დიტო გელოვანი: საქართველოს მეჭურჭლეთუნაცესი

დიტო გელოვანი: საქართველოს მეჭურჭლეთუნაცესი

...ამის შემდეგ ბერიკაცი მოყვა ლანძღვა-გინებას; ლანძღავდა ყველას და ყველაფერს, ვინც და რაც კი გაახსენდა. ერთხელ რომ ცამოუარა, ახლა მეორედ შეუკურთხა ყველას, ვაითუ ვინმე გამომრჩაო, და ბოლოს საყოველთაო ლანძღვა-გინებით დაასრულა. ბევრს ისეთსაც გადასწვდა, ვისი სახელი არც კი იცოდა, მაგრამ მათ ასე იხსენიებდა: „აი, ის, რა ჰქვია იმას“, და ბოლო აღარ ქონდა იმის ლანძღვას და გინებას“. (მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი)

ეს ბერიკაცი მე ვარ. მას შემდეგ, რაც ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, ვლანძღავ ყველას და ყველაფერს, განსაკუთრებით კი მას, ვისაც ნაცებთან აქვს შეხება. საახოვით ვიწყებ, ყველას ვიხსენიებ და ბოლოსთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ-ი) ვიტოვებ ხოლმე: „ეს ჩემი სებ-ი“, „ამ ჩემი სებ-ის“, „ამ ჩემი სებ-ით“, „ამ ჩემი სებ-მა“ და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სტრიქონები ჩემი საახლობლოს (დიიიდი საახლობლოს) ემოციურ ფონზე იწერება, არანაირი უფლება არ მაქვს, რომ ოდენ მხოლობითი რიცხვით დავკმაყოფილდე და ამიტომ - „ეს ჩვენი სებ-ი“, „ამ ჩვენი სებ-ის“, „ამ ჩვენი სებ-ით“, „ამ ჩვენი სებ-მა“ და ა.შ.

ამ ხნის კაცი მოვიყარე (ბებიაჩემის პარალელური კლასელი ვარ), დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს დღგ, მშპ, ფისკალური გადასახადი, მიკრო და მაკროეკონომიკები და სხვა ეკონომიკური ტერმინები, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად, ბევრზე ბევრად უკეთ ვიცი, რას ნიშნავს ვალი და რას ნიშნავს ვალის გადახდა. მით უმეტეს, როცა ვალი სხვამ აიღო, ჯიბეში ჩაიდო, გაქრა, გადახდით კი შენი გადასახდელია.

საქართველოს საგარეო ვალს ვგულისხმობ. ნაცებმა რომ აიღეს, ჯიბეში რომ ჩაიდეს. გამქრალიყვნენ მაინც, მაგრამ აქ სხედან და ჟრიამული გაუდით.

რა გახდა ერთი თვე? მხოლოდ ერთი თვე მინდა და მაგათ ვამღერებდი სერენადას! ისეთებსაც ვიცნობ, ორიოდე კვირას რომ იკმარებდნენ და სულ არ იქნებოდა ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.

ჯერ კიდევ ორი-ორთვენახევრის წინ ვამბობდი: „იქით - რუსეთ-უკრაინა, აქეთ - დოლარის საყოველთაო გამყარება, კიდევ უფრო აქეთ - ათწლეულების განმავლობაში დამყაყებული და ნაცების მიერ ჩასვრილი ეკონომიკა, ცოტათი - ნაცების და რუსთავი-2-ის მიერ ატეხილი პანიკა, ცოტათი - ბანკების მაიმუნობა და, კიდევ უფრო მეტად - ამ ჩემი სებ-ის წარსული, აწმყო და მომავალი“.

ამას ვამბობდი მე - ეკონომიკასა და ფინანსებში აღმაშფოთებლად არაკომპეტენტური, მაგრამ ვამბობდი ჩუმად, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ეკონომიკასა და ფინანსებში აღმაშფოთებლად არაკომპეტენტური ვარ, პური მეპურემ უნდა აცხოს, მეპურეები კი ამ ჩემი სებ-ით ერთობ კმაყოფილები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, შეშფოთებულ და აღშფოთებულ ხმას არავინ იღებდა... სანამ გასული კვირა არ დადგა.

საერთოდ, ვეთანხმები, რომ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, თუმცა ეს - ზოგადად, მაგრამ როცა საქმე ნაცებს ეხება, როცა მათზეა საუბარი, დასამალი და სარევერანსო არაფერია, ჯეკ!!! ვის უნდა ვეფეროთ, ჰეკ?

აი, ეს იყო კარგი, სწორი, თუმცა - ცოტა დაგვიანებული: „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა. როგორც ივანიშვილი ლარის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი „ექსპერტები“.

და ლარმა გამყარება დაიწყო.

