საყდრისის საკითხზე სასამართლოს მეორე ინსტანციის პასუხი ცნობილია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა. ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არიან საყდრისის მცველები, მათი განმარტებით, სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდა. თავისებურად კმაყოფილია კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება, წინამდებარე ადმინისტრაციული აქტი კი პირადად მისი ბრძანებით, უკვე გაუქმებულია. უკმაყოფილო არც საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე მომუშავე ოქროსმომპოვებელი კომპანია RMG-ია. კომპანიის ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათ საქმიანობას ვერ დააბრკოლებს, რადგან ისინი 2014 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული აქტის და მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებენ სამუშაოებს.
რას ნიშნავს საყდრისის საკითხზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება, ის ყველა მხარისთვის მისაღები იყოს? სასამართლოს გადაწყვეტილების ირიბ შედეგად „საყდრისის მცველთა“ ნაწილს სადავო საკითხის პარლამენტში და საგამოძიებო უწყებებში გადატანა მიაჩნია.
For.ge საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი „საყდრისის მცველებისთვის“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?
- თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია და დაადგინა, რომ კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ არასწორად მოუხსნა საყდრისს ძეგლის სტატუსი. ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხს წყვეტს ძეგლთა დაცვის სააგენტოში არსებული სპეციალური საბჭო და არა გურამ ოდიშარიას მიერ სახელდახელოდ შეკრებილი ადამიანები. შესაბამისად, გამოჩნდა ის, რომ იმ 11-მა ადამიანმა, ვინც სყდრისს ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ჩაიდინა დანაშაული - უკანონოდ მოუხსნეს პრეისტორიულ ძეგლს სტატუსი და ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. თუ არ აქვთ კომპეტენცია, რაც სჭირდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას, რატომ მიიღეს ამ კომისიიის მუშაობაში მონაწილეობა, ხომ არ იყო ეს გარიგების და მოქრთამვის შედეგი?
არ გამოვრიცხავთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მივმართოთ პროკურატურას, რომ დაიწყოს ძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ეს ადამიანები იმ დროს გარკვეული პრივილეგიებისა თუ თანხების სანაცვლოდ დასთანხმდნენ.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა მივაღწიეთ იმას, რომ ორი სასამართლო პროცესი მოვუგეთ სახელმწიფოს, მიუხედავად ამისა, კულტურის სამინისტრო, მთავრობა და კომპანია RMG დადგნენ სასამართლოზე მაღლა და სასამართლოს გვერდის ავლით ააფეთქეს საყდრისი. ნიშანდობლივია, რომ დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა არც მთავრობის, არც კულტურის, არც ეკონომიკის სამინისტროს და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.
სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს პირდაპირი მესიჯი პარლამენტისთვის, სადაც ეყარა კიდეც კენჭი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას. დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას კომისია, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ვინ დგას ამ კომპანიის უკან, ვისი ინტერესებია.
მომზადდება კონკრეტული სია და განხორციელდება იმ ხალხის ლუსტრაცია, ვინც საყდრისი ააფეთქა. ეს იქნება შთამბეჭდავი სია. ბევრისთვის ცნობილი ადამიანი იქნება იქ შესული როგორც მეცნიერი, ასევე იურისტი და სახელმწიფო მოხელე. ეს ადამიანები ვერსადროს ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, სიბინძურეს და აუცილებლად აგებენ პასუხს კანონისა და ერის წინაშე. მანამდე კი მუდმივად გავახსენებთ მათ სახელებსა და გვარებს ქართველ ხალხს. დიახ, მათ გაანადგურეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
სასამართლოს სხდომას არ დასწრებია, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა კულტურის მინისტრი. გიორგაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია არა საყდრისის სატატუსზე, არამედ წინამდებარე ადმინისტრაციული აქტების გაუქმებაზე. ეს აქტები კი მან კარგა ხანია გააუქმა. რა არგუმენტები გაქვთ ამ პოზიციის წინააღმდეგ?
