ქართველების „დაკა-დაკა“ და... გამშველებელი ვლადო დივაცი

ქართველების „დაკა-დაკა“ და... გამშველებელი ვლადო დივაცი

რამდენჯერმე სუფრაზე სპორტული ჟურნალისტების საზოგადოებაში აღმოვჩნდი და სიმართლე გითხრათ, მათ მიერ მოყოლილი სახალისო ისტორიებით ძალიან ვისიამოვნე.

ცოტა ხნის წინ ერთი ნაცნობის დაბადების დღეზე მივედი და იუბილართან ჩემი კოლეგა კობა ინასარიძეც დამხვდა. კობა ჟურნალისტიკაში რამდენიმე ათეული წელია მოღვაწეობს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უმოგზაურია და რასაკვირველია საინტერესო მოგონებებიც არაერთი გააჩნია. რასაკვირველია შემთხვევით ვისარგებლე, სასურველი რესპონდენტი ხელიდან არ გავუშვი, დავიმარტოხელე და საკვირაო „ისტორიებისთვის“ მისი კურიოზები ჩავიწერე.

ქართველების „დაკა-დაკა“ და... გამშველებელი ვლადო დივაცი

წინა საუკუნის 90-იანი წლების დასასრულია და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრის ჩასატარებლად სერბეთში გაემგზავრა. ქართველები ბელგრადის „პარტიზანს“ უნდა დაპირისპირებულიყვნენ. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ რომ ჩვენმა კლუბმა სტუმრად 0:2 წააგო, შინ კი იმარჯვა 1:0, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ასპარეზობა სერბულმა გუნდმა გააგრძელა.

ჩავფრინდით ბელგრადში. ქვეყანაში შესასვლელი ვიზები აეროპორტში უნდა მიგვეღო. მე იმ ხანად გაზეთ „სარბიელში“ ვმუშაობდი და ამ „პაეზდკაში“ ბათუმური გუნდის დელეგაციის წევრებს შორის ვირიცხებოდი. შევედით აეროპორტის საბაჟო განყოფილებაში და სერბი მესაზღვრეების ლოდინი დავიწყეთ. სანამ თხრობას გავაგრძელებდე ერთ გადახვევასაც გავაკეთებ. იმ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გაზეთში გამოვაქვეყნე ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოს“ კარის დარაჯი ნიკა ტოგონიძე კარიერის გაგრძელებას რუსულ „ცსკა“-ში აპირებდა. რატომღაც ეს „ნიუსი“ აჭარული კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და შურისძიების „ასპარეზად“ მაინცდამაინც ბელგრადის აეროპორტი აირჩია.

თავდაპირველად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი მომიახლოვდა და ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო მწარე საყვედური მითხრა. გუნდის თავკაცს მალე ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი ბაკურაძე შეუერთდა და ჩემთან საჩხუბრად გამოიწია. „ვინ ხარ შენ კაცო, აქ რა გინდა, საიდან მოხვდი ბელგრადში“, -  მკითხა „გაცოფებულმა“ ბაკურაძემ. „განრისხებულ“ ჩინოსანს აუხსნეს რომ „სარბიელის“ ჟურნალისტი გახლდით და მომავალი თამაში უნდა გამეშუქებინა. სამწუხაროდ კონფლიქტი ამით არ ამოიწურა და ბატონი ვიცე-მერი ჩემთან აშკარა ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადმოვიდა. რასაკვირველია მეც არაფერი არ დავაკელი და ქალაქ ბელგრადის აეროპორტის სასაზღვრო ოთახში დიდი ჩხუბი გაიმართა.

საინტერესოა რომ ამ „სევდიან“ ისტორიას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება აქვს. წინა დღეს ათენში, კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულის წოდება სერბეთის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა. ოქროსმედალოსნები სამშობლოში „ქართველთა ჩხუბის“ დროს დაბრუნდნენ და მთელი შემადგენლობით მესაზღვრეთა ოთახს მოაშურეს. დახეთ მათ გაგვირვებას, როდესაც დაინახეს რომ უცხო ეროვნების ხალხი ერთ კინკილა ადამიანს (ანუ მე) დაუნდობლად უსწორდებოდა. ფიქრის დრო არ იყო. მსოფლიოს ჩემპიონები კონფლიქტში ჩაებნენ. მე ბოდიროგამ და ჯორჯევიჩმა გამაშველეს. ვლადო დივაცმა კი ხელი ბათუმის ვიცე-მერს ჩაავლო და იქაურობას მოაშორა.

კონფლიქტი ჩაწყნარდა, მაგრამ დროებით. ბაკურაძემ თბილისელ კალმოსანზე „შური“ მაინც იძია და ქართული დელეგაციის სიიდან პირადად ამომშალა. გუნდი მომლოდინე ავტობუსში დაბინავდა და სასტუმროსკენ გაეშურა, თქვენი ვიზამიუღებელი მონა-მორჩილი კი ბელგრადის აეროპორტში ბედის ანაბარა დატოვა. რა მეღონა. ქვეყანაში ვერ შევდიოდი, სამშობლოშიც ვერ ვბრუნდებოდი. სრულიად უპატრონოს რამდენიმე დღე აეროპორტის ე.წ. „ნეიტრალურ ზოლში“ უნდა გამეტარებინა.

საბედნიეროდ ღმერთმა არ გამწირა და მშველელად სერბეთში დროებით მცხოვრები ქართველი ექიმი გია მარდალეიშვილი მომევლინა. გიამ სერბული ენა ჩინებულად იცოდა, ადგილობრივ მესაზღვრეებს ჩემს შესახებ გაესაუბრა და ცოტა ხანში ვიზის პრობლემაც მომიგვარა.

