ნათქვამია “ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო” - ეს თქმა სრულ შესაბამისობაშია ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების ჩასვლასთან უკრაინაში, სადაც ისინი უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ინიშნებიან.
ნაციონალების ტროას ცხენი უკრაინაში
ერთის მხრივ, ჩვენი მოსახლეობისთვის კარგია, რომ ტელევიზიით ჩვენი ყოველდღიურად გამღიზიანებლები საქართველოში აღარ დარჩებიან და ხალხი ამ კუთხით დაისვენებს, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრ მათგანს სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი და ბიუჯეტში ასობით მილიონი მოპარული თანხა უკან დასაბრუნებელი. მეორეს მხრივ, გულწრფელად მებრალებიან უკრაინელები, რომლებიც ამ მეორადმა ქართველმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა უნდა მართონ და თავიანთ კორუფციულ სქემებში გახვიონ. ზოგიერთ გულუბრყვილო ადამიანს ჩვენში და უცხოეთში დღემდე ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია და ამაში უჩვეულო არაფერია.
სინამდვილეში აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: როგორც ე.წ. “ვარდების რევოლუცია” იყო რუსულ-ამერიკული პროექტი, რომლითაც ძალზე დაზარალდა საქართველო, ასევე მაიდანი და იაცენიუკ-პოროშენკო არიან რუსულ-ამერიკული პროექტი, რომლითაც მოხდება უკრაინის დაშლა და მისი განაწილება რუსულ და ამერიკული გავლენის ზონებად (რუსეთს შეხვდება ყირიმი, დონბასი და შეიძლება კიევიც კი, თუ ძალზე იაქტიურებს, აშშ-ს კი დანარჩენი უკრაინა, სადაც ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირსაც). ამ ყველაფრის გაკეთება და გაფორმება აშშ-რუსეთს უკვე გამოცდილი, აპრობირებული აგენტურის ხელით შეუძლიათ და ამიტომ იხმეს ნაციონალები უკრაინაში და ტროას ცხენივით შეუგდეს უკრაინელებს (მათვე აკიდებენ საბოლოო პასუხისმგებლობასაც უკრაინის ხელმძღვანელობასთან ერთად)
შედეგი კი მართლაც სავალალო იქნება უკრაინელებისათვის –ევროპის უდიდესი სახელმწიფოს დაშლა-დანგრევა და დიდი სახელმწიფოების დიქტატის ქვეშ ცხოვრება. ქართველობამ კი აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს – ნაციონალებს სამუდამოდ უნდა ამოუკვეთოს ფეხი ყველანაირი სახელისუფლებო სტრუქტურიდან და პარტიაც საერთოდ უნდა აიკრძალოს.
მეორადების ქვეყანა
უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველო მეორადების ქვეყნად იქცა და ამ პროცესმა ჩვენი ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა – დაწყებული ტანსაცმლით და დამთავრებული ნებისმიერი ტექნიკით. ეს ყველაფერი კი ჩვენში უცხოეთიდან იმპორტის სახით შემოდის და კარგადაა მორგებული ჩვენს კუდაბზიკურ ხასიათზე – რადგან ახლის შეძენის თავი არა გვაქვს და პრესტიჟულად კი გვინდა ვცხოვრობდეთ და გამოვიყურებოდეთ, ამ წინააღმდეგობას მეორადების შეძენით ვწყვეტთ და ეს სერიოზულ ბიზნესად იქცა საქართველოში. ასეთ საქმიანობაზე უარს თვით დიდი ბანკებიც კი არ ამბობენ და უცხოეთში იაფად ნაშოვნ სესხებს აქ უფრო ძვირად გვასაღებენ, თუმცა ეს სესხები ეროვნულ წარმოებას და საქმეს იშვიათად ხმარდება.
