„სავალუტო ფონდს ახალი არაფერი უთქვამს“

„სავალუტო ფონდს ახალი არაფერი უთქვამს“

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მუშაობა დაასრულა. მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას გულისხმობს.

როგორც მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით.

საქართველოს მთავრობა რეკომენდაციების შესასრულებლად ემზადება, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მის გარკვეულ ნაწილს გაითვალისწინებს - მინისტრები აცხადებენ, რომ გადასახადების ზრდაზე საუბარი არ იქნება.

ამასთან, საინტერესო დამოკიდებულება იკვეთება სსფ-ს მიმართ, რომელმაც ეროვნული ბანკის ბრალეულობა ეროვნული ვალუტის კრიზისთან დაკავშირებით ფაქტობრივად, საერთოდ გამორიცხა. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ ყოფილი პრემიერი, ივანიშვილი სწორედ ეროვნული ბანკის შეცდომებზე საუბრობდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი კი საერთოდ, მიიჩნევს, რომ სსფ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა მოსყიდული, რასაც არ ეთანხმება ეკონომიკის მოქმედი მინისტრი.

რამდენად დაეხმარება სსფ-ს რეკომენდაციების შესრულება ქართულ ლარსა და ეკონომიკას, ამ თემაზე ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.

სსფ- მუშაობის დასრულებამდე ეკონომიკური პროფილის მინისტრები თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ლარის პრობლემებზე საუბრისას საკმაოდ სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდნენ. დღეს ყველა ერთად, საგარეო ფაქტორებზე ალაპარაკდა. რამდენად მნიშვნელოვანი შეფასებები დადო სავალუტო ფონდმა?

- სავალუტო ფონდს ახალი არაფერი უთქვამს ისეთი, რაც ჩვენ მანამდე არ გვითქვამს. ის, თუ რა გარე ფაქტორებმა იმოქმედა ლარზე, ასევე შიდა ფაქტორები, ასევე კოორდინაციის არქონა სახელისუფლებო შტოებს შორის და ის, რომ გასული წლის დეკემბრიდან უნდა დაეწყო მთავრობას ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება, იანვარსა და თებერვალში ჩავარდნა რომ აეცილებინა თავიდან.

საუბარი იყო ექსპორტის კლებაზე, ასევე რუსეთისა და უკრაინის მოვლენებზე, რაზედაც ჩვენც ვსაუბრობდით მანამდე და საკმაოდ ბევრს. ასე რომ, მათ ანალიზში ახალი და უცხო არაფერი ყოფილა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ამ ნაწილში საუბარი იყო მმართველობითი ხარჯების შემცირებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, შეჩერებული პროექტების გაცოცხლებაზე და ა.შ. ამას ჩვენც ვურჩევდით მთავრობას. ასე რომ, სავალუტო ფონდის მუშაობის შეფასებას აზრი არ აქვს, ამ თემებზე ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ.

თუმცა ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ აქამდე ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის გაუაზრებელმა პოლიტიკამ მიგვიყვანა. მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს?

- პოლიტიკაში ვერ გადავალ, არ ვიცი. შესაძლოა, ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ლარის თემას, სავალუტო ფონდმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის ყველაფერი, რაზედაც მანამდე ვსაუბრობდით. ერთმანეთში ვის რა აქვს გასარკვევი, ვერ გეტყვით.

რაც შეეხება რეკომენდაციას, სავალუტო ფონდი საუბრობს გადასახადების ზრდაზე, ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ გადასახადების გაზრდას არ გეგმავს...

- საუბარი იყო გადასახადის ამოღების ზრდაზე. გადასახადები რომ გაზარდონ ამას საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება სჭირდება.

საუბარია საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზეც - ნოდარ ხადურმა გააკეთა განცხადება, რომ მხარჯველ უწყებებს შეუმცირდებათ თანხები. თუ უკვე ქამრის მოჭერის პრინციპზე გადავედით, საზოგადოება დიდი ხანია ლაპარაკობს, რომ ხელისუფლება სახელფასო დანამატებისა და პრემიებისჭამისგარდა არაფერს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით არ არის საჭირო ცვლილებები?

- მმართველობითი ხარჯები უნდა შემცირდეს და არა მარტო ეს ხარჯები. როდესაც დაგეგმილი 5% -ანი მშპ-დან ჩამოდიხარ 2%-ზე, იქ სხვა ხარჯებზეც არის ლაპარაკი, თუმცა სავალუტო ფონდმა მკაცრად მიუთითა, რომ არ უნდა შეეხონ სოციალურ ვალდებულებებს. სხვა ხარჯებზეც მიუწევთ უარის თქმა, იმიტომ, რომ სერიოზული ცვლილებებია შესატანი ბიუჯეტში.

რაც შეეხება ხელფასებსა და პრემიებს, ეს უკვე პოლიტიკური თემებია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - სხვა ხარჯების შემცირებაც მოუწევთ.

როგორც ჩანს, სსფ- შეფასებების შედეგად, პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ პრობლემებზე. რაიონის გამგებლებსა და საკრებულოებს დაემუქრა კიდეც, რომ ბიუროკრატიული ბარიერები არ შექმნან. როგორც ცნობილია, ბევრ რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ფერხდება. თქვენი შეფასებით, რამდენად სერიოზული პრობლემები არსებობს ამ კუთხით?

- ძალზე ბევრი პრობლემაა რეგიონებში, მოუქნელობა, საქმეში ჩაუხედაობა, არაშესაბამისი მიდგომები ტენდერების მიმართ. უფრო დაკონკრეტება ძნელია, რადგან სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პრობლემებია. ცხადია, რომ თავი ავტონომიები ჰგონიათ და ისე იქცევიან, როგორც სურთ.

როდესაც უკვე დიაგნოზი დასმულია და რეკომენდაციებიც არსებობს, უნდა გვქონდეს იმედი, რომ ლარი შედარებით სტაბილური გახდება?

- ვფიქრობ, ამ პოლიტიკის შედეგები მალე გახდება საგრძნობი, ჩემი პროგნოზით, მარტი სამაგალითო თვე იქნება.