თუ საქართველო კრემლის მაცდურ წინადადებას დათანხმდება და 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ, სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანის გახსნას დათანხმდება, ექსპერტები აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობის გართულებას პროგნოზირებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, არც ერთ დონეზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხის დეტალური ან კონკრეტული განხილვა არ ყოფილა და არც იგეგმება. თუმცა, კერესელიძე აქვე ამბობს, რომ ზოგადი საუბრები საქართველოს მხრიდან ნამდვილად არ მომდინარეობს.
„თქვენც კარგად გესმით, თუ რომელ მხარეს უფრო აინტერესებს, რომ გააცოცხლოს ეს საკითხები. მე ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ და ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო გიდასტურებთ, რომ არც ერთ დონეზე ამის დეტალური ან კონკრეტული განხილვა არ ყოფილა და არც იგეგმება“, - აცხადებს დავით კერესელიძე.
ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღის შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ
შეხვედრაზე განხილვის თემა აფხაზეთის რკინიგზის საკითხიც იქნება, თუმცა დასძინა, რომ რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია.
როგორც ცნობილია 2006 წლის დასაწყისში საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ერთობლივ კონსორციუმზე მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას, თუმცა მაშინდელ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ, სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი გაიხსნას. ცისკარიშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ თუ რაიმე სიკეთე ეგულება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლაში, მაშინ მიღებულ იქნას შეთანხმება, მარშრუტზე - მოსკოვი-სოხუმი-ფოთი.
„ეს უფრო მეტი ინტერესის მქონე იქნება საქართველოსთვის, მით უმეტეს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული სუბიექტი ასეთი ტრასის არსებობა-არარსებობაში გახლავთ ჩვენი კეთილი მეზობელი აზერბაიჯანის სახით. თუ ის არ იქნა ასევე ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვიცი, რას მივიღებთ, მაგრამ აზერბაიჯანს დავკარგავთ“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინისა და მის შეხვედრაზე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული კონკრეტული განხილვა არ მომხდარა. მისივე თქმით, კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ჩვენში რომ უყვართ, ისე არსად და მერე ეს ხანდახან გადადის პროვინციალიზმში.
„შეხვედრის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ არანაირი კონკრეტული, დეტალური განხილვა რკინიგზის აღდგენის შესახებ არ ყოფილა. კულუარული შეხვედრები რომ გვინდოდეს, რაღა პრაღაში შევხდებით ვინმეს. მე ვერ ვხედავ მათ განსაკუთრებულ დაინტერესებას, მაგრამ არანაირი კონკრეტული განხილვა არ ყოფილა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ რკინიგზის გახსნის საკითხი სომხეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის და ამის შეახებ სომხეთი თავის პოზიციას ყველა დონეზე აფიქსირებს. მაჭავარიანის განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არ არის რუსეთთან და ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი არის მუდმივად პრობლემა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ამ რკინიგზის აღდგენა არაფრის მომტანი არ არის.
„რაც შეეხება აზერბაიჯანის მიმართულებას, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი დარტყმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებისთვის. ვფიქრობ, აქ უფრო მეტი სჭირდება საქართველოს მთავრობას, ვიდრე ბატონი ზურაბ აბაშიძის დიპლომატიური შესაძლებლობი, თუ ახლობლური ურთიერთობები. სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს, იქნება ეს აფხაზეთი, სავაჭრო ურთიერთობა თუ სხვა“, - ამბობს ვანო მაჭავარიანი.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანის გახსნა, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის პირდაპირ საშიშია და თვლის, რომ ეს თემა საერთოდ არ უნდა იყოს განხილივის საკითხი. ხოშტარიას განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან რაიმე სახის სტრატეგიულ პროექტებზე საუბარი, ძალიან საშიში და საზიანოა ჩვენთვის.
„თეორიულად, როდესაც რუსეთი გახდება ნორმალური ქვეყანა, მერე შეიძლება ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ რეგიონალური პროექტები ისე, რომ არ ვაწყენინოთ მეზობელ ქვეყნებს და რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესი, რაც საბოლოო ჯამში, არის ჩვენი მაქსიმალური მიბმა სწორედ ევროპულ ინფრასტურქტურასთან და ევროპული უსაფრთხოების სისტემასთან. ამ მდომარეობაში მყოფ რუსეთთან სარკინიგზო კავშირების გაღრმავება სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან საშიშია, რომელის მიზანია ჩვენი სუვერენიტეტის შესუსტება. ძალიან რთული და საშიში თემაა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან არასერიოზულად უდგება ხელისუფლება“, - განმარტავს ელენე ხოშტარია.
„თუ რკინიგზის საფასურად ჩვენ მივიღებთ რაღაცას ისეთს, გნებავთ ლტოლვილების დაბრუნება, მომხრე ვარ დაიწყოს მოლაპარაკებები“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანის გახსნა სავაჭრო თემაა, რომელიც საკმაოდ ძვირად უნდა გაიყიდოს.
„ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ყველაფერს ძალიან იაფად ვყიდით, დაწყებული ჩვენი სტრატეგიული ობიექტებიდან და დამთავრებული რუსეთის ვეტეოში შესვლით. ძალიან იაფად მივყიდეთ ჩვენი თანხმობა რუსეთს ვეტეოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესები დგებოდა, ბაქო თბილისს დიდ ანგარიშს არ უწევდა. პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს აყენებდა და მერე, უკვე, თავის მოკავშირეების ინტერესებს. ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ წინა პლანზე აზერბაიჯანის ინტერესები და მეორე პლანზე საქართველოს ინტერესები?
თუ ეს რკინიგზის საფასურად ჩვენ მივიღებთ რაღაცას ისეთს, რასაც ჰქვია ლტოლვილების დაბრუნება, მომხრე ვარ, რომ დაიწყოს მოლაპარაკეკები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ლტოლვილებს ომის გარეშე ვერ დავაბრუნებთ. ერთადერთი ბერკეტი დაგვრჩა რუსეთთან და ეს არის რკინიგზა. ეს უკანასკნელი ბერკეტიც თუ მუქთად მივეცით რუსეთს, მაშინ ჩვენ მართლა ვყოფილვართ ასეთი დიპლომატიის ღირსი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.