ერი ნელ-ნელა შეეჩვია ყოველივე ამას და თითქმის გაქრა მოთხოვნილება პირველხარისხოვანის შეძენაზე – იქნება ეს ტექნოლოგიები, მანქანები თუ სხვა რამ. კიდევ კარგი, საკვები პროდუქტები არ არის მეორადების სახით, თორემ იმასაც შემოვიტანდით ალბათ (თუმცა რაც უცხოეთიდან საკვების სახით ჩვენთან ხშირად შემოდის, არც ერთი თავმოყვარე ქვეყნის მოსახლეობა არ იყიდდა). ნაციონალების პერიოდიდან ჩვენში ასევე პოპულარული გახდა უცხოეთში მოღვაწე ყავლგასული მომღერლების თუ მუსიკოსების იმპორტი (ივანა მელაი, ჯან ლუკა მარჩიანო, ტოტო კუტუნიო და სხვა)
ჩვენი ამბიციურობის გამო შეუძლებელია მეორადი უცხოელი პოლიტიკოსების საქართველოში ჩამოყვანა და დიდ თანამდებობაზე დანიშვნა, თორემ არც ამაზე დავიხევდით უკან. ამ მხრივ პირიქით, მეორადი პოლიტიკოსების ექსპორტი დავიწყეთ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, თუმცა XIX საუკუნიდანაც ვამარაგებდით რუსეთს და მანამდე კი აზიის ქვეყნებს მეომრებით, სარდლებით თუ მმართველებით. უცხოეთში მრავლად მოღვაწეობდნენ ქართველი სასულიერო პირებიც. (ქართველმა ანთიმოზ ივერიელმა რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ფორმირებაში და ავტორიტეტის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მოწამეობრივი აღსასრულის მერე იგი რუმინეთის ეკლესიამ წმინდანადაც კი აღიარა). ეს პროცესი ყველა სფეროს შეეხო – მეცნიერებიდან დაწყებული და სპორტით დამთავრებული (ისე საქართველოს ბევრ უნივერსიტეტში ასევე ხდება უცხოეთში ყავლგასული მეცნიერების დიდი ზარ-ზეიმით მოწვევა და წარდგენა აკადემიური საზოგადოებისათვის, თითქოს ჩვენ არ გვყავდეს სათანადო კვალიფიკაციის კადრები, რომლებსაც ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ, ისევე როგორც ჩვენს მხატვრებს, მუსიკოსებს და ა.შ.)
ეს ყველაფერი უცხოელებს განუმტკიცებს აზრს ჩვენი პროვინციულობის შესახებ და ერში ქმნის ერთგვარ არასრულფასოვნების კომპლექსს, რომ ჩვენ თვითონ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა არ შეგვიძლია და აუცილებლად უცხოელებმა უნდა გვასწავლონ და შემოგვასაღონ ყველაფერი – იდეები, ტექნიკა, საქონელი, მრჩეველ-კონსულტანტები, პიროვნებები, ცხოვრების წესი, გემოვნება, ტრადიციები, სასმელი და საჭმელი (ღვინოც კი!), მმართველობის ფორმა და წესი და ვინ იცის კიდევ რა.
ქართველებს “მაიმუნური წამბაძველობა” კი გვჩვევია, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი მეორადი ჩვენში პოულობდეს გასაქანს და ქართველს და ქართულს ასპარეზი არ ეძლეოდეთ. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ.
კოსოვოს დამანგრეველი ეფექტი
ყირიმის მოვლენებმა და, მთლიანობაში უკრაინის კრიზისმა, კიდევ უფრო ნათელი გახადა თუ რა განხეთქილების ვაშლი შეაგდო აშშ-მ ევროპის ქვეყნებში (რომელშიც შედის რუსეთიც და საქართველოც) კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით. ევროპის შუაგულში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში მუსულმანური დამოუკიდებელი ანკლავის შექმნით აშშ-მ ორი კურდღელი დაიჭირა. პირველი, ქრისტიანული ევროპის შუაგულში მუსულმანური სახელმწიფო შექმნა და ამით დიდად ასიამოვნა მაჰმადიანებს. მეორე, კოსოვოს პრეცედენტმა დამანგრეველი ეფექტი იქონია მთელს ევროპაზე და იგი პირდაპირი დარტყმა იყო არამარტო რუსეთზე და მის ინტერესებზე ევროპაში, არამედ ამით უკვე დაზარალდა საქართველო და უკრაინა (აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით, ყირიმის მიერთებით), ასევე ცეცხლი გაღვივდა ევროპის პრობლემურ რეგიონებშინ - ბასკეთში, ლომბარდიაში, ბელგიაში, შოტლადიაში, კატალონიაში და ა. შ.
რუსეთმა აშშ-ს მიერ კოსოვოს აღიარებისთანავე განაცხადა, რომ ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვებოდა და ეს შეასრულა კიდეც საქართველოსა და უკრაინაში. რუსეთი ამ დროს მოქმედებდა და მოქმედებს პრინციპით, რომ თუ აშშ-ს შეუძლია ხელოვნურად დამოუკიდებელი ქვეყნების შექმნა და მათი აღიარების სხვებისთვის თავსმოხვევა, რატომ არ შეუძლია იგივე რუსეთს? ამ პრინციპიდან გამომდინარე მომავალში რუსეთმა შეიძლება აღიაროს დნესტრისპირეთის, ყარაბახის (თუ აზერბაიჯანი გაჯიუტდება და აშშ-ზე და ნატოზე აიღებს ორიენტაციას) და სხვათა დამოუკიდებლობა, რამაც შეიძლება ბევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას დიდი საფრთხე შეუქმნას. ეს კი აუცილებლად გაზრდის ანტიამერიკულ განწყობას მთელს ევროპასა და მსოფლიოში, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ ამერიკული ეკონომიკური და სამხედრო გავლენისაგან.
შეიძლება დავასკვნათ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით აშშ-მ დათვური სამსახური გაუწია საქართველოს და იგი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო შემდგომში გარკვეული მატერიალური და მორალური მხარდაჭერის მიუხედავად.