დავით ნარმანიას გარშემო სკანდალი არ წყდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკიას შემდეგ, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ისევე როგორც ბოდოკიამ, ქვირიამაც ქრთამი უცხოეთის მოქალაქისგან აიღო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსმა სპეციალისტმა, მიხეილ ქვირიამ 3 მარტს ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს საბურთალოს რაიონის გამგებლი, ბექა მიქაუტაძე, რომელიც შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმეში არსებული დარღვევები დეტალურად გამოიძიონ. მიქაუტაძის განმარტებით, დაკავებული საბურთალოს გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობდა.
„სამწუხაროდ, ვერ მოგახსენებთ რაშია საქმე იმიტომ, რომ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ. განვაცხადებ ერთს, რომ ის გამგეობის სტრუქტურაში 2010 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის არის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც საკონკურსო გამოცდები ვერ ჩააბარა და მოვალეობის შესრულების ვადა აპრილამდე აქვს. სხვას ვერაფერს გეტყვით. საბურთალოს რაიონის გამგეობა მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
მიხეილ ქვირიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია დედაქალაქის მერს, თუმცა თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ დაარღვევენ მიხეილ ქვირიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას აკეთებენ გამგეობაში იმისათვის, რომ მსგავსი კორუფციული ფაქტები არ მოხდეს, კანკავამ ამ კითხვას ვერ უპასუხა.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ კორუფციულ სქემაში ჩართულია თბილისი მთავრობაც. შესაბამისად, ირაკლი აბესაძე თბილისის მერს მოუწოდებს დაითხოვოს დედაქალაქის მთავრობა.
„სამწუხაროდ, თბილისის მერიის სისტემაში მორიგი კორუფციული დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. არაფერი ამ ფაქტს არა ეშველება მანამ, სანად დავით ნარმანიას არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ მიიღოს გადაწყვეტიელება და დაითხოვოს თბილისის მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად უუნაროა, არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს იმ პრობლემებს რომელიც თბილისშია და მართოს ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებს უნდა ეჭიდებოდნენ და არა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ“, - აცხდებს ირაკლი აბესაძე.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ჯაბა სამუშია ამბობს, რომ საქმე გვაქვს არა კორუფციულ სქემასთან, არამედ ეს არის კლასიკური თაღლითობა, რადგან მიხეილ ქვირიას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რომ მსგავსი ქმედება განეხორციელებინა. მისივე თქმით, ეს არის ის სქემა, რომელიც წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მუშავდებოდა თბილისის მერიაში. სამუშიას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი მიწები გაიყიდა ისე, რომ არც ერთი დანაშაული არ იყო გამოვლენილი.
„ეს არის ის მიწები, რომელიც ეკუთვნოდა კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულებს, რომელიც 2010 წელს გაყიდა უგულავამ. ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ახლა არის საუბარი, სწორედ კოოპერატიული მიწათმშენებლობისთვის იყო განკუთვნილი და მას პირდაპირ დაედო შეზღუდვა, რომ სანამ კოოპერატიულ ბინათმშენებლობის საკითხი არ გადაწყდება, მისი გასხვისება გამორიხული იყო.
ნათელი მაგალითი, რომ ეს იყო თაღლითობა, გახლავთ ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პიროვნებების მიერ ქალაქის მერიაში ოთხჯერ შევიდა წერილი, რომლებიც აღნიშნული მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციოდ გატანას ითხოვდნენ. ოთხივეჯერ უარი ეთქვათ, სწორედ იმ მოტივით, რომ არ შეიძლება მისი პრივატიზაციაზე გატანა გამომდინარე იქედან, რომ ეს მიწები თავის დროზე დაპირებული იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის. სანამ არ გადაწყდებოდა კოოპერატიულ ბინათმშენებლობის პრობლემა, მანამდე ეს მიწის ნაკევეთები არ უნდა გასხვისებულიყო“, - აცხადებს ჯაბა სამუშია.
თავის მხრივ, ანტიკორუფციული სამსახური აგრძელებს თბილისის მერიაში მუშაობას. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ანტიკორუფციული სამსახური არა მხოლოდ მერიაში, არამედ სხვადასხვა სამინისტროებშიც აქტიურად მუშაობს. გომელაურის განცხადებით, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა პირი, ვინც მასში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება.
სამართალდამცველების მხრიდან, მერიაში არსებული დარღვევების შესწავლისა და მაღალჩინოსნების შესახებ დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე დასმულ კითხვაზე კომენტირებისას გომელაურმა განმარტა, რომ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა და მასზე ანტიკორუფციული სამსახური მუშაობს.
„მაღალჩინოსნებზე დოკუმენტაციის გამოთხოვაზე ვერ დაგეთანხმებით. ანტიკორუფციულ სამსახურს არაფერი გამოუთხოვია. ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ. თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, იქნება ეს მერია თუ სხვა სამსახური, ამას მნიშვნელობა არ აქვს, დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანტიკორუფციული სამსახური აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ მერიაში, არამედ სხვადასხვა სამინისტროებში და დეპარტამენტებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.