ამის შემდეგ კი დაიწყო ის, რაც აღმაშფოთებელიც იყო და ამაზრზენიც - ვინც მანამდე ქადაგიძეს თავზე ხელს უსვამდა და, თუ არ ამართლებდა, ყოველ შემთხვევაში - არ ადანაშაულებდა მაინც, ყველა ერთხმად აყაყანდა, რომ ქადაგიძე არის ეს, ქადაგიძე არის ის, ქადაგიძე არის ისეთი და იმნაირი...

კიიი - „ესეც“ არის, „ისიც“ არის, „ისეთიც“ და „იმნაირიც“, მაგრამ რატომ? რატომ არის ისეთი და იმნაირი? პასუხი მარტივია - ქადაგიძე არის ნაცი და როგორც შუა თითისგან არ გამოვა სალამური, ისე ნაცისგან არ გამოვა კაცი.

ნაცია ადამიანი?! ასე კი არა... ნაცი ადამიანია?

ამ ბოლო დროს რიტორიკული კითხვები შემიყვარდა.

ახლა, მანცდამაინც ივანიშვილს უნდა ეთქვა, ეს ჩვენი სებ-ი თავიდან რომ ყროლდება? რა, არ იცოდნენ? იცოდნენ, მაგრამ როცა საქმე ინიციატივაზე მიდგება, ეგრევე ბუჩქებში იმალებიან ხოლმე, იმისი არ იყოს - „იკივლოს სხვამ და ვიკივლებ მეც“.

აი, თქვენ კი გაკივლათ სერენადა იმან, ვინც მომავალი არჩევნებისთვის საპარლამენტო სიას შეადგენს!

„მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა. "ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12-პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა“ - ჩემი მეგობარი სააგენტო ოპერატიულიც არის და ადექვატურიც, სტრიქონებს შორის ამბობს, აბა რა უნდა ვთქვა, კომენტარი თქვენთვის მომინდიაო.

„აფსუს, რა ხვავ-ბარაქ-დოვლათიანად ვცხოვრობდით 12-პროცენტიან დევალვაციამდე და იფ, რა არხეინად ვიცხოვრებთ „ქამრების შემოჭერის“ ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შემდეგ!“ - ეს არის ჩემი კომენტარი.

„დღგ“-ს მნიშვნელობა ჯერაც არ ვიცი, ამას ახლა „აღ“ (ადმინისტრაციული ღონისძიებები) და „დშ“ (დეტალიზებული შემცირება. ცუდი არ იფიქროთ) დაემატა.

კოხორასი არ იყოს, მე ვარ დებილი!

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გაუგებარია რატომ არ მიეცათ მას და სერგო რატიანს მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება, რადგან მათ როგორც პარლამენტარებს, ამის უფლება ჰქონდათ. ჩვენ ვართ მოსახლეობის მიერ არჩეული და კანონით გვაქვს მონიჭებული ეს უფლება, რომ დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს მთავრობა, მათ შორის შეკრების დროს. აქ არ არის საუბარი, რომ ჩვენ რაიმე საკითხის დაყენება მოვითხოვეთ დღის წესრიგში. ჩვენ მაინც გადავეცით მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჩვენი გეგმა, იმედია, გადახედავენ მაინც და განიხილავენ", - განაცხადა რიჟა-ზურაბამ, გარემოებათა საბედისწერო დამთხვევის გამო ჯაფარიძის გვარს რომ ატარებს.

მათი გეგმა ნულოვანი ტოლერანტობაა, მათი გეგმა არის „ყველას სულს ამოგხდით“ და „ყველას ციხეში დაგალპობთ“, მათი გეგმა არის „ყველას ჩაგრეცხავთ“. აი, სწორედ ეს გეგმები უნდა განვიხილოთ, ყველანი შემოვიჭერთ ქამრებს და ბოლო-ბოლო გაირკვეს, ვის მიერ არიან არჩეულები და, რაც მთავარია, რა უფლებებს მიანიჭებენ მათ სასამართლო (მას შემდეგ, რაც გვენეტაძეს დაამტკიცებენ) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ამისათვის კი, საჭიროა... საჭირო კი არა, აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„2016 არის ჩანიშნული არჩევნები, მაგრამ თუ იქნება ვადამდელი არჩევნები პრობლემას ვერ ვხედავ. „ქართულ ოცნებას“ აქვს ნდობა იმ პირობებშიც, რა პირობებშიც გვიწევს მუშაობა. თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, მართლაც დავინახავთ შედეგს. თუმცა, ვფიქრობ, მომავლი არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დასასრული იქნება”, - განაცხადა გასულ კვირაში კახა კალაძემ.

უჰ, და მერე რა ჯობს მაგას! მაგრამ...