ქვეყანაში შევედი, თამაშსაც დავესწარი და რედაქციაში მასალაც გამოვგზავნე. სამწუხაროდ ეშმაკს არ ეძინა და ბათუმური გუნდის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მაინც მომიწია.

ბელგრადიდან მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ჩავფრინდით. იქიდან ვნუკოვოს აეროპორტში უნდა გადავსულიყავით და გუნდი ბათუმში, მე კი თბილისში უნდა გადმოვფრენილიყავი.

გაგიკვირდებათ, იმ ხანად „სარბიელი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მისი ყიდვა შერემეტიევიოს აეროპორტშიც შესაძლებელი გახლდათ. ბათუმური გუნდის ერთ-ერთმა მესვეურმა გაზეთი შეიძინა და „აღმოაჩინა“ რომ კობა ინასარიძეს „პარტიზანი“-„დინამოს“ მატჩის მიმოხილვა გაზეთში უკვე გადაუცია და უფრო მეტიც, მისი წერილი პირველ გვერდზე გახლდათ დაბეჭდილი. „ბელგრადული ინციდენტი“ მოსკოვში გაგრძელდა. ვინ მოგცა ნება რომ ბათუმის „დინამოს“ შესახებ სტატიებს აქვეყნებ? „აგრესიული“ კითხვა კიდევ ერთხელ დამისვეს და... კვლავ ფიზიკურად შემეხნენ. მეც უკან არ დავიხიე და საბოლოოდ ჩვენი გაშველება შერემეტიევოს აეროპორტში მყოფ რუსული „ომონის“ თანამშრომლებს მოუწიათ...

„ავტობუსის მძღოლი“

წინა საუკუნის ბოლო წლებია და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მალტაში, ოთხთა ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრა. გუნდს მეც თან ვახლდი. ერთ-ერთ შეხვედრაში ქართველები სლოვენიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. თამაშს რასაკვირველია დავესწარი და ჩემი ყურადღება სტადიონის ტრიბუნაზე განმარტოებით მსხდომმა ერთმა პიროვნებამ მიიპყრო. უცნობს ნორვეგიის წარწერიანი ქურთუკი ეცვა და ბლოკნოტში რაღაცას სრული სერიოზულობით იწერდა. დამაინტერესა და მივუახლოვდი. გაცნობის შემდეგ მისი ვინაობით დავინტერესდი. „ერთი უბრალო ავტობუსის მძღოლი გახლავართ, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ჩემთვის პატარა ჩანაწერებს ვაკეთებ“, - იყო პასუხი. ჩემდა მოულოდნელად „მძღოლი“ ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობდა და გაზეთისთვის მომცრო ინტერვიუც ავიღე.

ვიცოდი რომ იმ ხანად ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეგილ ოლსენი გახლდათ. ეს გუნდი  ევროპის პირველობის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქე გახლდათ. ჩამოვედი თბილისში და სხვა მასალებთან ერთად რედაქციაში „ავტობუსის მძღოლთან“ ჩაწერილი საუბარიც მივიტანე. აღმოჩნდა რომ სანამ მე მალტაში ვიმყოფებოდი, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას ოლსენი თანამდებობიდან მოუხსნია და მის ნაცვლად გუნდის სათავეში ნილს სემბი დაუნიშნავს. კოლეგებმა მისი ფოტოც მანახეს და დახეთ გაკვირვებას, ტრიბუნაზე მჯდომი „მძღოლი“ სწორედ რომ ბატონი სემბი გამომდგარა.

რამდენიმე თვეში ნორვეგიის ნაკრები თბილისში ჩამოვიდა და ჩემი და სემბის შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართა. რასაკვირველია იმ წუთასვე მიცნო, დროის დიდი ნაწილიც დამითმო და გაზეთისთვის ფრიად საინტერესო ინტერვიუც მომცა.

„წარმოგვიდექით“

ეს სახალისო ისტორია ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს შორის დღემდე დიდი „პოპულარობით“ სარგებლობს.

ერთხელ ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე პრესკონფერენციაზე ვერ მოვიდა და მის ნაცვლად იმ დროს ჟურნალისტებისთვის ჯერ კიდევ უცნობი საკუთარი თანაშემწე გიორგი ყიფშიძე გამოგზავნა.

დაიწყო ყიფშიძემ ლაპარაკი და ჩემმა კოლეგამ მიშა აბაიშვილმა გააჩერა - თუ შეიძლება, წარმოგვიდექითო... და ყიფშიძე ფეხზე წამოდგა...

„ბულგარელი ლეგიონერი“

ერთი პერიოდი თბილისის „დინამოში“ დიმიტრი პარამონოვი თამაშობდა. გვარის მიუხედავად დიმიტრი ძირძველი თბილისელი გახლდათ.

ერთხელაც „დინამოს“ მორიგი თამაშია და ერთმა „სპორტისგან შორს მყოფმა“ კოლეგამ გაკვირვებულმა გვკითხა, - ერთი მითხარით ეს პარამონოვი ვინ არის და „დინამოში“ საიდან აღმოჩნდაო. ჩვენ ხუმრობის ხასიათზე ვიდექით და ვუპასუხეთ რომ დიმიტრი ეროვნებით ბულგარელია, სოფიის „ლევსკი სპარტაკში“ ასპარეზობდა და ცოტა ხნის წინ ქართულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეორე დილით ერთი ცნობილი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა: „თბილისის „დინამოში“ ბულგარელი ლეგიონერი ჩაირიცხა“.