რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

2 000 სამხედრო და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა, ამ რაოდენობით რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ძალები წვრთნას 12 სამხედრო პოლიგონზე ატარებს. მათ შორის სამხრეთ რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, სომხეთში და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე. საველე მეცადინეობები 10 აპრილამდე გაგრძელდება.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, მანევრების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო გათვლები უკვე სწავლების ტაქტიკურ ფაზაზე გადავა და „პირობითი მოწინააღმდეგის“ ტაქტიკური ავიაციისა და უპილოტო თვითმფრინავების იერიშებს მოიგერიებენ. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის შეიარაღება, როგორიცაა გადასატანი საზენიტო კომპლექსი „იგლას“, ისე „ტუნგუსკის“ კლასის საზენიტო-სარაკეტო ქვემეხებსა და „ს-300“-ისა და „ოსას“ ტიპის ტაქტიკურ საზენიტო კომპლექსები. მოსკოვი აცხადებს, რომ სწავლება გეგმიურია და მას არანაირი კავშირი არა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს გავლით რუსეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული წვრთნები არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე ყველა ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის არის 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ დროულად აცნობა პარტნიორებს მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში მიეცათ ინსტრუქცია, რომ მათ ადგილსამყოფელ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება“, - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევას უწოდებს, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომლის განცხადებით, აშშ ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან უკანონო წვრთნებს ატარებს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, ყირიმში.
მისივე თქმით, აშკარად ჩანს, რომ წვრთნები არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა იგულისხმება საქართველოც.

„ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე. მე მგონია, ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს რუსეთის ქმედებებს, რომ ეს არ არის ან მხოლოდ უკრაინის, ან მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ როგორც არ უნდა იქცეოდეს დასავლური, დემოკრატიული სამყარო რუსეთთან მიმართებაში, აფასებდეს მის აგრესიულ ქმედებებს მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რუსეთი მაინც თავხედურად განაგრძობს თავის პოლიტიკას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული შეიარაღებული ძალებით ახორციელებს რუსეთი ძალის დემონსტრირებას და საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.

„ჩვენ ცალსახად მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ რუსეთმა შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულება. როდესაც მედვედევმა ხელი მოაწერა სარკოზისთან 6-პუნქტიან შეთანხმებას, მეხუთე პუნქტით რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, თავის სამხედრო შენაერთები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა მხრივ, ეს ოკუპაციის გაგრძელებაა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილ განმარტავს, რომ სწავლებაში ჩართულია როგორც რადიოლოკატორები, რადიოელექტრონული დაზვრების საშუალებები, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და საზენიტო არტილერია. მისი თქმით, აქ მარტო საჰაერო თავდაცვაზე არაა საუბარი, საუბარია კომპლექსურ წვრთნებზე.

„მაგალითად ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც მე-4 რუსული საოკუპაციო ბაზაა განთავსებული, აფხაზეთში მე-7 საოკუპაციო ბაზა და ასევე, მე-102 სამხედრო ბაზა სომხეთში, მათი რადიოლოკაციური საშუალებებით კონტროლდება საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტროლდება დასავლეთ საქართველო და მათ შორის აჭარის მიმართულება, ცხინვალიდან კონტროლდება აღმოსავლეთ საქართველო, გიუმრიდან ქვემო ქართლის ტერიტორა. საქართველოს საჰაერო გზა მთლიანად კონტროლდება რუსეთის მიერ.

როდესაც შენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ბაზებია, ეს უკვე ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ამიტომ, საუბარი საჰაერო თავდაცვის დანაყოფების წვრთნაზე, ეს უკვე ნაკელებად მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია ორი სერიოზული პლაცდარმი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის სახით, რისი საშუალებით რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია სამხედრო აგრესიის გაგრძელება“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცერემონიალი გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა რატიფიცირებული დოკუმენტები გაცვალეს. შედეგად ე.წ შეთანხმება ამოქმედდა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ცერემონიალს დაესწრო რუსეთში აფხაზეთის ე.წ ელჩი იგორ ახბა, რუსეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი. თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო მმართველმა გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის დუმამ მის რატიფიცირებას 2015 წლის 23 იანვარს დაუჭირა მხარი, ხოლო ფედერაციულმა საბჭომ 28 იანვარს. ე.წ შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას 

რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება დღეიდან ძალაში შევიდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აღნიშნულ ხელშეკრულებას ლეგალურობა არ გააჩნია.

„მოგეხსენებათ ჩვენი დამოკიდებულება, ამ ხელშეკრულებას არავინ მსოფლიოში არ აღიარებს, გარდა რუსეთისა და კიდევ ერთი-ორი ქვეყნისა. ასე რომ, სამართლებრივად ამ ხელშეკრულებას, რომელიც დღეს თითქოს ძალაში შევიდა, ფაქტობრივად, არანაირი ლეგალურობა არა აქვს",- განაცხადა აბაშიძემ.