ახლა, ჩემ სადარბაზოს არემონტებენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, გარედან მტვერი და ჭუჭყი რომ შემოდის. მთელი ოჯახი ვცდილობთ, რომ სახლში ნაგავი არ შემოვიდეს, მაინც შემოდის, მაგრამ ვწმენდთ და ვასუფთავებთ, საწმენდ საშუალებებად საქმეში გამოცდილ ფხვნილებს და ხსნარებს ვიყენებთ.

ნაციონალური მოძრაობა არის ნაგავი, ოცნებაში ბევრი მტვერი და ჭუჭყია. ვადამდელი არჩევნებით პარლამენტიდან ნაგავი უნდა გავიტანოთ, ჭუჭყი უნდა მოვრეცხოთ, მტვერი უნდა გადავწმინდოთ, მაგრამ ზოგიერთი ისეთი ჭუჭყია, ისეთი მტვერია...

გასულ კვირაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ დაიკავებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელს. მსურველი ორია - ნანა ყეენიშვილი და დავით ლორთქიფანიძე. ნანა ყეენიშვილზე ბევრი თქმულა და დაწერილა ჯერ კიდევ ათი წლის წინ და მერეც. რაც შეეხება დავით ლორთქიფანიძეს, ამჯერად ჩემს მეგობარ სააგენტოს მივბაძავ, ნიუსს გაახლებთ და დასკვა თვითონ გამოიტანეთ: „ქართველი დეპუტატები პარლამენტარის სამკერდე ნიშნის დამზადებასა და გადაცემას ითხოვენ. საკითხი საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დავით ლორთქიფანიძემ დასვა. როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, იმ პერიოდში, როცა "ზარაფხანას" დირექტორი იყო, კომპანიამ ორჯერ მიიღო პარლამენტისგან შეკვეთა სამკერდე ნიშნის დამზადებაზე, რაც დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. როგორც საკითხი განხილვისას გახდა ცნობილი, პარლამენტარის სამკერდე ნიშანი რამდენიმე დეპუტატმა პირადი ინიციატივით დაიმზადა. ფრიდონ საყვარელიძის თქმით, საკუთარი ხარჯებით დამზადებულ სამკერდე ნიშანს ატარებს და საკუთარი გადაწყვეტილებით სამკერდე ნიშნები კიდევ სხვებსაც აქვთ შეძენილი. საყვარელიძის თქმით, მინანქარში დამზადებული ვერცხლის თითო სამკერდე ნიშანი 50 ლარი ჯდება, რაც 150 პარლამენტარისათვის 7500 ლარზე მეტი არ იქნება. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კოლეგებს აღნიშნული საკითხის ხაზინადართა საბჭოს სხდომაზე დაყენებას დაპირდა“.

ესენი ქამრების შემომჭერები არ ჩანან და რაც უფრო მალე გადავუჭერთ ქამრებს, უკეთესი იქნება. სამკერდე ნიშნებიო... ჯერ ბუსუსებიან პრეზერვატივებზე დახოცეს ერთმანეთი, მერე - ჩოხა თუ არ ჩავიცვი, კანონში ცვლილებას ვერ შევიტანო, ახლა - ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობისთვის მინანქარში დამზადებული სამკერდე ნიშანი პირდაპირ მისწრებააო.

რა ვიცი, საგანელიძე არ იყო, რომ ამბობდა, როგორც კი ლიკანში დავსხდებით ან თუ ბათუმში შევირიბებით, კანონებს სულ ლიწინ-ლიწინით ვაცხობთო! ახლა კიდევ, სამკერდე ნიშნებიო... მამენტ, იქნებ, ჯერ სასვენი ნიშნები აგეთვისებინათ და მერე, ვადამდელი არჩევნების შემდეგ, თითო სამკერდე ნიშანი წარწერით „პარლამენტის ყოფილი წევრი“ ჩვენზე იყოს.

სამკერდე ნიშანი რა... ის ხომ არ ხარ... პამელა ანდერსონი!

მკერდი უკვე თავად არის ნიშანი, თუმცა ვიცი, რომ ჯენიფერ ლოპესი და ხათუნა გოგორიშვილი სასტიკად არ დამეთანხმებიან.

სასვენი ნიშნების სწავლებაზე გამახსენდა.  გასულ კვირაში შესაბამისმა ორგანოებმა დავით კირკიტაძე დაიბარეს, მაგრამ კირკიტაძე ამერიკაშია, სწავლობს. კირკიტაძემ შემოთვალა, საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ ჩამოვალო.

ეგ რომ რამეს ისწავლის, მაშინ გოგა ხაჩიძე ნუგზარ წიკლაურზე ავა.

ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა... „სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე“ - ამტკიცებდნენ ბონდო და ფრიდონ დოლაბერიძეები ფეხბურთისა და მადამ დე პომპადურისაგან თავისუფალ დროს.

