დღეს 9 აპრილია. საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყვალაზე ტრაგიკული დღე! 22 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და ასეულობით მოქალაქის სამუდამოდ დასახიჩრება და დაავადება მოჰყვა. ამ ტრაგიკულ დღეზე საკმაოდ ბევრი ლექსი თუ მოთხრობაა შექმნილი, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიას ალბათ ყევლაზე კარგად მაინც, მწერალ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი სიმღერა: “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გამოხატავს.
ეს სიმღერა ბოლო წლების მანძილზე ქართველი ახალგაზრდებისათვის ნამდვილი პატრიოტული ჰიტი იყო. სიმღერა, რომელიც ასოცირდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან და პირველ მძიმე ნაბიჯებთან ამ ბრძოლის დაწყების დროს.
მაშ ასე, ტექსტის ბოლოს ნახეთ მორის ფოცხიშვილის ეს ლექსი და მოუსმინეთ თანდართულ ვიდეოში აწ უკვე ლეგენდად ქცეული ჰიტს – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და შევეცადოთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს!
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!