დეკემბრის წარმატება და მარტის ფიასკო - პარლამენტში საყდრისის საკითხი ჩავარდა

დეკემბრის წარმატება და მარტის ფიასკო - პარლამენტში საყდრისის საკითხი ჩავარდა

პარლამენტმა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად მიიჩნია, მიმდინარე წლის მარტში კი, კომისია არ დააკომპლექტა და საკითხი კენჭისყრაზე ჩააგდო.

როგორც დეკემბერში, ასევე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში კომისიის შექმნის და დაკომპლექტების წინააღმდეგ ფრაქციები - „ქართული ოცნება“, „მრეწველები“ და „კონსერვატორები“ გამოვიდნენ. მათგან განსხვავებით კი, უმცირესობამ, ფრაქციებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „რესპუბლიკელებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ საკითხს მხარი კვლავ დაუჭირეს. თუმცა, აღნიშნული ფრაქციებიდან ტაბლოზე რიგი დეპუტატების ხმა არ დაფიქსირდა. მათ შორის იყო ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც დღეს დილით პლენარულ სხდომას უძღვებოდა და მთელი დღის განმავლობაში უწყებაში იყო, თუმცა, დღის ბოლოს ის სხდომათა დარბაზში არ გამოცხადდა და შესაბამისად, მან საკითხს დეკემბრისგან განსხვავებით ხმა არ მისცა.

თუკი კომისიის დაკომპლექტებას მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სამი წევრი წავიდა. for.ge-ს მიერ მოპოვებული კენჭისყრების შედეგად ირკვევა, რომ საკითხის წინააღმდეგ ხმა მისცეს - ნანა ყეინიშვილმა, ალექსანდრე თამაზაშვილმა და გია ჟორჟოლიანმა.

პარლამენტში განვითარებულ პროცესებს for.ge-სთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ არის და დეპუტატები გადაწყვეტილებებს თავისი სინდისისა და რწმენის მიხედვით არ იღებენ.

გოგუაძის თქმით, ამ მოწვევის დეპუტატებმა უფლებამოსილების ცნობის დროს დაიფიცეს, რომ ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე მიიღებდნენ და არა გუნდურად და ვინმეს მითითებით.

დეპუტატის მოსაზრებით, თუკი პარლამენტი თავის დადგენილებებს არ ასრულებს და პატივს არ სცემს, მაშინ ხელისუფლებამ მოქალაქეს კანონის შესრულება რატომ უნდა მოსთხოვოს.

„ამჟამად, პარლამენტში მორჩილი უმრავლესობაა და სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო ორგანო თავის ვალდებულებას ვერ აცნობიერებს. პარლამენტმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი განსაზღვრა, თუმცა, ამჟამად, კომისიის დაკომპლექტების საკითხი ჩააგდეს მიუხედავად იმისა, რომ მათ სიასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დეპუტატებს სამართლებრივი წესრიგი საერთოდ არ ესმით და არ იციან, სახელმწიფო რაზე დგას“, - აცხადებს გოგუაძე.

კანონმდებელის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში საყდრისის საკითხს დღის წერიგში ისევ დააყენებს.

„ამ საკითხს არ მოვეშვებით. სანამ პარლამენტი არსებობს, ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იქნება, რადგან მთავრობას და უმრავლესობას ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი თანმიმდევრული არ არის და ყველას ყველაფერი ერთ კვირაში ავიწყდება. უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებით იმ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი. ის ვინც ხელს დანაშაულს აფარებს და დანაშაულის გამოაშკარავებას ხელს უშლის, ისიც დანაშაულის თანამონაწილე ხდება. უმრავლესობა ნაციონალების მიმართ ომახიანად ამბობს, რომ ისინი ეკლესიებს ანგრევდნენ და კულტურულ მემკვიდრეობას აჩანაგებდნენ, მაგრამ მათ ამის თქმის უფლება დაკარგეს, რადგან ისინი ამას როგორც კი იტყვიან, მათ დანარჩენი საქართველო ეტყვის - თქვენ საყდრისი ააფეთქეთ“, - აცხადებს გოგუაძე, რომლის მსგავსად, საყდრისის საკითხის გააქტიურებას აანონსებს უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.

როგორც for.ge-ს რატიანმა განუცხადა, მთავრობის მხრიდან უმრავლესობაზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება.

მისი ცნობით, კომისიის დაკომპლექტების საკითხს იმ ადამიანებმა არ დაუჭირეს მხარი, რომელთაც საკითხზე დადებითი პოზიცია დეკემბერში დააფიქსირეს.

„ზეწოლა მაშინაც მიდიოდა, მაგრამ ამჟამად, მათ პოზიციები შეცვალეს. პარლამენტმა ქართული კულტურის წინააღმდეგ მასშტაბური დანაშაულის გამოძიებაზე ფაქტობრივად უარი თქვა. ეჭვებს ის ფაქტის აჩენს, რომ „RMS gold“-ს ლიცენზია ფაქტობრივად უფასოდ გადაეცა, მაშინ, როდესაც ამ საბადოს ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი დოლარია“, - აცხადებს დეპუტატი.

რატიანის შეფასებით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება, საყდრისთან დაკავშირებით მთავრობაზე ზეგავლენა მოეხდინა - ბიძინა ივანიშვილია.

„საქართველოს მთავრობა ადეკვატურად ვერცერთ პრობლემაზე ვერ რეაგირებს, რომელიც ქვეყანაში შექმნილია. დაწყებული ანექსიიდან, დამთავრებული ეკონომიკური პრობლემებით. ხელისუფლება ძალიან სწრაფად კი, ოლიგარქის ბრძანებებზე რეაგირებს“, - დასძენს რატიანი.

გოგუაძისა და რატიანის მსგავსად, კომისიის დაკომპლექტების საკითხს მხარი დაუჭირა რესპუბლიკელმა გიგლა აგულაშვილმა.

for.ge-სთან საუბარში აგულაშვილი განმარტავს, რომ კენჭისყრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვერ დაესწრო, რადგან ის ამერიკაშია. ასევე საკითხს ხმა ვერ მისცა თინა ხიდაშელმა, რომელმაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში ლექცია წაიკითხა და კენჭისყრაზე მისვლა დააგვიანა, ხოლო ლევან ბერძენიშვილი შეუძლოდ იყო და სახლში წავიდა.

დეპუტატი ამბობს, რომ მას მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ეს კომისია შეიქმნებოდა.

„თუკი საკითხს მხარს „ქართული ოცნება“ არ დაუჭერდა, ის ვერ შეიქმნებოდა, რადგან საკითხის გასვლას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა“, - აღნიშნავს აგულაშვილი.

აგულაშვილისგან განსხვავებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც for.ge-სთან საუბარში საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.

სესიაშვილის განცხადებით, უმცირესობას ამ თემის აგორება პოლიტიკური ცეცხლის დასანთებად სურს და ამ კომისიის საქმიანობით არანაირი პრაგმატული შედეგი არ დადგება.

„დაინტერესებული ვარ, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ შედეგი ამ ფორმატში დადგება. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ცეცხლს ნავთი უნდა დავასხათ, ადამიანების ემოციებით უნდა ვიმოქმედოთ და დაპირისპირება გამოვიწვიოთ, რადგან სიტუაცია პოლარიზებულია. საკითხს რადიკალური მომხრეები და მოწინააღდეგეები ჰყავს. ამ რადიკალიზმს ხელი არ უნდა შევუწყოთ და საზოგადოება არ უნდა გავხლიჩოთ. სასურველია, რომ ამ საკითხზე პრაგმატული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს და ყველაზე მართებული ეს არის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „RMG გოლდ“-მა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გასულ წელს განაახლა და საყდრისის ბორცვზე აფეთქება განახორციელა, რის გამოძიებასაც ითხოვდნენ დეპუტატები. პარლამენტმა საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი 58 ხმით გასული წლის დეკემბერში დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის იყვნენ - ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები - გოგი ქავთარაძე, ელისო ჩაფიძე, როსტომ ხალვაში, თამაზ ჯაფარიძე, უმრავლესობაში ახლახან გადასული ენზელ მკოიანი და კახაბერ ოქრიაშვილი. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე იყო წარდგენილი, ხოლო წევრებად - სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი, ნინო გოგუაძე, ლევან ბერძენიშვილი, გია ჯაფარიძე, კახა ოქრიაშვილი დასახელდნენ.