მახსოვს, იღლიაში კონსტიტუციაამოჩრილი ზაქარია ქუცნაშვილი ავლაბარში დარბოდა, მარგველაშვილი მუხლებში უნდა განვანათლოო, გასულ კვირაში კი პარლამენტში ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვაზე არ მივიდა - არ მინდა, ჩემი დასწრებით რამე ზეგავლენა მოვახდინოო.

ე ბიჭო, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება, ცოტაც და ლამის მთლ დიდ შვიდეულში მალე ყველგან რაღაც არჩევნები ჩატარდება და ქენით სიკეთე, არ დაასწროთ ქუცნაშვილი, თორემ მერე, ხომ იცით, ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდება და ეგეც არ იყოს, მგონი, ჩვენთანაც ახლოვდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მოისხით მადლი, ნუ დაასწრებთ ქუცნაშვილს, ხომ იცით...

ამ ხნის კაცი მოვიყარე და უკვე ვიცი, რომ არაფერიც არ ვიცი. მაგრამ ეს მე და კოხორა ვართ დებილები, რომ ვერ ვაზროვნებთ, თორემ საქართველოში მოაზროვნეებს რა დალევს? გაჩნდა შანსი, რომ ნანა ყეენიშვილის ნიჭის თაყვანისმცემელი, დავით საგანელიძე „ქართულ ოცნებას“ მოაზროვნეებით აავსებს. მოსიძე და რამე...

ისე, ხალხს ვიცნობ, იმდენი წიგნი აქვთ წაკითხული და ისეთ ინფორმაციებს ფლობენ, მოსიძის მოაზროვნეებს არც დაესიზმრებათ და, თან, ჩემები, მთელი ეს წლები არც პოზიციის დაფიქსირებას მორიდებიან და არც მუშტების ქნევას.

რა ვიცი, რა ვიცი... კარგია, რომ საგანელიძე-მოსიძის ბიჭებმა იციან რა, სად და როდის, მაგრამ ცუდია, რომ არასოდეს უკითხავთ რატომ, რისთვის, ვისთვის და როდემდე.

ეგრე, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ვახტანგ რჩეულიშვილმაც ბევრი რამ იცის, მაგრამ რად გინდა? ა ბატონო, მისი სიტყვები: „ნემცოვის მკვლელობამ დაგვანახა, თუ რა საშიშია პუტინთან ბრძლა, კერძოდ რა საფრთხის ქვეშ ცხოვრობს ბოლო წლებში თუნდაც მიხეილ სააკაშვილი. კარგია, რომ დღეს ის ისევ ოფიციალური პირია და უკრაინა მაინც იცავს. ისევე, როგორც ის იცავს უკრაიანას. ნუ მოვთხოვთ ივანიშვილს გმირობას - პუტინთან შეურიგებელი ბრძოლა სასიკვდილოდ საშიშია. არც ადამიანს ინდობს და არც ქვეყანას. მიხარია, რომ საქართველოში ომი აღარ არის და არავითარი სურვილი არა მაქვს ბრძოლის ეპიცენტრში ისევ საქართველო აღმოჩნდეს. მხოლოდ ის შემიძლია, უსურვო წარმატება უკრაინას და მიშა სააკაშვილს მხეცთან ბრძოლაში. მე ვლოცულობ მათთვის“.

„ვკითხე, ეშინოდა თუ არა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მიპასუხა, რომ პუტინი თავისი გაგებით ცხოვრობს და არ ჰგონია, რომ დიდი ხნით ჩასვან ციხეში. მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ უფრო მეტად მოწამვლის უნდა ეშინოდეს წითელღვინიანი ბოკლით, რომელიც ხელში ეჭირა და არა დაჭერის, მაგრამ როდესაც მის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე“ - ეს, ალბათ მიხვდით,  სააკაშვილის სიტყვებია.

რჩეულიშვილზე და სააკაშვილზე გამახსენდა, რომ გასულ კვირაში საქართველოში იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა, მაგრამ თუ იშვიათობაზე მიდგა საქმე, ერთი მართლაც რომ იშვიათი სათაური უნდა გავიხსენო, რომელიც გასულ კვირაში ჩემმა მეგობარმა სააგენტომ შემოგვთავაზა - „ზურაბ აბაშიძე: თუ ზურაბ აბაშიძე არის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესეც თქვას ხელისუფლებამ“.

მოკლედ, კრამერი კრამერის წინააღმდეგ.

და კიდევ ის, გასულ კვირაში ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ხორვატიის პრეზიდენტს, ქალბატონ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს რომ შეხვდა. ეს შეხვედრა სამკერდე ნიშნებმა გამახსენა. დავით უსუფაშვილიც, ალბათ, სამკერდე ნიშნებზე ფიქრობდა

ჯ.ს.ხ. (ჯერ სად ხართ) ...თან ისე ილანძღებოდა, რომ წინანდელი არაფერი იყო ამასთან შედარებით. (მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი)