირისპიროდ მოიქცა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში წასვლამდე, დეპუტატებს სახლში მიაკითხა და გადაყენების მოსამზადებელ დოკუმენტზე ხელი მოაწერინა. აღნიშნულ ფაქტს პარტიის საბოტაჟად აფასებენ ლევან ლობჟანიძის მომხრეებიც.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისას ფეხზე დავაყენე ხალხი, შიში გავუქრე, ბევრი პროექტი განვახორციელე. სხვათა შორის, ნაციონალებიც პატივს მცემდნენ და აღარ მეტოქეობდნენ. ახლაც არ დამიწერია წასვლის თაობაზე განცხადება და არც დავწერ. ჩემს იმპიჩმენტს იმით ვხსნი, რომ მე არ ვემორჩილებოდი გუბერნიის დავალებებს. ისინი ჩემგან სრულ მორჩილებას ითხოვდნენ. წესით, საკრებულოსთან შეხება გუბერნიას არ აქვს, ამ დროს კი მათ უნდოდათ, დავმორჩილებოდი გამგებელს, რასაც შემოიტანდა, არ წამეკითხა და ისე დამემტკიცებინა. ამის გამო მათთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი. ასე რომ, გადაწყვიტეს ჩემი მოშორება. იმედა მღებრიშვილს ნამდვილად ჰქონდა კავშირები ნაცმოძრაობასთან. 15 წელი რეგიონის მთავარი აღმასრულებელი იყო. თქვენ კარგად იცით, ქონებას ვინ ართმევდა ხალხს, დაწიოკებული ჰყავს ნახევარი რაიონი და დიდი პროტესტიც მიიღო ხალხთან შეხვედრების დროს. ბოლო თვეს „შემოაგდეს“ ჩვენთან, არჩევნების წინ შეხვედრებზე რომ დადიოდა, ორჯერ ცემას ძლივს გადავარჩინე, მანქანით გამოვაპარე. მაინცდამაინც ეს კანდიდატი რატომ აირჩიეს, არ ვიცი.

ზუსტად უშიშროების სამსახურმა გაგზავნა ბევრი სიცრუე ჩემი პიროვნების მიმართ. როგორც მითხრეს, თავის დროზეც პარტიაში უშიშროებიდან მიდიოდა ცნობები, თითქოს მე ვიყავი უავტორიტეტო, თითქოს არავინ მიცნობდა, არაფერს ვაკეთებდი და, თუკი არ გადამაყენებდნენ, არჩევნებს წავაგებდი. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ კაჭკაჭიშვილი უნდოდათ გამგებლად, შემდეგ მითხრეს, უნდა გადადგე შტაბის უფროსობიდან და დავნიშნოთ კაჭკაჭიშვილიო. ანუ მისთვის ტრამპლინი უნდოდათ, რადგან ვერ გაუკეთეს ტრამპლინი და ვერ გაუშვეს გამგებლად, აირჩიეს შტაბის უფროსად და კინაღამ წავაგეთ არჩევნები, სულ რაღაც პროცენტნახევრით მოვიგეთ, ისიც ჩემი დახმარებითა და ავტორიტეტით. ამის შემდეგ აირჩიეს გუბერნატორის მოადგილედ. რადგან დიდი ავტორიტეტი მქონდა ხალხში, ეტყობა, მეტოქედ ჩამთვალეს და დაიწყეს ჩემი მოცილება“,-აცხადებს ლევან ლობჟანიძე.

დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭშვილი. მისი თქმით, ეს ყველაფერი ძალზე უცნაურია, რადგან მას საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს. მეტიც, კაჭკაჭაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ლევან ლობჟანიძის მუშაობა არ მოსწონდათ და მისი გადაყენების საკითხი დღის წესრიგში სამი თვის წინაც იდგა, თუმცა მაშინ მათი გადარწმუნება შეძლო. „ეს იგივეა, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა და ინტრიგნობა დაიწყოო“,-ასეთია ავთანდილ კაჭკაჭაშვილის პოზიცია.