- გაუგებარია მინისტრის პოზიცია, მაშინ რატომღა შეიტანა სააპელაციო სასამართლოში თავად სარჩელი? რატომ გაასაჩივრა ჩვენ მიერ მოგებული სასამართლოს გადაწყვეტილება? თუ სასამართლოს გვერდის ავლით შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, რატომღა იყო საჭირო გასაჩივრება? ეს პროცესი აუცილებლად გადაინაცვლებს პარლამენტში და მოვითხოვთ, დაიწყოს გამჭვირვალე გამოძიება.
კულტურის მინისტრი პარლამენტში კინოწარმოების საკითხებზე სამსჯელოდ მივიდა, თუმცა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი მისვლა პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტში. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, იგეგმება კიდევ საყდრისის საკითხზე მიხეილ გიორგაძისთვის საკომიტეტო ფორმატში მოსმენა?
- ჩვენ შევხვდით განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს, გვითხრა, რომ ორჯერ დაიბარა კომიტეტში კულტურის მინისტრი. როგორც კიღურაძემ განმარტა, მინისტრის არგუმენტები იყო ძალიან სუსტი, ერთ შემთხვევაში გამოაგზავნა განცხადება, რომ ის სწავლობს საკითხს. ეს კი, ცოტა არ იყოს, ცინიზმია. არ ვიცი, რა დრო ეყოფა მინისტრს, რომ გაერკვეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში. საპარლამენტო კომიტეტში მის მისვლას კვლავ ელოდებიან.
მედიასაშუალებებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია საყდრისის დამცველებს შორის არსებული შიდა დაპირისპირებების შესახებ. რა არის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი? რა საფუძველი და ინტერესი აქვს ამგვარ პროცესებს?
- ამგვარი დაპირისპირებები შედის „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესში. ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ფავორიტი პარტია არის, სწორედ, „პატრიოტთა ალიანსი“. მან დაიწყო პიარკამპანია, თითქოს ჩვენ რაღაც დაფინანსებას ვიღებთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, და გარიგებულები ვართ მათთან. ეს სრული აბსურდია. ნინო მიქიაშვილი „გვახსენებს“, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოუხსნა საყდრისს ეროვნული კატეგორია. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მან სტატუსი გურამ ოდიშარიას თხოვნითა და რეკომენდაციით მოუხსნა. შეიძლება, სააკაშვილს ჰქონდა რამე ბერკეტი და შეეძლო ეს არ გაეკეთებინა და რატომ გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ ასე ბოლომდე რომ ჩავყვეთ, ჩავალთ შევარდნაძემდე და მერე დადასტურდება, რომ მიქიაშვილი წლების წინ შევარდნაძის კადრი იყო... ეს არის, უბრალოდ, ერთმანეთის მიმართ გამოკიდება და შეურაცხყოფა. ჩვენ დისკუსია გვაქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ შემოვა ჩვენთან ალიანსში და არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს არ გავატარებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტი შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე და ასეთადვე დარჩება.
