„ირაკლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გონება დაბინდული ჰქონდა“

„ირაკლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გონება დაბინდული ჰქონდა“

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს გამოძიება. ირაკლი გედენიძე, რომელსაც აქციის „შემოულაწუნე“ მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ირაკლი გედენიძე რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა - „რეფორმატორები“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. თუმცა, პარტიის ლიდრებს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ და არც ბოდიში მოუხდიათ.

for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გედინიძის მეუღლე ნათია გედენიძე ამბობს, რომ ირაკლი გედენიძეს სისხლმდენი ჭრილობები აქვს პირის არეში, გარდა ამისა, მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაბინდული ჰოქნდა გონება.

- ირაკლი იყო გადაღებაზე „ვარდების რევოლუციის მოედანზე“. აქციის საწყის პროცესს იღებდა როდესაც მანქანიდან გადმოვიდა ორი ადამიანი და აუკრძალეს გადაღება. გადაღების აკრძალვას და სიტყვიერ შეურაცხყოფას მოაყოლეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზიანება აქვს მიღებული პირის არეში, სისხლმდენი ჭრილობებით, დამტვრეულია ფოტოაპარატურა. ირაკლი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე დროულად მოვიდა პოლიცია, დაკითხეს ირაკლი, მაგრამ ერთი პერიოდი გონება ჰქონდა დაბინდული და რაღაც პერიოდის მერე შეძლო პოლიციასთან გასაუბრება. შეადგინეს შესაბამისი აქტი. მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ინცინდენტს იღებდა არაერთი ჟურნალისტი და ირაკლის ცემის ვიდეომასალაც არსებობს.

თუ არის ცნობილი ვინ არის ის პიროვნებები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ირაკლის?

- არა. დაკავებული არ არიან, რადგან მიმდინარეობს მათი იდენტიფიკაცია, ცდილობენ ირაკლისგან გაიგონ ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა, როგორც ვიცით, ამ ფაქტის შემდეგ დამნაშავეები მარტივად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ ჰქონდათ აგრესია, არ უნდოდათ დაფიქსირებულიყვნენ ამ კადრებში.

რას ამბობენ აქციის ორგანიზატორები?

- რაღაცა კატეგორიამ გამოთქვა შეშფოთება, თუმცაღა, არ ვიცი ეს ხალხი რამდენად იყო ამ აქციის მონაწილე.