„სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ ექსერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, - ეს საფრთხე ზურაბ აბაშიძეში არ არის. საფრთხე იმ პოლიტიკაშია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ყველა მიმართულებით. მისივე განცხადებით, შესაძლებელია ეს ტაქტიკური სვლაც იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, როგორიც არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება.
არის თუ არა აბაშიძის განცხადება რუსეთის მხრიდან მომდინარე ზეწოლის შედეგი? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ საქართველო არც დღეს და არც ხვალ ნატოს წევრი არ გახდება, აქტუალობას არ კარგავს. ამ განცხადებით, დადგა თუ არა ქვეყნის ატლანტიკური არჩევანი საფრთხის ქვეშ და რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერის ხელში რუსეთთან მომლაპარაკებელი აბაშიძე იქცა ინსტრუმენტად, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფერხებს?
- საფრთხე, რომ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, ეს საფრთხე ზურაბ აბაშიძეში არ არის. საფრთხე არის იმ პოლიტიკაში, რომელსაც ხელისუფლება ყველა მიმართულებით ატარებს - პასიურობა, პრობლემები, მენეჯმენტი, რაც ზედაპირზე ჩანს. გასაგებია, რომ რთული პროცესია, სახელმწიფოს მართვა იოლი არ არის, მითუმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშე ვდგავართ, ჩნდება კითხვა - რას ემსახურება აბაშიძის განცხადებები, რომელიც თავისთავად საქართველოში ახალი პოლიტიკური დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს? ეს ხომ კიდევ მეტ ბრალდებას წარმოქმნის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ქვეყნის კურისი მიმართული არ არის ევრატლანტიკური კურსისკენ, როგორც ეს განცხადებების დონეზეა.
ზურაბ აბაშიძე ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია და თავისთავად, ძალიან დამაფიქრებელია რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, როცა იგივე აზრის განვითარება შეუძლია სხვა სიტყვებით. ამ საფრთხეების ფონზე შეიძლება ეს იყოს ერთგვარი მესიჯი, რაღაცა შემაკავებელი ფაქტორი. მეორე მხრივ, შეიძლება რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ზეწოლას. მოგეხსენებათ, ასევე არის საუბარი იმაზე, რომ კარასინთან მოლაპარაკების ფორმატში, რომელიც ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროს არ უნდა გაშორებოდა, პოლიტიკური საკითხებიც შემოვიდა და ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს.
არ გამორიცხავთ შესაძლებელობას, რომ ეს განცხადება რუსეთის მხრიდან მომდინარე ზეწოლის შედეგი იყოს, მაგრამ რა მიზანი აქვს ამ ზეწოლას, ხელისუფლებას ოფიციალურად ათქმევინოს უარი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე?
- ამ დრომდე რა ქმედებებიც მიდის ოფიციალურად, საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ კურსი იცვლება, მაგრამ თუ რაღაცა საფუძველი მომზადდება ასეთი ცვლილებისთვის, ბუნებრივია, ეს განცხადებები ამის საფუძველს ქმნის. ასეთ შემთხვევაში, აბაშიძემ უნდა აგვიხსნას რას ემსახურება მისი განცხადება. მგონია, რომ მნიშვნელოვანია მოვთხოვოთ განმარტება, რას გულისხმობდა. ერთადერთ საფრთხეს და საშიშროებას ვხედავ იმაში, რომ ამ განცხადებებით გარკვეულ საფუძველს არ გვიმზადებდნენ. ასეთი განცხადებებისთვის ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.
აბაშიძემ გააკეთა განმარატება და ამბობს, რომ თეზისები, რაც აღნიშნულ კომენტარში ჩამოაყალიბა, სრულად აისახა 25 თებერვალს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, ბატონ აპატურაის განცხადებაში. კერძოდ. მან დაადასტურა, რომ საქართველო მიზანმიმართულად მიემართება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, მაგრამ სრული წევრობის შესახებ ახლა კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია. პრინციპში იგივეს ამბობს აბაშიძე. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოჰყვა ანალოგიური რეაქცია აპატურაის განცხადებას?
- გასაგებია, რომ ნატო გვეუბნება ამას, მაგრამ შენ რომელიც ისწრაფვი ნატოსკენ, ის კი არ უნდა თქვა, რომ ჩვენ ვერ შევალთ ნატოში და, რომ ძალიან შორეული პრესპექტივაა, არამედ უნდა თქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნატოში შევიდეთ. სხვანაირად შეიძლება ამ ყველაფრის თქმა. სწორედ, ეს ბადებს კითხვებს, რატომ ირჩევს აბაშიძე ასეთ ფორმას, მაშინ როდესაც მთავრობის დღევანდელ კურსს ჰყავს კრიტიკოსები? გასაგებია,რომ ხვალ ნატოს წევრობას არ მოგვცემენ, თუმცა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო კონექტურა, არავინ იცის.
აბაშიძის მხრიდან ამ განცხადების გაჟღერება, ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა ხომ არ არის, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობას? მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძის განცხადებიდან ორი კვირა გავიდა, ეს თემა ისევ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში...
- როგორც წესი, ასეთი განცხადებები ერთი კაცის გადაწყვეტილებით არ კეთდება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივი პოზიცია ყალიბდება. მეორე მხრივ, მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე პრემიერის მოხსენებას თუ ვნახვათ, ეს იყო ძალიან ნათელი მესიჯები საერთაშორისო ტრიბუნიდან, მაგრამ ასეთი პატივცემული ადამიანი, როგორც ზურაბ აბაშიძეა ძალიან საეჭვოა რატომ „იფუჭებს“ სახელს. მნიშვნელოვანია, რომ აბაშიძე არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც რუსეთში ესაუბრებიან.
აბაშიძის განცხადებიდან ერთი დღით ადრე, განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. ამ განცხადების ფონზე, აბაშიძის კომენტარი, უფრო ტაქტიკური სვლა ხომ არ იყო? თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ლავროვს რამე განსაკუთრებული არ უთქვამს, ასეთ მუქარას საქართველო შეჩვეულია...
- შესაძლებელია, ეს ტაქტიკური სვლაც იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, როგორიც არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება, იგივე რუსეთის ინტერესების გატარება და ა.შ. ამ პროცესის ტესტირება რას ემსახურება, ამას დრო გვიჩვენებს. მაინც მგონია, რომ აბაშიძის განცხადება ტაქტიკურ სვლებს ისახავს მიზნად.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობა არა წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ომის დასაწყებად, არამედ ომის დასასრულებლად უნდა...
- ეს უკვე აჩვენებს, რომ აბაშიძის განცხადება კონტესქტიდან ამოვარდნილია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აბაშიძის განცხადება, ტაქტიკურ ნაბიჯის ისახავს მიზნად, ანუ კონკრეტული ამოცანა აქვს. რამდენად წარმატებით გამოვიდა, ეს უკვე სხვა საქმეა და მე მგონია, რომ არ გამოუვიდა წარმატებით. არ ღირს ისეთი განცახადების გაკეთება, რომელიც კონტექსტიდან ამოვარდნილია. ეს იწვევს, როგორც საზოგადოების, ასევე ოპოზიციური ჯგუფის უკმაყოფილებას. ამ განცხადებამ ვერც მთავრობას და ვერც რუსეთ-საქართველოს ურთიერობას, დადებითი ვერაფერი მოუტანა. შედეგი რა არის? მეტი კრიტიკა მთავრობას, ნაკლები მხარდაჭერა და მეტი კითხვები? კარგი იქნება ბატონმა აბაშიძემ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია სხვანაირად წარმართოს.