ჩვენ პარლამენტში ირაკლი ალასანიას გუნდიც გვიჭერს მხარს, მხარს გვიჭერენ ასევე „მწვანეები“, „ეროვნული ფორუმი“, „ნაციონალური მოძრაობა“, და რესპუბლიკელებიც. რატომ იმათთან კავშირში არ გვადანაშაულებენ? რატომ აქვთ დახვეული „ნაციონალური მოძრაობა“? ეს ხელოვნურად შექმნილი ამბავია. საყდრისი როგორც კი ააფეთქეს, ნინო მიქიაშვილმა აალაგა კარვები და წამოვიდა, ერთი საპროტესტო აქცია არ გაუმართავს მას შემდეგ. ირმა ინაშვილი აანონსებდა, რომ მიშა გიორგაძეს სამინისტროდან გამოათრევდა, მაგრამ მათ მხოლოდ იხმაურეს და ზიანი მიაყენეს საყდრისის კომიტეტს, ახლა გადმოვიდნენ იერიშზე ჩვენთან. მჯერა, რომ ნინო მიქიაშვილი გულწრფელად იბრძოდა საყდრისისთვის, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის მოექცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტთა ალიანსის“ ზეგავლენის ქვეშ. ჩვენ თავის დროზე გავემიჯნეთ და დღემდე ვემიჯნებით ამ სიტუაციას.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, შემიძლია გითხრათ, იმის გამო, რომ პარლამენტში გადის საყდრისის საკითხი, გვაქვს კონსულტაციები მათთან, ისევე როგორც ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფთან, ანი მიროტაძესთან და ა.შ. ასევე გვაქვს კონსულტაციები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გოგი ქავთარაძესთან და რამდენიმე დეპუტატთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოზიციას საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა საყდრისის გადარჩენის შესახებ, მაშინ როცა, სწორედ, მათი პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს საკუთარი ხელმოწერით მოუხსნა საყდრისს ეროვნული კატეგორიის სტატუსი? გჯერათ, რომ სააკაშვილს ამ დოკუმენტის მიღება არ სურდა და მხოლოდ მინისტრ ოდიშარიას თხოვნა დააკმაყოფილა?
- ნუ მიიყვანდა „ქართული ოცნება“ ამ მდგომარეობამდე თავს და არც „ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდებოდა და არც სხვა ვინმე. თავად ჩაიდინეს უამრავი უკანონობა საყდრისთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ დაგებულ ხაფანგზე აიფეთქეს თავი საყდრისთან ერთად. მე რატომ უნდა ვებრძოლო „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იგივე მიხეილ სააკაშვილის დროს, ძვირადღირებული და კვალიფიციური კვლევები მიდიოდა საყდრისის ტერიტორიაზე. 8 წელიწადი იმუშავა იქ ექსპედიციამ. არ ვიცი, რა პროცესები უნდა მოჰყოლოდა ამას და რა ქვედინებები იყო საყდრისთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა მაშინ კობა ნაყოფიას კერძო ინტერესები და სურდა თუ არა საყდრისის აფეთქება, ფაქტი ერთია - საყდრისი აფეთქდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
კონკრეტული პირების მხილებისა და შესაბამისი სიების გამოქვეყნების გარდა რას გეგმავს საზოგადოებრივი კომიტეტი საყდრისთან დაკავშირებით?
-ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად იქნება აქტივობები, მღელვარება, პროტესტი და იმედია, ხალხის ხმას გაიგებს ხელისუფლება. თუ არ გაიგებს, მეტად დაამძიმებს საკუთარ მდგომარეობას, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საყდრისის თემის კონტექსტს და არ მაინტერესებს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. აუცილებლად იქნება პერფორმანსები და სხვადასხვა სახის რადიკალური აქციებიც კი, ჩვენ არ ვეგუებით საყდრისის დანგრევას.
მთელი საზოგადოება უყურებს საყდრისთან დაკავშირებულ მოვლენებს. დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კი პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ საყდრისში არაფერი ისეთი არ არისო, მერე კი აღნიშნა, პრეტენზია მაქვს კულტურის სამინისტროსთან, რატომ არ შენდება საყდრისის მუზეუმიო. თუ არაფერი იყო საყდრისში, რის მუზეუმს ითხოვენ? საყდრისის მუზეუმთან დაკავშირებით ვალდებულება აიღო კომპანიამ და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ დღემდე არ არსებობს არანაირი კონცეფცია, არანაირი ნაბიჯები მუზეუმის მოსაწყობად. არც სახელმწიფომ და არც კომპანიამ არაფერი გააკეთა ამ მიზნით. ჩვენ არც ამ საკითხს დავტოვებთ ასე, არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლი ააფეთქო და იმ ტერიტორიაზე ამოღებული არქეფაქტები უყურადღებოდ დაყარო.