ვინ არის შემკვეთი? - პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალ დეტალებს გაახმაურებს

ვინ არის შემკვეთი? - პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალ დეტალებს გაახმაურებს

for.ge-ს ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რომელიც საზოგადოებისთვის დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილია ბევრი საინტერესო დეტალი, რომელსაც პროკურატურა უახლოეს მომავალში თავად გაახმოვანებს.

for.ge-ს ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს მიერ დასახელდება დანაშაულის მოტივი, ასევე ის დეტალები, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელბას უძღოდა წინ. გარდა სოსანაშვილისა, კიდევ რამდენი ადამიანის დნმ-ის ნიმუშია აღმოჩენილი და დგინდება თუ არა ირაკლი ფირცხალავას და გია სოსანაშვილის დანაშაულებრივი კავშირი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გაგი მოსიაშვილს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს გამოძიებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში?

- ვეცნობით საქმის მასალებს. გამოკვეთილია ძალიან საინტერესო დეტალები, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს.

შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა ახალ დეტალებზეა საუბარი?

- ამ ეპატზე მიმდინარეობს გამოძიება, საგამოძიებო გუნდის მიერ ხდება დამატებითი მტკიცებულებების მოძიება. რაც შეეხება სოსანაშვილს, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების შედეგად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მტკიცებადი. ანუ საუბარია დნმ-ის კვალზე, რომელიც აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილზე და გარკვეულ ობიექტებზე. ეს ინფორმაცია გამოძიებას უკვე ჰქონდა 24 იანვარს და არა მარტო ამ პიროვნების შესახებ, არამედ სხვა პიროვნებების შესახებაც. უტუარად დასტურდება, რომ დნმ რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ეკუთვნის გია სოსანაშვილს.

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სოსანაშვილის გარდა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სხვა დნმ-ის ნიმუშები. როგორც ჩანს, შემთხვევის ადგილზე სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. გამოძიების ხელთ არსებული მასალებით თუ შეგიძლიათ თქვათ, რამდენად დიდია პირთა წრე, რომლებიც სოსანაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ამ საქმეში?

- კი ბატონო, არსებობს კიდევ სხვა ადგილები, სადაც აღმოჩენილია დნმ, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია. ამჟამად გამოძიება მიმდინარებს ამ პირთა გამოვლენის მიზნით. შემთხვევის ადგილი სრულყოფილად იქნა დათვალიერებული და დნმ-ის ნიმუშების კვალი სხვადასხვა ადგილებიდანაა ამოღებული.

რას ნიშნავს სხვადასხვა ადგილიდან?

- სასაფლაოზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი დნმ-ს ნიმუშები. ეს არაა კონკერეტულად ერთი პირი, რომელმაც განახორციელა ეს საზარელი დანაშაული.

დაახლოებით რამდენი ადამიანის დნმ- ნიმუშზეა საუბარი?

- რამდენიმე პირის დნმ-ზეა საუბარი. 2 ან 2-ზე მეტი. როგორც უკვე გითხარი, გამოძიების მსვლელობისას მოწმდება მათი კავშირი, ჩართულობა და შემხებლობა ამ დანაშაულთან. აქ მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია ის, სად აღმოჩნდა დაკავებული პირის დნმ. ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები გამოიკვეთება, კერძოდ, ის თუ ვისი შეკვეთით მოხდა აღნიშნული დანაშაული.

ადამიანებს, რომელთა დნმ-ის ნიმუშია ამოღებული, მათ რა შემხებლობა აქვთ ამ მკვლელობასთან, თუ დგინდება მათი კავშირი სოსანაშვილთან და ასევე, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მაღალჩინოსნებთან?

- გამოძიების ეტაპზე განიხილება ყველა შესაძლო ვერსია. თუმცა, ვინაიდან გამოძიება ჯერ არაა დასრულებული, მათი უშალო მონაწილეობაზე საუბარი მტკიცებულებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის. ამ ეტაპზე ხდება კონკრეტული ინფორმაციების გადამოწმება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, დაკავებულის ოჯახის წევრები სვამენ კითხვას - რატომ უნდა მოეკლა გია სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილი? ისინი გამორიცხავენ პირად შურისძიებას, ვინაიდან მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ. მოხდა დანაშაული, ადამიანი დაკავებულია, მაგრამ დანაშაულის მოტივი ამ დრომდე გამოკვეთილი არ არის. ალბათ, მნიშვნელოვანია ამ დანაშაულის მოტივი...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ გავყვეთ პროცესუალურად - პირველი, დნმ არ არის სოსანაშვილის დაკავების ერთადერთი მტკიცებულება, არის სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო საუბრები და აქ საუბარია გარკვეულ პირთა წრეზე, ასევე დანაშაულამდე მის ინტერესზე იური ვაზაგაშვილის პიროვნების მიმართ. გამოძიებას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ 12 იანვარს გია სოსანაშვილი ამოწმებს ვაზაგაშვილის პიროვნებას მონაცემთა ბაზაში, თავისთავად საინტერესოა რატომ? დნმ არ არის ერთადერთი მტკიცებულება. არის სხვა მტკიცებულებები, რომელიც სოსანაშვილის დაცვის მხარისთვის ცნობილია.

დნმ-ის ანალიზსს ემატება სხვა მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები. აქედან გამომდინარე, პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულება, რომ ამ პირის ბრალეულობა დაედასტურებინა. რაც შეეხება მოტივს, ამ მიმართულებით გამოძიება მუშაბს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია ბევრი საინტერესო დეტალი, მე არ დავასწრებ საგამოძიებო ორგანოებს იმ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას, რაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის პროკურატურისგან, სადაც გარკვეული იქნება მოტივი და ის დეტალები, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელბას წინ უძღოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სოსანაშვილის ბრალეულობა ცალსახაა.

გამოძიებისთვის თუ არის ცნობილი ვინ დაუკვეთა სოსანაშვილს ეს მკვლელობა? პროკურატურა ადასტურებს, რომ 19 და 20 იანვარს სოსანაშვილის და ირაკლი ფირცხალავას შორის შედგა სატელეფონო კავშირები. თუმცა, არსებული ინფორმაციით, სოსანაშვილის ტელეფონზე არა ორჯერ, არამედ რამდენიმეჯერ შევიდა ზარი ფირცხალავას ტელეფონიდან. იკვეთება თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, ფირცხალავას კვალი?

- გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ამ ეტეპზე ამ კავშირის მტკიცება ან გამორიცხვა, ალოგიკურია. სამართლებრივად საკმარისი არ არის მხოლოდ სატელეფონო საუბრები, თუმცა, ამავე დროს გამოძიების მხრიდან ხდება სხვადასხვა ინფორმაციების გადამოწმება და იმედი მაქვს, რომ ამის შედეგად, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები იქნება ცნობილი.

როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია და ჩვენი ინფორმაციით, არსებობს აუდიო-მასალა, შუამავლის მეშვეობით როგორ ხვდებიან ერთმანეთს ბატონი ფირცხალავა და სოსანაშვილი. თუ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება?

- ამ კონკრეტულ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ იგივე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. უახლოეს პერიოდში გამოძიება გაარკვევს ამ დანაშაულის შემკვეთის ვინაობებს.