მაგთისატი ყოველთვის იცავს კანონის მოთხოვნას და, Must carry პრინციპების დაცვით, თავის სამაუწყებლო ბადეში ათავსებს ყველა იმ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-401 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ახდენს სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრზე მიწოდებას.
მაგთიკომს არასოდეს უთქვამს უარი პალიტრა TV-ის განთავსებაზე მაგთისატის პაკეტში, მაგთიკომის მხრიდან პალიტრაTV-ის მიმართ დაყენებული იყო და არის ერთადერთი მოთხოვნა, რომ მან შეასრულოს მაუწყებლობის შესახებ კანონის ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი პირობა და თავისი ხარჯით მიაწოდოს მაგთიკომს საკუთარი (პალიტრა TV-ის) სამაუწყებლო სიგნალი თანამგზავრზე, რაც პალიტრა TV-ის მხრიდან არ განხორციელებულა.
„დღესაც მზად ვართ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მივაწოდოთ სიგნალი, მაგრამ გვეუბნებიან, სიგნალი მაინცდამაინც სატელიტით მოგვაწოდეთო“, - აცხადებს პალიტრა TV-ის დირექტორი ინგა დადიანი.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით სიგნალის კოსმოსში თანამგზავრამდე მიტანა შეუძლებელია, რაც ქალბატონ ინგას კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენს სადგურამდე სიგნალის მოტანა არ ნიშნავს მის თანამგზავრამდე მიტანას.
„სატელევიზიო პაკეტში პალიტრა TV-ის განთავსებისთვის ყოველთვი¬ურად 5 ათასი დოლარის გადახდა მოითხოვეს“, - აცხადებს ქალბატონი ინგა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ან უნდა იცოდეს, რომ ეს თანხა არის არა განთავსების (რეტრანსლიაციის), არამედ ცალკე ტექნიკური მომსახურების - „ატვირთვის“ (Uplink) - ღირებულება, რომლის განხორციელების ვალდებულება, კანონის შესაბამისად, არ ეკისრება მაგთიკომს. „ატვირთვის“ მომსახურებას მაგთიკომი შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში სთავაზობს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა.
სამწუხაროა, რომ პალიტრა მედიას მკითხველი ქალბატონი ინგას პროფესიონალიზმს უნდა ენდოს მაშინ, როდესაც ის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნისა და დავის ნიუანსების საქმის კურსშია, მაგრამ ობიექტური მიზეზების დასახელების ნაცვლად მკითხველი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.
აღნიშნული სადაო საკითხი უკვე განხილულ იქნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ და მაგთიკომს დაევალა „პალიტრა TV“-ის სამაუწყებლო პაკეტში განთავსება მას შემდეგ, რაც მაუწყებელი უზრუნველყოფს სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრამდე მიტანას.
თუ „პალიტრა TV“ დააკმაყოფილებს კანონმდებლის მოთხოვნას და უზრუნველყოფს ღია სიგნალის თანამგზავრამდე მოწოდებას, ის განთავსდება მაგთისატის სამაუწყებლო ბადეში.
მიგვაჩნია, რომ ბოლო დღეებში პალიტრა ჰოლდინგის მედიაში ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქმეში ჩაუხედავი მკითხველის შეცდომაში შეყვანა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა - პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2015 წლის 4 მარტს.
მაგთიკომი მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს სამართლებრივ ჭრილში დაუსაბუთოს თავისი პოზიციის მართლზომიერება.(R)